აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარის, კონგრესმენ ჯო უილსონის განცხადებით, რუსული კანონი „ქართული ოცნების“ ანტიდემოკრატიული კურსისთვის „აისბერგის მხოლოდ წვერია“.
ამის შესახებ მან დღეს, 4 ივნისს, აშშ-ის კონგრესში ჰელსინკის კომისიის სხდომაზე განაცხადა, სადაც საქართველოს საკითხზე გაიმართა მოსმენა, სახელწოდებით „საქართველოს სუვერენიტეტისა და დემოკრატიის მხარდაჭერა“.
როგორც ჯო უილსონმა აღნიშნა, საქართველოში მიღებული რუსული კანონის მიზანი აშკარაა – დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის სტიგმატიზება და მათთვის ძირის გამოთხრა.
„უფრო უარესი ისაა, რომ ეს „უცხოური აგენტების კანონი”, როგორც ჩანს, მთავრობის ანტიდემოკრატიული გადახვევის აისბერგის მხოლოდ წვერია“, – განაცხადა ჯო უილსონმა და იქვე გაიხსენა მმართველი გუნდის მიერ მიღებული სხვა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც, მისი თქმით, ცესკოს დამოუკიდებლობას ანადგურებს და სასამართლო სისტემის საბოლოოდ ხელში ჩაგდებას ემსახურება.
როგორც ჯო უილსონმა აღნიშნა, პუტინისტური კანონის მიღებით „ქართულმა ოცნებამ” ღიად განაცხადა უარი ქართველი ხალხის ევროატლანტიკურ არჩევანზე.
ჯო უილსონმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ აშშ-სა და საქართველოს შორის არსებული ძლიერ კავშირი სწორედ „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში გახდა თავდასხმის საგანი.
როგორც კონგრესმენმა განაცხადა, ის მიესალმა სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას მმართველი გუნდის წევრებისთვის სავიზო აკრძალვასთან დაკავშირებით და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ სანქციები უნდა დაუწესდეთ, ვინც ძირს უთხრის საქართველოს დემოკრატიას და ახორციელებს რეპრესიებს საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ.
რესპუბლიკელი კონგრესმენი უილსონი ამავდროულად არის საქართველოს შესახებ MEGOBARI აქტის ინიციატორი.
დღევანდელ სხდომაზე საქართველოს შესახებ ინფორმაცია მოისმინეს სამოქალაქო საზოგადოების ფონდის ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერ ვანო ჩხიკვაძისგან, „ჩათამ ჰაუსის“ უფროსი მკვლევრისა და ევროკავშირში საქართველოს ყოფილი ელჩის, ნატალი საბანაძისგან და შეერთებული შტატების ყოფილი ელჩისგან საქართველოში უილიამ კორტნისგან.
მათ ისაუბრეს რუსული სტილის უცხოელი აგენტების კანონის მიღებასა და თანმდევ დემოკრატიულ უკუსვლაზე საქართველოში.