საქართველოს საკითხს განიხილავენ ჰელსინკის კომისიაში, რომლის თავმჯდომარე ამავდროულად არის MEGOBARI აქტის ინიციატორი კონგრესმენი ჯო ვილსონი.
სხდომაზე საქართველოს შესახებ ინფორმაცია მოისმინეს სამოქალაქო საზოგადოების ფონდის ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერ ვანო ჩხიკვაძისგან, „ჩათამ ჰაუსის“ უფროს მკვლევრისა და ევროკავშირში საქართველოს ყოფილი ელჩის ნატალი საბანაძისგან და შეერთებული შტატების ყოფილ ელჩისგან საქართველოში უილიამ კორტნისგან.
მათ ისაუბრეს რუსული სტილის უცხოელი აგენტების კანონის მიღებასა და თანმდევ დემოკრატიულ უკუსვლაზე საქართველოში.
„ჩემი ქვეყანა და ჩემი ხალხი ახლა დგას გზაჯვარედინზე. საქართველო ან გააგრძელებს თავის სწრაფვას, ერთიანი ევროპის ნაწილი გახდეს, ან კიდევ ერთხელ იქცევა რუსეთის უკანა ეზოდ, როგორც ეს საბჭოთა კავშირში იყო“, — განაცხადა ვანო ჩხიკვაძემ.
მან ხაზი გაუსვა, რომ ქართველი ხალხი ირჩევს თავისუფლებას და ევროპას, თუმცა მმართველ „ქართულ ოცნებას“ მათი არ ესმის.
ჩხიკვაძის თქმით, მაღალია საფრთხე, რომ მიმდინარე არჩევნები ჩატარდება კრიტიკული მედიის, დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოებისა და ადგილობრივი დამკვირვებლების გარეშე.
„კანონი სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტებს მოღალატეებად და უცხოელ აგენტებად შერაცხავს. კანონის ოფიციალურად ამოქმედებამდეც კი ბევრი მშვიდობიანი მომიტინგე სახელმწიფო ტერორის პირისპირ აღმოჩნდა“, — განაცხადა ჩხიკვაძემ.
მან იმედი გამოთქვა, რომ MEGOBARI Act უახლოეს პერიოდში იქნება მიღებული
„ყოველ წუთს მნიშვნელობა აქვს, როცა საქმე ეხება საქართველოს დემოკრატიის გზიდან გადახვევის შეჩერებას. სასწორზე ბევრი რამ დევს. ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა იქნება, თუ საქართველოს ამერიკელი მეგობრები ახლა არ იმოქმედებენ. ვაფასებთ ყველა განცხადებას, მაგრამ ამავდროულად გჭირდება კონკრეტული ნაბიჯები, რომელიც შეაჩერებს საქართველოს მთავრობას რუსეთის ორბიტაზე დაგვაბრუნოს“, — განაცხადა ჩხიკვაძემ.
საქართველოს ყოფილმა ელჩმა ევროკავშირში ნატალი საბანაძემ თქვა, რომ ქართული ოცნების რეჟიმი „აღადგენს სტილისტურ სახელმძღვანელოს და ნადირობს მოღალატე აგენტებზე ქვეყნის შიგნით და გლობალურ მტრებზე — გარეთ“.
„დღევანდელ საქართველოში დემოკრატია განადგურებულია საპარლამენტო უმრავლესობის მიერ. ერთი არაანგარიშვალდებული კაცის დავალებით უმრავლესობა ცვლის საქართველოს გრძელვადიან საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებს. ანადგურებს 30- წლიან მეგობრობას და პარტნიორობას. მმართველი რეჟიმი არღვევს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების დიდი ხნის „ოცნებას“. როგორც ორუელისეულ დისტოპიაში, ქართველებს ეუბნებიან, რომ მეგობრები არიან მტრები, რომლებსაც სურთ ომი და ნგრევა, ხოლო მტრები, რომლებსაც ოკუპირებული აქვთ ჩვენი ტერიტორიები, აღარ წარმოადგენს საფრთხეს“, — განაცხადა საბანაძემ.
მისი თქმით, არაერთი საერთაშორისო ავტორიტეტული დასკვნის მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლება იმეორებს, რომ ერთი არგუმენტი არ მოუსმენიათ კანონის წინააღმდეგ. .
საბანაძემ ხაზი გაუსვა, რომ რუსული კანონი სიმპტომია და არა მთავარი მიზეზი არსებული პოლიტიკური კრიზისის და საქართველო არ არის გამონაკლისი, რამეთუ ავტოკრატიული რეჟიმები რუსეთიდან ვენესუელამდე იღებენ მსგავს კანონებს, რათა საკუთარი თავი აღჭურვონ რეპრესიის ლეგალური ინსტრუმენტებით, გაანადგურონ სამოქალაქო საზოგადოება და მოიპარონ არჩევნები არა მხოლოდ არჩევნების დღეს, არამედ თვეებით და წლებით ადრე.
„საქართველოს მთავრობა შეუერთდა ანტილიბერალურ, ანტიდასავლურ აჯანყებას, რომელსაც რუსეთი ხელმძღვანელობს“, — განაცხადა საბანაძემ და დასძინა, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული რუსული კანონი გლობალური დევესტერნიზაციის პოლიტიკის ნაწილია.
მისი თქმით, საქართველოს მთავრობა და ხალხი სხვადასხვა მხარეს დგანან, გამომდინარე აქედან ქვეყანა იმსახურებს მხარდაჭერას, თუმცა უნდა დაისაჯონ ინდივიდები, რომლებმაც თავიანთი ჩრდილოვანი ბიზნესგარიგებების გამო გადაწყვიტეს საქართველოს ქცევად რუსეთის ნაცრისფერ ზონად.
„ეს გლობალური ბრძოლის ნაწილია. თუ მსოფლიო კიდევ ერთხელ უნდა გაიყოს ახალი რკინის ფარდით, დაგვეხმარეთ ჩვენს ბრძოლაში, კიდევ ერთხელ არ აღმოვჩნდეთ არასწორ მხარეს“, — დასძინა ნატა საბანაძემ.
აშშ-ის ყოფილმა ელჩმა საქართველოში უილიამ კორტნიმ თქვა, რომ აშშ-ისა და საქართველოს ურთიერთობები კიდევ უფრო გაუარესდება, თუ საქართველოს ხელისუფლება გააყალბებს არჩევნებს.
