პროგრამა PFCCS (Pediatrique Fundamental Critical Care Support) კრიტიკულად ავადმყოფი ბავშვების მკურნალობის გაუმჯობესებას ითვალისწინებს და მისი მიზანი ნეონატოლოგიასა (მეცნიერება ახალშობილთა ჯანმრთელობის, ფიზიოლოგიისა და პათოლოგიის შესახებ) და პედიატრიაში თანამედროვე მეთოდების დანერგვაა. ამ პროგრამის განხორციელება საქართველოში 2012 წელს დაიწყო.
ბოლო ტრენინგი PFCCS პროგრამის ფარგლებში, მეიოს კლინიკის ექსპერტებმა დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტისა და “სამედიცინო კორპორაცია ევექსის“ ერთობლივ ტრენინგ-ცენტრში ივნისის დასაწყისში ჩაატარეს. ტრენინგში ქართველ ექიმებთან ერთად სტუდენტებიც მონაწილეობდნენ. ერთკვირიანი კურსის თემა კვლავ კრიტიკულად ავადმყოფი ბავშვების მკურნალობის გაუმჯობესება და ქართველი ექიმების ამავე კურსის ტრენერებად მომზადება იყო.
“ეს არ არის მარტო მეიოს კლინიკის კურსი, ეს არის კრიტიკული მედიცინის საზოგადოების მიერ შექმნილი კურსი, რომლის განახლებაც მუდმივად ხდება ახალი გაიდლაინების და ახალი ალგორითმების გამოყენებით. ამ კურსში ისწავლება კრიტიკულად ავადმყოფი პაციენტის ამოცნობა, საწყისი გადაუდებელი მკურნალობა, ასევე ის, თუ როგორ უნდა იმუშაოს გუნდმა ერთად, რომ წარმატებით მართონ პაციენტი. ეს ტრენინგი წარმატებული გამოდგა შეერთებულ შტატებში და, ჩვენი აზრით, წარმატებული იქნება საქართველოშიც”, – განაცხადა პროგრამის ტრენერმა, პედიატრმა და პედიატრიული ინტერნსიური თერაპიის ექიმმა შერი ს. ქროუმ, რომელიც მეიოს კლინიკაში პედიატრიული კრიტიკული მედიცინის განყოფილებაში მუშაობს.
ბოლო ტრენინგის ფარგლებში, ამ კურსის ტრენერობის უფლება, მეიოს კლინიკის ეგიდით, ხუთ ქართველ ექიმს მიენიჭა.
“ეს არის პირველი შემთხვევა, როცა ამერიკის შეერთებული შტატების გარეთ ჩამოყალიბდა ტრენერების ჯგუფი, რომლებიც უკვე თავიანთ ქვეყანაში თვითონ ჩაატარებენ ამ ტრენინგებს. ასე რომ, საქართველო არის ერთ-ერთი პირველი, ვინც ამ საგანმანათლებლო პროგრამაში წარმატებით ჩაერთო. ინსტრუქტორები აქ უკვე ოფიციალური ინსტრუქტორები არიან და მათ აშშ-იც ექნებათ ამ კურსის ჩატარების უფლება”, – აღნიშნა შერი ს. ქროუმ.
ერთ-ერთი იმ ხუთი ექიმიდან, რომელიც PFCCS პროგრამის კურსს სხვა ექიმებს უკვე თავად ჩაუტარებს, მ. იაშვილის სახელობის საავადმყოფოს ბავშვთა რეანიმაციის განყოფილების ექიმი რეანიმატოლოგ-ანესთეზიოლოგი გიორგი კვიცინაძეა.
მისი შეფასებით, ეს არის უახლესი ლიტერატურით აღჭურვილი და კარგად ორგანიზებული კურსი, თუ როგორ უნდა მართოს კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტი თუნდაც არაკრიტიკული მედიცინის ექიმმა.
„ ვისწავლეთ, ზუსტად როგორ უნდა მოვიქცეთ, ორგანიზებულად როგორ უნდა ვმართოთ მძიმე პაციენტი, გუნდურად როგორ ვიმუშაოთ ექსტრემალურ სიტუაციებში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს კურსი გაიარონ მოზრილთა ექიმებმაც, რომლებსაც შეხება არ აქვთ ბავშვებთან. ამ კურსის გავლის შემდეგ მათ ეცოდინებათ, როგორ უმკურნალონ ჩვილ ბავშვს საწყის ეტაპზე, საწყის საათებში, სანამ ეს ბავშვი პედიატრის ხელში მოხვდება“, – განაცხადა კვიცინაძემ.
მეიოს კლინიკის ექსპერტების მიერ ჩატარებულ სასწავლო კურსს სტუდენტებიც ეწსრებოდნენ. მათი უმრავლესობა დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტია.
„ტვილდიანის უნივერსიტეტი ძალიან ჩართულია ამ პროგრამაში. რამდენჯერაც ეს კურსი ჩავატარეთ, ტვილდიანის უნივერსიტეტის სტუდენტები იღებდნენ ხოლმე მონაწილეობას და მეიოს ექიმებიც ყოველთვის აღფრთოვანებულები იყვნენ იმით, რომ ამ ასაკის სტუდენტებს ამხელა ცოდნა აქვთ. ეს სტუდენტები არიან ერთ-ერთი პირველები, ვინც ეს კურსი გაიარა საქართველოში“, – ამბობს კვიცინაძე, რომელსაც თავადაც დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტი აქვს დამთავრებული.
PFCCS პროგრამის დანერგვა საქართველოში 2012 წელს დაიწყო. მეიოს კლინიკის ექსპერტები პერიოდულად ჩამოდიოდნენ საქართველოში, სწავლობდნენ ქვეყანაში ნეონატოლოგიისა და პედიატრიის კუთხით არსებულ სიტუაციას და ამზადებდნენ რეკომენდაციებს.
“მათ რამდენიმე ვიზიტის განმავლობაში შეაფასეს ჩვენს ქვეყანაში არსებული სიტუაცია ნეონატოლოგიის თვალსაზრისით, ნახეს ის პრობლემები, რაც აქვს ქართულ ნეონატოლოგიას. ამ შეფასების შემდეგ გამოირკვა პრიორიტეტები და დაისახა გადაჭრის გზები. მათი რეკომენდაციით, მაგალითად, ქუთაისში განხორციელდა ახალშობილთა მკურნალობის თანამედროვე მეთოდების დანერგვა, კერძოდ, ეს არის ჰიპოთერმის მეთოდი. უნდა ითქვას, რომ “სამედიცინო კორპორაცია ევექსმა” საკმაოდ დიდი ხარჯი გასწია ამ რეკომენდაციების შესასრულებლად და დღეს უკვე ქუთაისში და მომავალში თბილისშიც საშუალება იქნება გადავარჩინოთ და ვუმკურნალოთ ისეთ პაციენტებს, რომლებიც დაიბადნენ ღრმა ასფიქსიაში ანუ ჟანგბადის უკმარისობით”, – განაცხადა “სამედიცინო კორპორაცია ევექსის” დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დეპარტამენტის დირექტორმა, ასევე დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტის ანესთეზია-რეანიმაციის ასოცირებულმა პროფესორმა, დავით ციბაძემ, რომელიც წლებია ამ კურსის განხორციელების ერთ-ერთი ორგანიზატორია საქართველოში.
მეიოს კლინიკის ექსპერტთა ბოლო ვიზიტის ორგანიზებაში ძალიან დიდ მონაწილეობა მიიღო, როგორც “სამედიცინო კორპორაცია ევექსმა”, ისე დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტმა და ფონდმა “ღია საზოგადოება საქართველომ”, რომელმაც პროექტს ფინანსური მხარდაჭერა გაუწია.