დღეს მედიასთან კომენტარი სამმა ახლად არჩეულმა პროკურორმა გააკეთა.
მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის სამმართველოს უფროსის, ნათია სონღულაშვილის განცხადებით, კანონით გათვაიოსწინებულ კრიტერიუმებთან ერთად, მთავარი პროკურორის არჩევისას მისი ერთ-ერთი მთავარი პრინციპი იქნება, რომ კანდიდატი ძალიან კარგად უნდა იცნობდეს პროკურატურის სისტემას
“უნდა იცოდეს პროკურორების და გამომძიებლების საჭიროებები, უნდა ჰქონდეს პროკურატურის განვითარების ძალიან მკაფიო ხედვა და, რა თქმა უნდა, არ უნდა იყოს უცხო სხეული მთავარი პროკურატურისათვის,”- განაცხადა ნათია სონღულაშვილმა
მთავარი პროკურატურის დეპარტამენტის პროკურორმა გიგა ძნელაძემ კი განაცხადა, რომ მისთვის მთავრი პრინციპი იქნება პროკურორობის კანდიდატის მიერ სისტემის კარგად ცოდნა, სისტემის ფუნქციონირებისათვის მყარი ხედვის ქონა, დამოუკიდებლობა, ასევე, პროკურორთა და გამომძიებელთა ინტერესების მაქსიმალურად გათვალისწინება.
გიგა ძნელაძის განცხადებით, საბჭოში პროკურორები წარმოდგენილნი არიან 8 წევრით (საპროკურორო საბჭოში სულ 15 წევრია) და სწორედ პროკურორების აზრზე ბევრად არის დამოკიდებული, რომ საბჭომ ან დადებითი, ან უარყოფითი გადაწყვეტილება მიიღოს კონკრეტული კანდიდატის შემთხვევაში.
“რა თქმა უნდა, ჩვენ შერჩეული ვართ იმ პრინციპით, რომ მაქსიმალურად გავითვალისწინოთ ყველა თანამშრომლის, ყველა კოლეგის ინტერესი და, რა თქმა უნდა, ჩვენს მიღებულ გადაწყვეტილებას ექნება გავლენა მთავარი პროკურორის დანიშვნაზე.”
მისი განცხადებით, საბჭოს არსებობა ნიშნავს იმას, რომ აირჩევა დამოუკიდებელი ადამიანი, რომელმაც, პარლამენტის დამტკიცების შემთხვევაში, 6 წლის განმავლობაში სრულად უნდა წარმართოს მთავარი პროკურატურის მუშაობა
“აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ ამ დამოუკიდებლობისა და თუნდაც პოლიტიკური გავლენების თავისუფლების კუთხით საბჭო არის წინ გადადგმული ნაბიჯი,”- განაცხადა მან.
თბილისის პროკურორის მოადგილემ, გიორგი გაბოძემ კი აღნიშნა, რომ მთავარი პროკურორი კარგად უნდა იცნობდეს სისტემას და პოკურატურის მუშაობის სპეციფიკა უნდა იცოდეს. მისი განცხადებით, სამართლიანია, რომ პროკურორები საბჭოს ნახევარზე მეტს შეადგენენ:
“მთავარი პროკურორი არის ადამიანი, ვინც ხელმძღვანელობს პროკურატურის სისტემას, შესაბამისად, პირველ რიგში, იგი მისაღები უნდა იყოს პროკურატურის თანამშრომლებისთვის. პროკურატურის სისტემა არის სპეციფიკური სისტემა. ძალიან პატარა სისტემაა და, შესაბამისად, პროკურორებიც არიან ადამიანები, ვისაც მკვეთრად ჩამოყალიბებული თავისი შეხედულებები აქვთ და არ არიან ადვილად და მარტივად სამართავი ადამიანები. შესაბამისად, მათი უფროსი უნდა იყოს ის, ვინც მათ სურთ, თუ უნდა, რომ ეფექტური მენეჯმენტი განახორციელოს. თუ პროკურორების სურვილი არ იქნება, რომ კონკრეტული კანდიდატი გახდეს მათი ხელმძღანელი, ასეთ კანდიდატს გაუჭირდება მთავარი პროკურორობა და იმ ფუნქციის შესრულება, რაც მას დაეკისრება,”- ამბობს გიორგი გაბოძე.
პრკურორთა კონფერენციამ დღეს, 20 ოქტომბერს, საპროკურორო საბჭოს იმ 8 წევრიდან, რომელსაც პროკურორთა კონფერენცია ირჩევს, 6 წევრი აირჩია, დანარჩენ 2-ს კი ხვალ აირჩევენ.
საპროკურორო საბჭოს 20 ოქტომბერს არჩეული წევრები არიან: მთავარი პროკურატურის დეპარტამენტის პროკურორი გიგა ძნელაძე (391 ხმით), მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის სამმართველოს უფროსი ნათია სონღულაშვილი (378 ხმით), მთავარი პროკურატურის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე გოჩა ფარულავა (381 ხმით), რუსთავის რაიონული პროკურორი კონსტანტინე სირაძე (337 ხმით), თბილისის პროკურატურის პროკურორი ანა კალანდაძე (362 ხმით), თბილისის პროკურორის მოადგილე გიორგი გაბოძე (359 ხმით).
საპროკურორო საბჭო, რომელიც 15 წევრისგან შედგება, ნიშნავს მთავრ პროკურორს. იუსტიციის მინისტრის მიერ წარდგენილ მთავარი პროკურორის კანდიდატურებს საპროკურორო საბჭოს სხდომაზე კენჭი ცალ-ცალკე ეყრებათ. დამტკიცებულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მეტ ხმას მიიღებს, მაგრამ არანაკლებ საპროკურორო საბჭოს წევრთა 2/3-ისა.