ახალი ამბები

თსუ-ს სტუდენტურმა თვითმმართველობამ უნივერსიტეტის პრობლემები აქციით გააპროტესტა

20 ოქტომბერი, 2015 •
თსუ-ს სტუდენტურმა თვითმმართველობამ უნივერსიტეტის პრობლემები აქციით გააპროტესტა

სტუდენტური თვითმმართველობა დოქტორანტურის სტუდენტებისათვის სწავლის გადასახადის მოხსნას, ინფრასტრუქტურისა და ჰიგიენური პირობების მოწესრიგებას, ადმინისტრაციის რეორგანიზებას, ბიუჯეტის გადახედვას, უღირსი და არაპროფესიონალი ლექტორების უნივერსიტეტიდან დათხოვნას, ლიტერატურის თარგმნასა და ინგლისური ენის სწავლების დაწყებას სერიოზულ დონეზე, ტენდერებისა გამჭვირვალობას, უნივერსიტეტის დეცენტრალიზებასა და გადაწყვეტილებების მიღებისას სტუდენტების მეტ ჩართულობას ითხოვენ.

 

აქცია სახელწოდებით “სტუდენტების ბრძოლა უნივერსიტეტის გადასარჩენად” გუშინ საღამოს Facebook-ით დაიგეგმა, მას შემდეგ, რაც სტუდენტური თვითმმართველობის შეხვედრამ უნივერსიტეტის რექტორ ვლადიმერ პაპავასთან ხმაურის ფონზე ჩაიარა.

 

სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ რექტორისაგან კონკრეტულ კითხვებზე ადეკვატური პასუხები ვერ მიიღეს.



“დიდი მცდელობის მიუხედავად, მოლაპარაკებების გზით მოგვეგვარებინა უნივერსიტეტში არსებული პრობლემები, მოვლენათა განვითარებამ აჩვენა, რომ არჩეული გზა უშედეგოა, შესაბამისად, საუნივერსიტეტო საზოგადოება ითხოვს ქმედით ნაბიჯებს, რითაც აიხსნება ჩვენი მოქმედების ხასიათის ცვლილება,” – ამბობენ აქციის ორგანიზტორები.



თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტის შალვა საბაურის განცხადებით, აქციის მიზანი მხოლოდ რექტორის გადაყენება არ არის.



“ბიუროკრატიული სქემა, რომელიც უნივერსიტეტში არის დამკვიდრებული, ხელს უშლის უბრალოდ მარტივ განვითარებას. ძირეული ცვლილებების მოხდენა არის შეუძლებელი ფაქტობრივად. ამიტომ ეს ყველაფერი უნდა შეიცვალოს,” – განაცხადა თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტმა, შალვა საბაურმა.


საბაური ამბობს, რომ სტუდენტები ნაკლებად არიან ჩართული აკადემიურ პროცესში. ასევე, სტუდენტების რაოდენობა ფაკულტეტის საბჭოში არის მაქსიმუმ 10 ადამიანი, რის გამოც სტუდენტების ხმა იკარგება.


სტუდენტური თვითმმართველობის აქციას სკეპტიკურად უყურებს სტუდენტების ნაწილი. ოპოზიციურად განწყობილმა სტუდენტების ჯგუფმა 14 სექტემბერს აქცია მოაწყო სახელწოდებით “სტუდენტები განათლების პოლიტიკის წინააღმდეგ.”

 

იმის მიუხედავად, რომ მათაც თითქმის იდენტური მოთხოვნები აქვთ, სტუდენტმა, ერეკლე გოგოლაძემ განაცხადა, რომ დღევანდელ აქციას წინა აქციის მონაწილე ჯგუფი არ შეურთდება, რადგან სტუდენტური თვითმმართველობა არასდროს მდგარა მსგავსი პრობლემების დროს სტუდენტების გვერდით და დღევანდელ აქციას პოლიტიკური ჭრილით განიხილავს.



“უკვე რამდენიმე წელია, არსებობს სტუდენტური მოძრაობები, რომლებსაც ეს პრობლემები საჯარო სივრცეში გამოაქვთ და ამ ხნის განმავლობაში სტუდენტური თვითმმართველობა არასდროს დამდგარა მათ გვერდით, მიუხედევად იმისა, რომ როგორც დღეს აღმოჩნდა, თურმე მათ ერთმანეთის მსგავსი მოთხოვნები ჰქონდათ. თვითმმართველობის გააქტიურების უკან მე ვხედავ პოლიტიკურ სარჩელს და ისინი პრობლემის აღმოფხვრის მთავარ გზას რექტორის გადადგომაში ხედავენ,” – განაცხადა ერეკლე გოგოლაძემ.


თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ბაკალავრიატის მეოთხე კურსის სტუდენტი, ნათია ქარჩილაძე 14 სექტემბერს გამართული აქციის ორგანიზატორია. მისი აზრით, რექტორთან დაპირისპირება გამოიწვია იმან, რომ სტუდენტურ თვითმმართველობას შეუწყვიტეს დაფინანსება.



უნივერსიტეტის პრესსამსახურში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ რექტორი არ იმყოფება ამჟამად თსუ-ში და წასულია კონფერენციაზე. რექტორის გარდა სხვას არავის შეუძლია ამ კონკრეტულ თემაზე გააკეთოს განცხადება.



კითხვაზე, რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუკი უნივერსიტეტისგან ვერ მიიღებენ უკურეაქციას, შალვა საბაურმა განაცხადა, რომ ვერანაირი ძალა ვერ შეაკავებს სტუდენტურ მოძრაობას.

სტუდენტების აქცია თსუ-ში. 20.10.2014
სტუდენტების აქცია თსუ-ში. 20.10.2014

მასალების გადაბეჭდვის წესი