ახალი ამბები

“ქალი შრომობდა, მამაო ჯიპიდან ჭკუას არიგებდაო” – პროტესტი საპატრიარქოსთან [Video]

20 ოქტომბერი, 2015 • • 1111
“ქალი შრომობდა, მამაო ჯიპიდან ჭკუას არიგებდაო” –  პროტესტი საპატრიარქოსთან [Video]

“თითქმის ყოველთვიურად თავს გვახსენებს ხოლმე პატრიარქის მიზოგენური განწყობები, რომელიც არის საკუთარი მრევლისადმი მიმართული და რომელიც ქალთა საკმაოდ მძიმე მდგომარეობას საქართველოში კიდევ უფრო ამძიმებს. სამწუხაროდ, ის ჯერ კიდევ შეურყეველი მორალური ძალა და სიმბოლოა ქართველი ხალხისთვის. მის ქადაგებებს ყურს უგდებს და ითვალისწინებს უამრავი ადამიანი”, – ამბობს აქციის მონაწილე თეო ხატიაშვილი.

 

“ვაპროტესტებ პატრიარქის 18 ოქტომბრის განცხადებას, სადაც ის მიგრანტ ქალებს უწოდებს მანკიერ ადამიანებს, აკნინებს მიგრანტი ქალების შრომას და ამბობს, რომ მათ მიატოვეს ოჯახები. მოვუწოდებთ მას, რომ შეწყვიტოს მსგავსი ტიპის სიძულვილის კამპანია ქალების მიმართ იმიტომ, რომ ეს არ არის პირველი განცხადება, სადაც ის ქალების შრომას და ზოგადად ქალებს აკნინებს, იმიტომ, რომ ეს არის ძალიან საფრთხის შემცველი იმ საზოგადოებაში, სადაც ძალადობის სტატისტიკა და ქალთა მკვლელობების სტატისტიკა გვაქვს ძალიან მაღალი”, – ამბობს იდა ბახტურიძე, აქციის მონაწილე.

 

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა ილია მეორემ 18 ოქტომბრის საკვირაო ქადაგებაზე უცხოეთში მცხოვრებ ქალებს საქართველოში დაბრუნებისა და აქ შრომისაკენ მოუწოდა. როგორც პატრიარქი აცხადებს, საზღვარგარეთ სამუშაოდ წასვლა მანკიერი წესია და შეუძლებელია საქართველოში ადამიანი უსამსახუროდ დარჩეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი