სადაზღვევო პოლისები კომპანია „უნისონს“ ეკუთვნის, რომლის შერჩევაც, იუსტიციის სახლის ცნობით, საჯაროდ გამოცხადებული კონკურსის საფუძველზე განხორციელდა. საჯარო რეესტრის მონაცემებით, უნისონის წილის 100 პროცენტს აბსოლუტ ჰოლდინგია, რომელიც სააქციო საზოგადოებაა. ამ უკანასკნელის დირექტორი სოფიო ბერაიაა, ხოლო უნისონის – ვასილ ახრახაძე.
“თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებას იუსტიციის სახლსა და კომპანია „უნისონს“ შორის დღეს მოეწერა ხელი. იუსტიციის სახლში პასპორტის ასაღებად მოსულ მომხმარებელს ოპერატორი სამოგზაურო დაზღვევის პოლისსაც შესთავაზებს, თუმცა პოლისის მიღება ნებისმიერ სხვა მომხმარებელსაც შეუძლია. „უნისონის“ სამოგზაურო დაზღვევა ორნაირია და მოიცავს, როგორც სამოგზაუროდ საჭირო რაოდენობის დღეების დაზღვევას, რომლის ღირებულებაც დღეში 0.74 თეთრია, ისე ერთწლიან მულტიპოლისს, რომელიც 65 ლარი ეღირება.
ინოვაციურ სერვისზე მუშობა იუსტიციის სახლში უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს. მოსამზადებელი სამუშაოებისას დეტალურად გაიწერა მომსახურების პროცედურა და სხვა ისეთი ბიზნესპროცესები, რაც იუსტიციის სახლისთვის ჩვეული ხარისხიანი მომსახურების გაწვევისთვის არის საჭირო. იუსტიციის სახლში კომპანია „უნისონის“ სამოგზაურო დაზღვევის შეძენა შეუძლია ყველა მომხმარებელს, მათ შორის უცხოელებსაც . პოლისის მისაღებად კი მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი ნებისმიერი დოკუმენტის წარდგენაა აუცილებელი. ამასთანავე, კომპანია „უნისონი“ იუსტიციის სახლის მომხმარებელს დამატებით მომსახურებასაც შესთავაზებს, მათ შორის: ბარგის დაკარგვა/დაგვიანებით გამოწვეული ზარალის ანაზღაურება, პასპორტის დაკარგვის შედეგად დამდგარი ზარალის ანაზღაურება, დაზღვეულის ოჯახის წევრის გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული ვიზიტის ხარჯების ანაზღაურება და თვითმფრინავის ბილეთის გაუქმების რისკის დაზღვევა”, – აცხადებენ იუსტიციის სამინისტროში.