საქართველოში მიმდინარე პროცესებსა და გამჭვირვალობის შესახებ კანონთან დაკავშირებით ლიეტუვის მხარის პოზიციისა და ქმედებების თაობაზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს ლიეტუვის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ანდრიუს კალინდრა.
საგარეო უწყების ცნობით, საქართველოს მხარემ ელჩს განუმარტა, რომ ლიეტუვის ოფიციალური პირების მიერ ბოლო პერიოდში გაკეთებული განცხადებები, ისევე როგორც საპროტესტო აქციაზე ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის მონაწილეობა, ასევე გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღების გამო ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს ელჩის დაბარება წარმოადგენს ქვეყნის შიდა საქმეებში უხეშ ჩარევას და არ შეესაბამება ორ ქვეყანას შორის ტრადიციულად არსებულ მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებს.
„შეხვედრაზე მხარეებმა გამოთქვეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების პოზიტიურ დღის წესრიგში დაბრუნების იმედი და გამოითქვა მზაობა, ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროებმა განაგრძონ თანამშრომლობის მიმდინარე დღის წესრიგზე მუშაობა“, — აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი თბილისში მიმდინარე აქციაზე 15 მაისს მივიდა.
30 მაისს, მას შემდეგ, რაც პარლამენტმა ე.წ. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია, ვილნიუსში, ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს ელჩი დაიბარეს და დააფიქსირეს შეშფოთება თბილისში შექმნილი სიტუაციის გამო.
როგორც ლიეტუვის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, მათ ღრმა მწუხარება გამოთქვეს “ქართული ოცნების” იმ ნაბიჯების გამო, რომლებიც სამოქალაქო საზოგადოების აქტივობების შეზღუდვისკენ არის მიმართული.








