ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა ამბობს, რომ მხარს არ უჭერს ევროპარლამენტის ზოგიერთი წევრის მოწოდებას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის შეჩერების შესახებ, მიიჩნევს რა, რომ ასეთი ნაბიჯი მთავრობის მოწინააღმდეგე სამოქალაქო საზოგადოებას იმედს გაუცრუებს.
ნაუსედას მიერ ვილნიუსში, ჟურნალისტებთან გაკეთებულ კომენტარს ლიეტუვის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
„კანდიდატის სტატუსი მხოლოდ ერთი ნაბიჯია ევროინტეგრაციის კიბეზე. არ ვფიქრობ, რომ ახლა უნდა წამოვიწყო ისეთი რამ, რაც საქართველოს უკან დახევს, რადგან ეს, ალბათ, დიდ იმედგაცრუებას გამოიწვევს სამოქალაქო საზოგადოებაში, რომელიც ამჟამად ქუჩაში გამოდის და პროტესტს გამოხატავს“, — განაცხადა ლიეტუვის პრეზიდენტმა.
გიტანას ნაუსედამ „ოცნების“ ინიციირებული კანონპროექტი შეაფასა „რუსული კულტურის, რუსული Modus operandi-ს („მოქმედების ხერხი“ — ლათ.) ქართულ სივრცეში გადატანად“.
„ის უკან ხევს საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე. ამ გზით წინსვლისას ისინი რეალურად უკან წავლენ. ყველა ეს გზავნილი გაკეთებულია. საქართველოს ინტეგრაცია შეჩერდება და შესაძლოა, დეგრადაციაც კი დაიწყოს, თუ ხელისუფლება გონს არ მოვა“, — განაცხადა ლიეტუვის პრეზიდენტმა.
ნაუსედას თქმით, ევროპა უნდა დაეხმაროს სამოქალაქო საზოგადოებას, რომელიც ხელისუფლების მსგავსი ქმედებების წინააღმდეგ იბრძვის.
31-მა ევროპარლამენტარმა ერთობლივი წერილით მიმართა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ჯოზეფ ბორელს საქართველოში რუსული კანონის გარშემო დატრიალებული მოვლენებისა და ხელისუფლების ქმედებების შესახებ. წერილზე ხელმომწერები მიიჩნევენ, რომ შესაბამისად, საქართველოს კანდიდატის სტატუსი უნდა შეუჩერდეს, გაწევრების გზაზე შემდგომი პროგრესის მიღწევამდე.
“საქართველოს კანდიდატის სტატუსი უნდა შეუჩერდეს” – 31 ევროპარლამენტარი ბორელს მიმართავს