დღევანდელი აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, მერაბ ღოღობერიძემ დაახლოებით ერთი თვის წინ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის სახლს დაუშინა პომიდვრები. აქციები იმართებოდა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების სახლებთანაც. საქართველოს ხელისუფლებას მსგავსი აქციების დაშვების გამო უცხოელმა პარტნიორებმა მიუთითეს. მაშინ ხელისუფლება იძულებული გახდა მერაბ ღოღობერიძე ადმინისტრაციული წესით დაესაჯა.
გასულ კვირას თბილისში პლაკატების გაკვრისთვის საპატრულო პოლიციამ დააკავა ტელეკომპანია “ტაბულას” დირექტორი და ჟურნალისტი თამარ ჩერგოლეიშვილი. მოტივი: თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის წინ დროებით დამონტაჟებულ ღობეზე “გაზპრომის” საწინააღმდეგო პლაკატების გაკვრა.
ნაციონალური მოძრაობის ოფისის წარმომადგენლების თქმით, დღეს მერაბ ღოღობერიძე უზარმაზარი ლიურსმნებით შეიარაღებული შეიჭრა ნაციონალური მოძრაობის ოფისის ჰოლში და ლურსმნებით ცდილობდა ადამიანების დაზიანებას. დაზიანება არავის არ მიუღია.
საქართველოს პარლამენტის წევრის, ომარ მეგრელიძის თქმით, რომელიც ინციდენტის თვითმხილველია, საპატრულო პოლიციას მერაბ ღოღობერიძე და მისი თანამზრახველები არ დაუკავებია.