ქუთაისში, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისთან ცოცხები და კასტილები მიიტანეს აქციის მონაწილეებმა, რომლებმაც ენმ-ს ლიკვიდაცია მოითხოვეს. ადგილობრივი გამოცემის kutaisipost.ge-ის ცნობით, აქციის ერთ-ერთი მონაწილე, ქართული ოცნების” ქუთაისის ახალგაზრდული ფრთის ორგანიზაციის თავმჯდომარე, ოთო ლორთქოფანიძე, რომელიც ოფისში შეჭრას ცდილობდა, შსს-მ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლის დარღვევის ბრალდებით დააკავა.
ოზურგეთში, ნაცმოძრაობის ოფისთან ქართული ოცნების აქტივისტების მიერ ორგანიზებული აქციის შესახებ იუწყება ადგილობრივი გამოცემა guriismoambe.com. თუმცა ამავე გამოცემასთან საუბარში აქციის მონაწილეები უარყოფენ მათ კავშირს ქართულ ოცნებასთან.
ახალციხეში ნაციონალური მოძრაობის ოფისს კარი აუჭედეს აქციის მონაწილეებმა, რომლებმაც ასევე მოითხოვეს ენმ-ს ლიკვიდაცია. ადგილობრივი გამოცემის “სამხრეთის კარიბჭის” ცნობით, აქცია ახალციხეში “ქართული ოცნების” წარმომადგენლებმა გამართეს.
აქცია გაიმართა გორშიც, სადაც ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერის ნუგზარ წიკლაურის თქმით, მათ ოფისს თავს დაესხნენ აქციის მონაწილეები.
აქცია იყო ასევე ბათუმში, ენმ-ს ოფისთან, სადაც სიტყვიერ დაპირისპირებასაც ჰქონდა ადგილი. აქციის მონაწილეები იქაც აღნიშნული პარტიის ლიკვიდაციას მოითხოვდნენ. ამას გარდა, აქციის მონაწილეებმა ლურსნები მიაჭედეს შენობის კარს, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ძეგლია.
აქციები ენმ-ს ლიკვიდაციის მოთხოვნით გუშინ დაიწყო, მას შემდეგ, რაც უკრაინულ მედიაზე დაყრდნობით, ქართულმა მედიასაშუალებებმა გაავრცელეს დაკავებულ პირებზე განხორციელებული ძალადობის ფაქტების ამსახველი ვიდეოები, რომლებიც ერთ-ერთი, სამეგრელოს საცავებში ე.წ. კასრებში აღმოჩენილი ვიდეოფაილების ნაწილია.