ახალი ამბები

უაღრესად საშიში სიგნალი – დავით ბაქრაძე წამების კადრების გავრცელებაზე

19 ოქტომბერი, 2015 •
უაღრესად საშიში სიგნალი – დავით ბაქრაძე წამების კადრების გავრცელებაზე

საუბარია 17 ოქტომბერს ინტერნეტით გავრცელებულ პატიმრის წამების კადრებზე, რომელიც სავარაუდოდ გადაღებულია წინა ხელისუფლების დროს. კადრების ინტერნეტით გავრცელების შემდეგ საჯარო ადგილებში მისი ჩვენებაც მოაწყვეს.

 

“რაც შეეხება კადრებს, რა თქმა უნდა, აქ ორი აზრი არ არის, რომ ეს იყო ის სირცხვილი და დაღი, რომელიც ჩვენ ხელისუფლებას ბოლომდე გაჰყვება იმის გამო, რომ ასეთი ადამიანები მუშაობდნენ ჩვენს ძალოვან ტრუქტურებში. ყველა, ვინც მონაწილეობდა, ვინც უკვეთავდა, ვინც იღებდა, თითოეული ასეთი ადამიანი უნდა იქნას კანონის სრული სიმკაცრით დასჯილი”, – განაცხადა ბაქრაძემ 19 ოქტომბერს და დასძინა:

 

“ მე არ გავურბივარ არც იმის თქმას კიდევ ერთხელ, რომ ეს არის ის ძალიან მტკივნეული მონაკვეთი და მტკივნეული ეტაპი ჩვენი წარსულის, რომელიც ჩვენ დიდხანს გაგვყვება როგორც ტკივილი, როგორც პოლიტიკურ პარტიას და ყოფილ ხელისუფლებას. მაგრამ მეორე პრობლემა გახლავთ ის, რაც დღეს ხდება, რომ დღევანდელ ხელისუფლებაში საკმარისი რაოდენობით არიან ის ავადმყოფი ადამიანები, რომლებიც ამ სადისტების დაჭერის ნაცვლად გამოდიან და ქუჩაში საჯაროდ აწყობენ ასეთი კადრების დემონსტრირებას. მე ვფიქრობ, ეს არის უაღრესად საშიში სიგნალი ჩვენი საზოგადოებისთვის”.

 

ბაქრაძემ ეს განცხადებები 19 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოსთან გააკეთა, სადაც რუსთავი 2 -ის წინააღმდეგ ქიბარ ხალვაშის სარჩელის არსებითი განხილვა მიმდინარეობს.  რუსთავი 2-ის მხარდამჭეები სასამართლოს შენობასთან არიან შეკრებილი.

წამების გავრცელებულ კადრებთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება 17 ოქტომბერს პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების უკანონოდ გავრცელების მუხლით დაიწყო.  19 ოქტომბერს თბილისის მთავარმა პროკურორმა განაცხადა, რომ პირად კონტროლზე აიყვანა ამ საქმის გამოძიება.

დავით ბაქრაძე
დავით ბაქრაძე

მასალების გადაბეჭდვის წესი