ჰონგ-კონგის პროტესტის მონაწილე კიდევ 14 პირს პატიმრობა მიუსაჯეს. როგორც BBC წერს, ჯამში, საქმეზე, რომელიც არაოფიციალური პრაიმერიზის ჩატარებას ეხება ადგილობრივი არჩევნებისთვის კანდიდატების შესარჩევად, 45 ადამიანია დაკავებული.
საუბარია 2019 წელს ჰონგ-კონგში ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციების შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე. კერძოდ, 2019 წელს ჰონგ-კონგში მოქალაქეები აპროტესტებდნენ კანონპროექტს, რომელიც ჰონგ-კონგიდან ჩინეთში ექსტრადირებას შეეხებოდა.
მაშინ ხელისუფლებას კანონის უკან გაწვევა მოუწია, თუმცა 2020 წელს პეკინმა „ეროვნული უსაფრთხოების კანონი“ მიიღო საპროტესტო აქციების საპასუხოდ. კანონის მიღებიდან ერთ თვეში ჰონგ-კონგის პროტესტის მონაწილეებმა არაოფიციალური საარჩევნო პრაიმერიზი გამართეს, რათა გამოევლინათ ოპოზიციონერი კანდიდატები მომავალი არჩევნებისთვის, რომელშიც მონაწილეობა 600 000-მდე ადამიანმა მიიღო.
ჩინეთი ამ ქმედებებს „არაკანონიერად“ აფასებს და 47 ადამიანს ბრალი წაუყენეს „კონსპირაციისა და სახელმწიფო გადატრიალების“ მუხლით. 2023 წლის მარტში 31 პირი სასამართლომ დამნაშავედ ცნო. ამის შემდეგ, 2024 წლის მარტში, ეროვნული უსაფრთხოების კანონი ჰონგ-კონგშიც მიიღეს, რომელშიც დანაშაულებრივი ქმედებების ჩამონათვალი გაფართოვდა.
დღევანდელ პროცესზე სასამართლომ ორი აქტივისტი გაამართლა, თუმცა, როგორც მოგვიანებით გაირკვა, იუსტიციის სამინისტრო მათ საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს.