საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ “შეხვედრამ განსაკუთრებით თბილ და მეგობრულ გარემოში ჩაიარა”.
“მხარეებმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს აზერბაიჯანისა და საქართველოს მეგობრული და სტრატეგიული პარტნიორობა და დაადასტურეს მზადყოფნა ხელი შეუწყონ ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას”, – აცხადებენ უწყებაში.
საგარეოს ცნობითვე, აზერბაიჯანის პრეზიდენტსა და პრემიერ მინისტრთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი განვითარების პერსპექტივებს.
“კმაყოფილებით აღინიშნა ორი ქვეყნის თანამშრომლობის მაღალი დონე და ვიზიტების ურთიერთგაცვლის აქტიური დინამიკა, რომელიც დამატებით იმპულსს შეიძენს უახლოეს მომავალში პრეზიდენტ ალიევის საქართველოში ვიზიტით. შეხვედრებზე ყურადღება გამახვილდა მხარეთა საერთო ძალისხმევაზე, განავითარონ პარტნიორობა ენერგეტიკული და სატრანსპორტო პროექტების განხორციელებისაკენ. განსაკუთრებით სამხრეთის ენერგეტიკული დერეფნის რეალიზაციის თვალსაზრისით, რითაც საქართველო და აზერბაიჯანი განსაკუთრებულ როლს ასრულებენ ევროპის ენერგოუსაფრთხოების განმტკიცებაში”, – წერია საქართველოს საგარეო უწყების განცახდებაში.
გიორგი კვირიკაშვილი ასევე შეხვდება აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარეს და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს.
კვირიკაშვილის ვიზიტს წინ უსწრებდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, რომელიც 10 ოქტომბერს შედგა. შეხვედრის შესახებ წინასწარ ცნობილი არ იყო და ის მოყვა ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძის განცხადებას რუსულ სახელმწიფო კომპანია “გაზპრომიდან” გაზის მოწოდების გაზრდაზე და გაზის მოწოდების დივერსიფიკაციის მნიშვნელობაზე.
საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, ღარიბაშვილმა და ალიევმა პოლიტიკურ-ეკონომიკურ თემებზე და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე იმსჯელეს. ხაზი გაესვა ინფრასტრუქტურის, ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სფეროებში თანამშრომლობის მნიშვნელობას და ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებს.
თბილისში დაბრუნებულმა ღარიბაშვილმა უარყო მოსაზრებები, რომ მისი ვიზიტი კალაძის განცხადების შემდეგ საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობების გარკვევას ემსახურებდა და “აბსურდი” უწოდა დივერსიფიკაციის და აზერბაიჯანული გაზის ჩანაცვლების შესახებ მოლაპარაკებების შესახებ ინფორმაციას.
6 ნოემბერს თბილისში აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის ვიზიტია დაგეგმილი.
ამ დროისთვის საქართველო „გაზპრომისგან“ გაზს სომხეთში ბუნებრივი აირის ტრანზიტის საფასურად იღებს. საქართველოს ჩრდილოეთ-სამხრეთის 221 კმ-იანი გაზსადენით გატარებული რუსული ბუნებრივი აირის საერთო მოცულობის 10% ეკუთვნის.
საქართველო გაზით აზერბაიჯანიდან მარაგდება. ინფორმაციას რუსულ სახელმწიფო კომპანია “გაზპრომთან” მოლაპარაკებებზე და ენერგეტიკული წყაროების შესაძლო დივერსიფიკაციაზე გაზპრომის გზით საქართველოს მოსახლეობის ნაწილში მკვეთრი რეაქცია მოყვა. 18 ოქტომბერს თბილისში გაიმართა აქცია სახელწოდებით “საქართველოს თავისუფლება საფრთხეშია – ხელისუფლებას გაზპრომის ხაფანგში შევყავართ”.