”სერიოზულ კომენტარს ვერ გავაკეთებ, ამაზე ჩვენ ხშირად გვისაუბრია და ჩვენი გუნდის წევრებმა გააკეთეს კომენტარი, ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი ისმებოდა უკვე მრავალი წელია არა მხოლოდ ამ ორგანზიაციის მიმართ. მე აქვე მინდა დავადასტურო ჩემი პატივისცემა ამ ინსტიტუტის მიმართ, მაგრამ ის ადამიანები, რომლების წლების განმავლობაში მუშაობდნენ და უშუალოდ ახორციელებდნენ ამ კვლევებს, პირდაპირ არიან დაკავშირებული ნაციონალურ მოძრაობასთან. ასე რომ, ეს ჩვენი მოსახლეობისათვის არ არის საინტერესო, მოსახლეობას აინტერესებს ის, თუ რას პირდება მას მთავრობა, რას აკეთებს მთავრობა. ეს ყველაფერი აისახება ჩვენი მოსახლეობის მდგომარეობაზე, და ყველაზე მთავარი კვლევა ეს არის არჩევნების დღე,”- აცხადებს ირაკლი ღრიბაშვილი.
NDI-ის კვლევის თანახმად, შეკითხვაზე, “ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას?”, მოსახლეობის 35% ასახელებს, რომ არ იცის, 14% – არც ერთ პარტიას, ნაციონალურ მოძრაობას -13%, ქართულ ოცნებას კი- მხოლოდ 11%.
ამავე კითხვაზე “ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს ვის მისცემდით ხმას?” იმ გამოკითხულებმა, რომლებიც არჩევნებზე წასვლას აპირებენ, შემდეგნაირად უპასუხეს: არ ვიცი – 31%, ენმ – 15%, ქართული ოცნება 14%, უარი პასუხზე 11%, არცერთი პარტია – 10%, თავისუფალი დემოკრატები – 5%.