ახალი ამბები

TI წამების კადრებზე: მსგავსი ჩანაწერები პოლიტიკური ბრძოლის იარაღად გამოიყენება

18 ოქტომბერი, 2015 • • 1117
TI წამების კადრებზე: მსგავსი ჩანაწერები პოლიტიკური ბრძოლის იარაღად გამოიყენება

ორგანიზაციის განცხადებით, არაადამიანური მოპყრობის წახალისებას სამართალდამცავ უწყებებში მომუშავე პირების დაუსჯელობა და პასუხისმგებლობისგან მათი სრულად გათავისუფლება ახდენდა. ასევე, მათი თქმით, კადრების გავრცელების ფაქტი მიუთითევს, რომ შესაბამისი უწყებები ვერ უზრუნველყოფენ პირადი ცხოვრების შემცველი მასალის სათანადოდ დაცვას.

 

”წლების განმავლობაში სამართალდამცავი და სასჯელაღსრულების უწყებების თანამშრომელთა მიერ განხორციელებული წამება და არაადამიანური მოპყრობა მძიმე სისტემურ პრობლემას წარმოადგენდა. უამრავი გახმაურებული ცალკეული შემთხვევის გარდა, ამას ე.წ. ციხის კადრები, სამეგრელოს საცავებში აღმოჩენილი ვიდეომასალა და სხვა შემთხვევები მოწმობს. არაადამიანური მოპყრობის წახალისებას სამართალდამცავ უწყებებში მომუშავე პირების დაუსჯელობა და პასუხისმგებლობისგან მათი სრულად გათავისუფლება ახდენდა. სისტემური პრობლემის არსებობას ხელს სამართალდამცავი სტრუქტურების უმაღლესი თანამდებობის პირების სხვადასხვა ფორმით დანაშაულში თანამონაწილეობაც უწყობდა ხელს,” – ნათქვამია განცხადევაში.

 

TI ასევე მიუთითებს ქვეყანაში არსებული ტოტალური უკანონო თვალთვალის პრაქტიკაზეც, რის შედეგადაც შსს-ში 2013 წელს 20 000 ათასზე მეტი უკანონოდ განხორციელებული ფარული აუდიო და ვიდეოთვალთვალის შედეგად მოპოვებული ჩანაწერი აღმოჩნდა. არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებით, აღმოჩენილი მასალის მოცულობა უმძიმეს სისტემურ პრობლემაზე მიუთითებდა.

 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” აცხადებს, შესაბამისი უწყებები ვერ უზრუნველყოფენ მათზე დაკისრებულ მინიმალური ვალდებულებების შესრულებას და ვერ ახერხებენ ადამიანის პირადი ცხოვრების შემცველი მასალის სათანადოდ დაცვას: ”მდგომარეობას ისიც ამძიმებს, რომ როგორც ჩანს, მსგავსი ჩანაწერების გამოყენება პოლიტიკური ბრძოლის იარაღად გამოიყენება.” 

 

ორგანიზაციის განცხადებით, აუცილებელია, რომ ადამიანების წამებაში მონაწილე ყველა პირმა სათანადოდ აგოს პასუხი მართლმსაჯულების წინაშე და სამართალდამცავებმა გამოიძიონ უკანონო მიყურადების ფაქტები. მათი განცხადებით, ქვეყანაში არ არსებობს მოქალაქის პირადი ინფორმაციის დაცვის ეფექტური მექანიზმები.

 

”ამასთან, პასუხისმგებლობა იმ პირებსაც უნდა დაეკისროთ, ვინც აღნიშნული სისტემის (პატიმრების წამება და უკანონო ფარული მიყურადება) შექმნაში მიიღო მონაწილეობა. მნიშვნელოვანია ასევე, სახელმწიფომ შექმნას ამგვარი ქმედებების ეფექტური პრევენციის სისტემა. სამწუხაროდ, დღემდე არ არის გამოძიებული არც წამების ყველა ფაქტი. ასევე არ არის გამოძიებული ტოტალური უკანონო მიყურადების ფაქტები და არ არიან გამოვლენილი უკანონო თვალთვალის სისტემის შექმნელი პირები. სახელმწიფოში არ არსებობს თითოეული მოქალაქის პირადი ინფორმაციის დაცვის ეფექტური მექანიზმები. შესაბამისად, კვლავ საფრთხეშია ადამიანების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა.” 

 

TI-ის განცხადებით, დანაშაულის დამკვიდრებას მეტწილად სამართალდამცავი უწყების თანამშრომელთა დაუსჯელობა განაპირობებს და ქვეყანაში არ არსებობს დამოუკიდებელი და ეფექტური მექანიზმი დანაშაულის სრულყოფილად და ობიექტურად გამოსაძიებლად: 

 

”დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის გარეშე სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა მიერ ჩადენილ ძალადობრივ დანაშაულთა გამოძიება მიკერძოების განსაკუთრებულად მაღალ რისკს შეიცავს. მიკერძოებული გამოძიება კი არსებითად აზიანებს როგორც საჯარო, ისე კერძო ინტერესს და ასუსტებს ადამიანის უფლებების დაცვის გარანტიებს. ამასთან, ყოვლად დაუშვებელია ფარული ჩანაწერების პოლიტიკური ბრძოლის იარაღად გამოყენება და ამ მიზნით მათი საჯაროდ გავრცელება,” – ნათქვამია განცხადებაში. 

 

17 ოქტომბერს უკრაინულ წყაროზე დაყრდნობით რამდენიმე ქართულმა პორტალმა წამებისა და გაუპატიურების ამსახველი კადრები გაავრცელა, კადრების გავრცელებასთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება დაიწყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი