ახალი ამბები

ნაცვლიშვილი: უნდა შეფასდეს, რატომ ვერ ვიცავთ ამ ტიპის მასალებს საჯარო სივრცეში მოხვედრისგან

18 ოქტომბერი, 2015 • 1203
ნაცვლიშვილი: უნდა შეფასდეს, რატომ ვერ ვიცავთ ამ ტიპის მასალებს საჯარო სივრცეში მოხვედრისგან

მისივე განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თუ გამოძიების ეტაპზე გამოიკვეთება რაიმე სისტემური ხასიათის პრობლემა, კერძოდ, რატომ ვერ მოხდა ამ მასალების სათანადოდ დაცვა,  ან რაიმე ხარვეზი თუ გამოიკვეთება პრაქტიკაში ან კანონმდებლობაში, ეს ხარვეზები სასწრაფოდ უნდა აღმოიფხვრას.

 

“ეს კადრები არის ჩვენი უახლოესი ისტორიის ძალიან მტკივნეულ ნაწილთან დაკავშირებული. ყველა ადამიანს, ვინც ვარაუდობს, რომ შეიძლება მსგავსი ტიპის დანაშაულის მსხვერპლი გამხდარა და შეიძლება მასზეც არსებობდეს ასეთი კადრები, თქვენ წარმოიდგინეთ, ამ წუთიდან ისინი რა ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში იმყოფებიან. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არა მხოლოდ დამნაშავეების დასჯაზე ვიფიქროთ, არამედ იმ ადამიანებზეც, იმ მოქალაქეების ფსიქოლოგიურ და ფსიქიკურ მდგომარეობასაც გაუფრთხილდეს სახელმწიფო, რომლებიც ერთხელ უკვე გახდნენ ამ სასტიკი დანაშაულების მსხვერპლები და აღარ არის საჭირო მათი მუდმივი რეტრავმიზება ასეთი ტიპის გამოწვევებით. ერთი მხრივ, კონკრეტული პასუხისმგებელი პირები უნდა დაისაჯონ და მეორე მხრივ, უნდა შეფასდეს, რატომ ვერ ვიცავთ ჩვენ ამ ტიპის მასალებს საჯარო სივრცეში მოხვედრისგან, იმიტომ, რომ ეს ძალიან სერიოზული პრობლემაა და ყოველ წუთას შეიძლება ადამიანები გახდნენ კიდევ და კიდევ მსხვერპლი ამ განმეორებითი ტრაგედიების,”- ამბობს ანა ნაცვლიშვილი.

 

მისი განცხადებით, ეს რომ რიგითი საქმე იყოს, მაშინ გამოძებამ შეიძლება დაიტოვის საქმის მასალების ასლები და ორიგინალები გადავიდეს სასამართლოში. ნაცვლიშვლი ვარაუდობს, რომ შესაძლოა აქ დადგეს მხარის პასუხისმგებლპობის საკითხი, რადგანაც ადვოკატსაც ექნებოდა საქმის მასალები.

 

კონრეტულად ამ შემთხვევაში, თუკი ეს კადრები საქმის მასალებში შედიოდა, ნაცვლიშვილის განმარტებით, საქმე უფრო რთულად არის, რადგანაც საქმე გვაქვს პერსონალური მონაცემების შემცველ ინფორმაციასთან. მისი განცხადებით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონის ერთ–ერთი მთავარი პრინციპი ამბობს, რომ როდესაც ხდება პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაციის დამუშავება, ეს უნდა მოხდეს კანონიერი მიზნით და ეს მიზანი როგორც კი მიიღწევა, უნდა განადგურდეს, დაიბლოკოს, ან ისეთი ფორმით შეინახოს, რომ ამ პერსონალური მონაცემების იდენტიფიცირება აღარ იყოს შესაძლებელი. 

 

“აქ კითხვა უნდა დაისვას, რომ ეს მასალები, მით უმეტეს, თუ საქმე იყო გამოძიებაში, შემდეგ უკვე ამ უწყებებმა – სასამართლომ და გამოძიებამ, მიიღეს თუ არა ზომები, რომ განადგურებულიყო ეს მასალები, როგორც პერსონალური მონაცემების შემცველი, ან მომხდარიყო მათი ისეთი ფორმით სახეცვლილება, რომ ამ პერსონალური მონაცემების იდენტიფიცირება  არ ყოფილიყო შესაძლებელი,”- ამბობს ანა ნაცვლიშვილი

 

საიას თავმჯდომარის განცხადებით, ამ კანონის თანახმად, როგორც კი მიღწეული იქნება კანონიერი და ლეგიტიმური მიზანი, ასეთი მასალები უნდა განადგურდეს. ხოლო კანონიერი და ლეგიტიმური მიზანი, თუ მტკიცებულებად გამოიყენება ასეთი მასალები, არის ის, რომ გამოიკვეთოს დამნაშავე და წარსდგეს მართლმსაჯულების წინაშე. 

 

თუ ადამიანებს მსჯავრი უკვე დაედოთ ამ ვიდეოში ასახული ფაქტების გამო, გაურკვეველია, კიდევ რა ლეგიტიმური მიზანი უნდა ყოფილიყო. მეტი ლეგიტიმური მიზანი ვერ იქნებოდა, თუ პირები უკვე გასამართლდნენ,”- ამბობს ის. 

 

გარდა ამისა, ანა ნაცვლიშვილი ვარაუდს გამოთქვამს სამეგრელოში აღმოჩენილი ამ მასალების გამღჟავნების სხვა შესაძლო გზაზეც:

 

“აღმოაჩინეს სამეგრელოში. სანამ ისინი სამეგრელოდან ჩამოვიდა აქ, თბილისში ფიზიკურად, და შესაბამისმა საგამოძიებო ნაწილმა დაიწყო გამოძიება, რა თქმა უნდა, შესაძლებელი იყო, რომ ვიღაცამ ისინი დააკოპირა. აქ უკვე შიშის ქვეშ და ძალიან სერიოზიული რისკის ქვეშ არიან საკუთარი მონაცემების გამჟღავნების არა მხოლოდ ეს კონკრეტული ადამიანები, არამედ ყველა, ვინც სავარაუდოდ იყო სამეგრელოს მასალებში,”- აცხადებს ის.

 

იურისტის განცხადებით, აქ ძალიან დიდი საჯარო ინტერესია, რადგანაც საუბარი არ არის მხოლოდ ერთ ფაილზე. მისი განცხადებით, ყველა ის ადამიანი ახლა უზარმაზარი სტრესის ქვეშ არის, რადგანაც შესაძლოა მისი მასალებიც აღმოჩნდეს არასათანადო ადგილას.

 

“ამიტომ არის სასწრაფოდ ძალიან ეფექტური გამოძიება ჩასატარებელი და დამნაშავეები უნდა ვნახოთ დასჯილი, ეს არის ყველაზე ეფექტური პრევენცია ამ ყველაფერის გამეორების იმიტომ, რომ ჩვენ ამ დაუსჯელობის პირობებში, თუ არ მოხდება ადეკვატური დასჯა, არასოდეს არ ვიქნებით დაცული, რომ ამ ფირებში აღმოჩენილი პერსონალური მონაცემები თუ ზოგადად, ჩვენი პერსონალური მონაცემები, იქნება დაცული,”- აცხადება ანა ნაცვლიშვილი.

 

ანა ნაცვლიშვილი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე. ფოტო – საია
ანა ნაცვლიშვილი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე. ფოტო – საია

 

შსს-ს განცხადებით, კადრების გავრცელებაზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს (პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის უკანონოდ გავრცელება ინტერნეტის, მათ შორის, სოციალური ქსელის, მასობრივი მაუწყებლობის ან სხვა საჯარო გამოსვლის მეშვეობით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია).

 

ანა ნაცვლიშვილი არ გამორიცხავს, რომ გამოძიების მსვლელობისას სხვა ტიპის დანაშაულიც გამოიკვეთოს, მაგალითად, გამოძიების მასალების გავრცელება, ან უფლებამოსილების გადამეტება და ბოროტად გამოყენება, ან სხვა ტიპის დანაშაული. მისი განცხადებით, ასეთ შემთხვევაში გამომძიებლებმა უნდა შეცვალონ კვალიფიკაცია და  გააფართოვონ ან სხვა მიმართულებით წაიყვანონ გამოძიება.

 

“თუ სწორად ვფლობ ფაქტობრივ მონაცემებს, ამ ფაქტებთან დაკავშირეით პირები უკვე გასამართლებულები არიან. ასე რომ არ იყოს, მაშინ, რა თქმა უნდა, ვიტყოდით იმასაც, რომ წამების ან მინიმუმ არაადამიანური მოპყრობის მუხლითაც უნდა დაწყებულიყო გამოძიება. თუ სწორია ის ინფორმაცია, რომ გასამართლებულები არიან, მაშინ ორჯერ ერთი და იმავე ბრალდებით ვერ გავასამართლებთ ადამიანს. თუ, ვთქვათ, იკვეთება ამ ვიდეოში ადამიანი, რომელიც არ ყოფილა ბრალდებული, და რომლის ქმედებაზეც გამოძიება არასდროს არ ყოფილა წარმოებული, მაშინ ამ მუხლითაც უნდა დაიწყოს,”- ამბობს იურისტი.

 

 

ანა ნაცვლიშვილის განცხადებით,  კარგია, რომ გამოძიების დაწყების შესახებ განცხადება სწრაფად გაკეთდა.

 

“მაგრამ  ჩვენ გვინახავს არაერთი დაწყებული გამოძიება, რომელიც არ დამთავრებულა, ან რომლის შესახებაც საზოგადოებას არანაირი ინფორმაცია შემდგომ აღარ მიეწოდებოდა. რაც მთავარია, შემდგომ პასუხისმგებელი პირების იდენტიფიცირება ხშირად არ ხდება ხოლმე. ახლა კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ეს გამოძიება წარიმართოს ძალიან სწრაფად, მაგრამა ამავე დროს, სრულყოფილად, სისწრაფემ მის ხარისხზე გავლენა არ უნდა მოახდინოს. გამოძიება უნდა იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე იმიტომ რომ ძალიან სენსიტიურ საკითხს ეხება საქმე და ძალიან მაღალი საზოგადოებრივი ინტერესია. უნდა გამოვლინდნენ პირები, რომლებმაც, სავარაუდოდ, თავიანთი ვალდებულებები ან არაჯეროვნად შეასრულეს, ან განზრახ ხელი შეუწყვეს ამ მასალების გავრცელებას,”-აღნიშნავს ანა ნაცვლიშვილი.

 

რაც შეეხება უწყებას, რომელიც საქმეს იძიებს, ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ ჯობს საქმე შსს-ს ნაცვლად პროკურატურამ გამოიძიოს, რათა ინტერესთა კონფლიქტის შესახებ ეჭვი არ გაჩნდეს:

 

სავარაუდოდ, პირები, რომლებიც აღბეჭდილია ამ ვიდეოკადრებზე, ანუ ჩამდენები და არა მსხვერპლები, არიან ძალოვანი უწყების წარმომადგენლები, სავარაუდოდ, შსს-ს წარმოამდგენლები. ასეთ პირობებში, პირდაპირ გვეუბნება იუსტიციის მინისტრის შესაბამისი ბრძანება, რომ ქვემდებარეობით ეს არის პროკურატურის გამოსაძიებელი საქმე,”- ამბობს ნაცვლიშვილი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი