დამსწრეთაგან ერთ-ერთი ხათუნა პლიევა იყო, რომელიც კონფლიქტის ზონაში, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელუბანში ოჯახთან ერთად ცხოვრობს. ხათუნა ამბობს, რომ სოფლის მოსახლეობა გამუდმებით დაძაბულია.
“არ იცი, სად შეიძლება სიარული სოფელში და სად არა. შეიძლება დაგიჭირონ და ცხინვალში გადაგიყვანონ. ორი დღის წინაც ჩვენი ორი მეზობელი დაიჭირეს. ამ დრომდე არ იცის ოჯახმა, სად არიან, ან როდის გამოუშვებენ. ეს ჩვენი ყოველდღიურობაა”, – ამბობს ხათუნა.
მიმდინარე წელს კონფლიქტის ზონაში მდებარე სოფლები ბუნებრივი აირით უზრუნველყვეს და ამ მხრივ სოფლის მოსახლეობას პრობლემა აღარ აქვს, თუმცა წითელუბნის მკვიდრი სოფელში არსებულ სხვა პრობლემებზე საუბრობს.
“ყველაზე დიდი პრობლემა სოფლამდე მისასვლელი გზაა. მაგრამ გვპირდებიან, რომ გააკეთებენ”.
გარდა ამისა, სოფლის საჯარო სკოლა 9-წლიანია და შემდეგ კლასებში მოსწავლეებს სხვა სოფლის სკოლაში უწევთ სიარული. ტრანსპორტის არარსებობა კი დაახლოებით 15 მოსწავლისთვის პრობლემური საკითხია.
“რამდენიმე დღის წინ ბაღის ბავშვებისთვის გორის მუნიციპალიტეტმა ავტობუსი დანიშნა და მეზობელი სოფლის საბავშვო ბაღში ბავშვების ჩაყვანა პრობლემა აღარ არის. არსებობს შეპირება, რომ სკოლის მოსწავლეებიც უზრუნველყოფილი იყვნენ ტრასპორტით”, – ამბობს ხათუნა პლიევა.
გამყოფ ხაზზე მცხოვრები მოსახლეობის საჭიროებების თემების გარდა, დღევანდელ შეხვედრაზე ისაუბრეს ცხინვალის ციხეში სხვადასხვა ბრალდებით თავისუფლება აღკვეთილ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეებზეც. სახალხო დამცველის განცხადებით, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე, რუსთავის და ქსნის ციხეებში ათამდე ოსი პატიმარია, რომლებიც „გაცვლას“ ან ცხინვალში გადაყვანას ითხოვენ.
შეხვედრაზე განიხილეს ასევე ოსური სამოქალაქო ორგანიზაციების გამოცდილება კონფლიქტით დაშორიშორებულ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენის თვალსაზრისით და ის გამოწვევები, რომლებიც ამ ორგანიზაციების წინაშე დგას.
„პრობლემები ძალიან ბევრია, დროა ხელისუფლებამ ინტენსიურად დაიწყოს მუშაობა ოსური თემის განათლების, კულტურისა და თვითმყოფადობის შენარჩუნების ხელშეწყობისთვის. მნიშვნელოვანია მათი ჩართულობა პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში”, – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.
შეხვედრას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში მინისტრის აპარატის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. მათი განცხადებით, დღეს ოსური საზოადოება უფრო მეტად ენდობა ქართულ სახელმწიფოს, ვიდრე აფხაზური.
როგორც მინისტრის აპარატის წარმომადგენელი, მარინა სალუქვაძე ამბობს, მიმდინარე წელს მხოლოდ ჯანდაცვის რეფერალური პროგრამით ცხინვალის რეგიონიდან სამკურნალოდ თბილისში 2-ჯერ მეტი ადამიანი გადმოვიდა, ვიდრე შარშან მთელი წლის განმავლობაში. თუმცა, მისივე თქმით, ახალი ხელისუფლების პოლიტიკამ, რიტორიკის შეცვლამ და აგრესიიდან დიალოგისკენ გადასვლამ მავთულხლართები და კიდევ უფრო მეტი წინააღმდეგობა მოიტანა ცხინვალის მხრიდან. ამასთან, სალუქვაძის თქმით, აღნიშნულ საპასუხო გადაწყვეტილებებს არა თავად ოსები, არამედ რუსული მხარე იღებს.
მრგვალ მაგიდაზე ოსური თემის კულტურული მემკვიდრეობის თემებზეც ისაუბრეს. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში მინისტრის აპარატის წარმომადგენელთა ინფორმაციით, თბილისმა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შესახებ არსებული საარქივო მასალები და სხვა შესაბამისი დოკუმენტაცია ცხინვალს გადასცა.
საუბარი შეეხო ასევე თბილისში, ეთნოგრაფიულ მუზეუმში არსებულ 90-იან წლებში დაზიანებულ, მე-19 საუკუნის ოსური სახლის აღდგენის თემას, რომელიც, როგორც შეხვედრაზე თქვეს, ოსი თემისთვის კულტურულ მემკვიდრეობას წარმოადგენს.
როგორც გაირკვა, სახალხო დამცველის აპარატმა აღნიშნული სახლის აღდგენის მიზნით კულტურის სამინისტროს მიმართა. საბოლოოდ დაფინანსება მისი აღდგენისთვის პრეზიდენტმა მარგველაშვილმა პრეზიდენტის ფონდიდან გამოყო და სახლის აღდგენა 2016 წლის გაზაფხულზე უნდა დასრულდეს.
როგორც სახალხო დამცველი ამბობს, 2014 წლის იანვარში სახალხო დამცველის ინიციატივით შეიქმნა ოსური ფორუმი, რომელიც არის სახალხო დამცველის საკონსულტაციო ორგანო საქართველოში მცხოვრები ოსური თემის უფლებების დაცვის მიმართულებით.