ახალი ამბები

რომელი პარტიები უერთდებიან პრეზიდენტის „ქართულ ქარტიას“

26 მაისი, 2024 •
რომელი პარტიები უერთდებიან პრეზიდენტის „ქართულ ქარტიას“

ოპოზიციური პარტიების ნაწილში აცხადებენ, რომ საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას უერთდებიან.

პარტიებში აცხადებენ, რომ ხელს მოაწერენ „ქართულ ქარტიას“, რომელიც ზურაბიშვილმა დღეს პროდასავლურ ოპოზიციურ პარტიებს შესთავაზა და იმ ნაბიჯებს მოიცავს, რომელიც მათ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ უნდა გადადგან.

“პრეზიდენტმა საზოგადოებას გააცნო გეგმა, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის ევროპულ მომავალს. ჩვენ შევუერთდებით ამ ქარტიას,” – აცხადებს „ლელოს“ დამფუძნებელი ბადრი ჯაფარიძე.

პრეზიდენტის ინიციატივას ასევე ეთანხმება „ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია და მიიჩნევს, რომ ყველა პასუხისმგებელი პოლიტიკური ძალა უნდა შეუერთდეს ამ გზავნილს:

„ძალიან დადებითად ვაფასებ სულისკვეთებას, მთავარ გზავნილს, ყველა დეტალი შეიძლება არ მესმოდა, რომ არ მკითხოთ, მაგრამ აპრიორი შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი პოლიტიკური გუნდის ნაცვლად ავტომატურად არასდროს ვსაუბრობ, მაგრამ ჩემი, როგორც ერთ-ერთი ლიდერის პოზიციაა, რომ ჩვენ და ყველა პასუხისმგებელი პოლიტიკური ძალა უნდა შეუერთდეს ამ გზავნილს“ — აცხადებს გიგა ბოკერია.

პრეზიდენტის ინიციატივას გამოეხმაურა „გირჩი“ და „დროა“. პარტიებში აცხადებენ, რომ მიესალმებიან საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას, რომელიც ითვალისწინებს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნისთვის აუცილებელი რეფორმების ერთიან ხედვაზე პარტიების შეთანხმებას და ხელს აწერენ “ქართულ ქარტიას”.

პოზიცია დააფიქსირა პარტია „ახალის“ თანადამფუძნებელმა ნიკა გვარამიამაც. მისი თქმით, სწორია პრინციპი და მიმართება საზოგადოების კონსოლიდაციის მცდელობისკენ:

„რაც შეეხება ტექსტს, ჩემთვის მიუღებელი მასში არაფერია. „ახალი“ ქარტიას ხელს მოაწერს“ — ამბობს ნიკა გვარამია.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე კი ამბობს, რომ დარწმუნებულია მოძებნიან საერთო ენას, რითაც შეუერთდებიან ამ პროცესს:

„დარწმუნებული ვარ, მოვძებნით საერთო ენას, რითაც შევუერთდებით ამ საერთო პროცესს. მე უფრო მეტ ერთობას ვისურვებდი“ — უთხრა გიორგი ვაშაძემ „ფორმულას“.

განცხადება გაავრცელა „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამა“. პარტიაში აღნიშნავენ, რომ პრეზიდენტის ინიციატივას უერთდებიან:

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მიესალმება საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ახალ ინიციატივას, რომლის მიზანსაც ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული გადასადგმელი ნაბიჯებისა და რეფორმების შესახებ პროდასავლური პარტიების საერთო ხედვის ჩამოყალიბება წარმოადგენს. შესაბამისად, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” უერთდება პრეზიდენტის მიერ ინიციირებულ ქართულ ქარტიას“ — აცხადებენ პარტიაში.

პრეზიდენტის ინიციატივას უერთდება პარტია „მოქალაქეები“. ამის შესახებ „ტვ პირველთან“ პარტიის ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

„შინაარსობრივი ერთობის გარეშე „ქართულ ოცნებას“ ვერ დავამარცხებთ. ეს უნდა ვიცოდეთ. „ქართული ოცნების“ დამარცხების გარეშე კი რუსეთში აღმოვჩნდებით. სინამდვილეში, ძალიან მარტივი არჩევანია. პოლიტიკურ პარტიებს ვითარება პრეზიდენტმა კიდევ უფრო გაგვიადვილა და რა თქმა უნდა, ჩვენ ამ ქარტიას შევუერთდებით“, – განაცხადა ელისაშვილმა.

პრეზიდენტის შეთავაზებულ ქარტიას უერთდება საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ევროოპტიმისტები“, რომლის წევრებიც რომან გოცირიძე და ხატია დეკანოიძე არიან.

„ქართული ოცნება“ არის მარტოდმარტო და ამ ქარტიას, რომელიც პრეზიდენტმა წარმოადგინა, ალბათ, პოლიტიკური პარტიების აბსოლუტური უმრავლესობა შეუერთდება. ჩვენ, „ევროოპტიმისტები“, როგორც პოლიტიკური ჯგუფი, ამ ქარტიას მივესალმებით და ვუერთდებით“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

პრეზიდენტის ინიციატივას ჯერ-ჯერობით არ უერთდება პარტია „გახარია – საქართველოსთვის“. თუმცა მათი თქმით, რეფორმების ის გეგმა, რომელიც პრეზიდენტმა წარადგინა, ძალიან მნიშვნელოვანი და სწორია და ამ რეფორმებს მხარს დაუჭერენ.

„რაც შეეხება ქარტიის მხარდაჭერას, ქარტიაზე ხელმოწერას და შეერთებას, იქ არის საკითხები, რომლებთან დაკავშირებითაც კითხვები გვაქვს: დროებითი ტექნიკური მთავრობის შესახებ, ვადამდელი არჩევნების შესახებ… კიდევ არის სხვა საკითხები, ამიტომ არ მინდა მოვლენებს გავუსწრო.  ამ თემაზე საუბარი გვჭირდება პრეზიდენტთან, ინიციატორებთან და ამის შემდეგ გეტყვით ჩვენს პოზიციას, შევუერთდებით თუ არა ქარტიას“, – განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

პრეზიდენტის შეთავაზებულ ქარტიას ხელს არ აწერს პარტია „გირჩი“, თუმცა როგორც პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, იაგო ხვიჩია ამბობს, ინიციატივას მიესალმებიან.

„მივესალმებით ქალბატონი სალომეს ამ ინიციატივას. მიგვაჩნია, რომ ძალიან კარგი საქმეა ოპოზიციის ან მათი ნაწილის ერთმანეთთან ისე დალაგება, რომ ოპოზიციის ხმები არ დაიკარგოს. ამიტომ, ვგულშემატკივრობთ და მოვუწოდებთ ჩვენს კოლეგებს, შეუერთდნენ ქალბატონი სალომეს ინიციატივას[…]

არის პუნქტები, სადაც კითხვის ნიშნებია. ჩვენც გვაქვს შეკითხვები, რომლებსაც დავსვამთ. აქედან გამომდინარე, ცხადია, რომ ჩვენი ხელმოწერა ამ დოკუმენტს არ ექნება, მაგრამ ჩვენ მზად ვართ, ნებისმიერ დისკუსიაში მივიღოთ მონაწილეობა“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

გამომდინარე იქიდან, რომ რამდენიმე პარტიას პოზიცია ჯერჯერობით არ დაუფიქსირებია, სტატია შესაძლოა განახლდეს.


დღეს, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პროევროპულ ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს „ქართული ქარტია“ წარმოუდგინა, რომელიც იმ ნაბიჯებს მოიცავს, რომელიც არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ხელმომწერმა პოლიტიკურმა ძალებმა უნდა შეასრულონ, შემდგომ კი თავისუფალ გარემოში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დანიშნონ.

ვრცლად წაიკითხეთ: „ქართული ქარტია“ — რას სთავაზობს პრეზიდენტი პარტიებს

 

მასალების გადაბეჭდვის წესი