ახალი ამბები

წულუკიანი: ჰააგის პროკურორს ვუთხარით – რუსეთის როლი ვერ იქნება მინიმიზებული აგვისტოს ომში

16 ოქტომბერი, 2015 •
წულუკიანი: ჰააგის პროკურორს ვუთხარით – რუსეთის როლი ვერ იქნება მინიმიზებული აგვისტოს ომში

“რუსეთის როლთან დაკავშირებით საპასუხოდ აღინიშნა, რომ პროკურორის შუამდგომლობა ეყრდნობა მხოლოდ სამართლებრივ ფაქტებს, იმ ინფორმაციას, რა ინფორმაციაც მის ხელთ იყო, თუმცა, რა თქმა უნდა, ჰააგის სასამართლო მზად იქნება, პროკურორის ოფისის ჩათვლით, რომ ქართული მხარის მიერ მიწოდებული ყველა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მართავდა რუსეთი ყველა ოსურ დანაყოფს თუ შენაერთს და რომ სინამდვილეში ეს არ იყო მხოლოდ ქართულ-ოსური დაპირისპირება, ეს იყო, პირველ რიგში, ომი საქართველოს და რუსეთს შორის, როდესაც რუსეთმა ჩვენზე აგრესია განახორციელა”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.


მისივე თქმით, ეს მიმართულება ისედაც არის პროკურორის მოთხოვნაში, სადაც “ის შავით თეთრზე ამბობს უკვე თავის მოთხოვნაში, რომ ე.წ. ოსურ ჯარში, საჯარო სამსახურში, ყველგან რუსი საჯარო მოხელეები იყვნენ, მაგრამ ჩვენ მას ვუთხარით, რომ ამ მიმართულებას გაძლიერება სჭირდება და რომ რუსეთის როლი არ არის და ვერ იქნება ამ კონფლიქტში მინიმიზებული”.

 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის თქმით, ქართული მხარე ჰააგასთან თანამშრომლობს, პირველ რიგში, იმ მიმართულებით, რომელსაც თავად ჰააგის პროკურორმაც ხაზი კიდევ ერთხელ გაუსვა თბილისშიც:


“ეს არის ცხინვალის რეგიონში ქართველთა ეთნიკური წმენდა. დავაყენეთ საკითხი, რომ ეს გამოძიება ვერ ჩაითვლება სრულფასოვნად, თუ ჰააგის პორკურატურამ არ გამოიძია ჩვენი, ქართველი სამხედრო ტყვეების წამების და მათი მკვლელობის ფაქტები. დავაყენე საკითხი, რომ ამ გამოძიების ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად უნდა იყოს გიორგი ანწუხელიძის, კახა ხუბულურის, უშანგი სოფორომაძის წამება და მკვლელობა და ასევე დანარჩენი 23 სამხედრო ქართველი ტყვის მიმართ წამება და სხვა არაადამიანური მოპყრობის ფაქტები”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.


საქართველოს იუსტიციის მინისტრმა მიმართა პოლიტიკურ სპექტრსა და საზოგადოებას:

 

“აგვისტოს ომის საქმე, არ არის რომელიმე მინისტრის, რომელიმე ერთი გამომძიებლის ან რომელიმე ერთი ჟურნალისტის საქმე. აგვისტოს ომის საქმე არის ქართული საქმე და ჩვენ ერთად, ერთიანი პოზიციით, შიდა კინკლაობებისა და ერთმანეთის შეურაცხყოფის, ერთმანეთისთვის რაღაცების მტკიცების გარეშე ამ სამართლებრივ გზაზე უნდა ვიაროთ ერთად და ერთად, მთელმა ქვეყანამ დავამტკიცოთ, რომ დიახ, რუსეთი თავს დაგვესხა, დიახ, ჩვენ განვიცადეთ ეთნიკური წმენდა, დიახ, დღესაც ოკუპაცია მიმდინარეობს და სამხედრო დანაშაული რუსეთის მხრიდან არის სახეზე”. 

თეა წულუკიანი
თეა წულუკიანი

მასალების გადაბეჭდვის წესი