ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის პრეზიდენტი დავით მესხიშვილი ამბობს, რომ მილიონზე მეტი მანქანა საქართველოსთვის ძალიან დიდი რაოდენობაა, თანაც ავტომობილების მატება არ არის დაკავშირებული მოსახლეობის კეთილდღეობასთან.
მესხიშვილის თქმით, საქართველოში ყოველ მესამე ადამიანს მანქანა აქვს, ხოლო ყოველ მესამე ადამიანში შედის ბავშვიც და ხანდაზმულიც, ვინც საჭეს ვერ მართავს. რაც იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა ერთ ადამიანს ან ერთ ოჯახს ჰყავდეს სამი და ოთხი ავტომობილი.
მესხიშვილი ამბობს, რომ საქართველოს არ აქვს სატრანსპორტო პოლიტიკა, რადგან ნებისმიერ პირს შეუძლია საზღვარზე გადმოიყვანოს ნებისმიერი “ჯართი”. ამიტომაცაა, რომ ახალი შემოყვანილი მანქანების დიდი ნაწილი მოძველებულია და მძიმე მდგომარეობაშია.
რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ ავტომობილების რაოდენობის შესამცირებლად? დავით მესხიშვილის აზრით, უნდა დაწესდეს ევრო 4-ის სტანდარტი, რითიც საზღვარზე დაწესდება შეზღუდვები ავტომობილების შემოყვანასთან დაკავშირებით.
ასევე, უნდა განვითარდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომელიც თბილისის მაგალითზე არის ამორტიზებული და სიცოცხლისთვის საშიში.
დავით მესხიშვილს მოჰყავს ბელგიის მაგალითი, სადაც წაახალისეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამოყენება: მუნიციპალიტეტების და იურიდიულად რეგისტრირებული კომპანიების ხელმძღვანელებმა თავის თანამშრომლებს უფასო გაუხადეს მგზავრობა, ასევე, ჩამოწერეს სახელმწიფო ავტომობილები.
“ყველამ, ვისაც ჰყავდა ავტომობილი, გააჩერა. უქმე დღეებში უფრო მეტად გამოყავთ ავტომობილები, ვიდრე სამუშაო დღეებში”, – ამბობს დავით მესხიშვილი.
საქართველოში კი პირიქითაა, ამბობს მესხიშვილი, – ჩვენი მოქალაქეების 70% პირველივე მოგროვილი თანხით ავტომობილებს ყიდულობენ, რადგან გადაადგილების ალტერნატიული საშუალება, საზოგადოებრივი ტრანსპრორის სახით, არ არის.
“ნეტგაზეთმა” საქართველოში ავტომობილების რაოდენობა შეადარა ხორვატიის მონაცემებს, ხორვატიის მოსახლეობა 4,284,889 ადამიანია, ხოლო ფართობი 56,594 კვადრატული კილომეტრი.
ხორვატიის სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, 2013 წელს ხორვატიაში რეგისტრირებული ავტომობილების საერთო რაოდენობაა 1 902 630. 2013 წელს 2012 წელთან შედარებით ავტომობილების რაოდენოებამ 0.4%-ით იმატა. 2013 წელს ახლად რეგისტრირებული ავტომობილების მაჩვენებელი (67 711 მანქანა) 15.5%-ია. 2013 წლის მონაცემებით, რეგისტრირებულია 96 471 მოპედი, 58 311 მოტოციკლი, 1 860 კვადროციკლი, 1 448 299 მსუბუქი მანქანა, 4 789 ავტობუსი, 141 491 სატვირთო მანქანა, 110 360 ტრაქტორი, 7 789 სპეციალური ტექნიკა, 33 260 მისაბმელიანი მანქანები.