ახალი ამბები

წულუკიანი: ვიმუშავებთ, რომ გამოძიება ჩატარდეს როგორც ეთნოწმენდის, ასევე წამების მხრივ

15 ოქტომბერი, 2015 • 1180
წულუკიანი: ვიმუშავებთ, რომ გამოძიება ჩატარდეს როგორც ეთნოწმენდის, ასევე წამების მხრივ

გარდა ამისა, წულუკიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ როგორც წინა, ისე ახლანდელი ხელისუფლების დროს, ყველა პროკურორმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ეს საქმე სრულყოფილად ყოფილიყო გამოძებული. იუსტიციის მინისტრი ამბობს, რომ თუკი გამოძებაში რამე ხარვეზია, ეს ოკუპაციას უკავშირდება.


“ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჰააგის პროკურორმა მთლიანად აგვისტოს ომის სიტუაციაზე მოითხოვა ნებართვა ჰააგის მოსამართლისგან, რომ ჩაატაროს გამოძიება აგვისტო–სექტემბერი–ოქტომბრის პერიოდზე. მთლიანად აგვისტოს ომის სიტუაციაზე არის მოთხოვნილი გამოძიების ნებართვა. ეს მნიშვნელოვანია საქართველოსთვის და ჩვენთვის, რადგან ჩვენ მხოლოდ ეთნიკურ წმენდაზე არ გავაკეთებთ აქცენტს. ჩვენთვის, რა თქმა უნდა, მთავარია ეთნიკური წმენდის ნაწილი, სადაც, როგორც თავად პროკურორი ამბობს, დღეს სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე 75%–ით არის შემცირებული ეთნიკური ქართველების რიცხვი, ამას ჩვენს შევძლებთ დავამტკიცოთ და ამაზე ვიმუშავებთ, რომ ქართველების ეთნოწმენდა ჩატარდა. მაგრამ ჩვენ ასევე ვიმუშავებთ იმაზე, რომ ყცველა ის ეთნიკურად ქართველი ადამიანი, იქნებოდა ეს სამოქალაქო პირი თუ ჩვენი სამხედრო, რომლებიც იქნენ ნაწამები, ამაზეც ჩატარდეს გამოძიება,”– აცხადებს მინისტრი. 


თეა წულუკიანის განცხადებით, ბოლომდე დავიცავენ ქართულ ინტერესს ამ საქმეში. იუსტიციის მინისტრის თქმით, ძალიან კარგია, რომ გამოძებას არა ერთი ან ორი მიმართულება, არამედ მთლიანად აგვისტოს ომის სიტუაცია გადაეცა.


წულუკიანის განცხადებით, უკვე გაეცნენ პროკურორის შუამდგომლობას, რომელიც 160 გვერდისგან შედგება და გამოიყენებენ იმ პროცედურულ უფლებებს, რაც რეგლამენტით აქვთ მინიჭებული. მანვე აღნიშნა, რომ წარადგენენ შესაგებელს, რომ გამოძიების პირველივე დღიდან იყოს სხვადასხვა მიმართულება პრიორიტეტული, მათ შორის, ქართველი სამხედროების წამება.


იუსტიციის მინისტრის თქმით, ჰააგის პროკურორი საქართველოში 15 ოქტომბერს ჩამოვა. 16 ოქტომბრის დილას კი, იუსტიციის სამინისტრო, როგორც მხარე, საქართველოს მთავარ პროკურატურასთან ერთად შეხვდება მას და ამ საკითხებს განიხილავენ. 


თეა წულუკიანი იმედოვნებს, რომ ჰააგის პროკურორს საგამოძებო მოქმედებების ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარება შეეძლება.


“ჩვენ, 2008 წლის აგვისტოდან, საქართველომ, დავკითხეთ 6 000 მოწმე და ჩავატარეთ 200–ზე მეტი საგამოძიებო მოქმედება. ბოლო თვეების ნამძილზე 100 მოწმეა დაკითხული მხოლოდ. ეს არის ერთ–ერთი ყველაზე მასშტაბური გამოძიება, რაც კი საქართველოს პროკურატურის ისტორიაში ჩატარებულა. ჩვენ ვაპირებთ, რომ ეს მასალები მთლიანად გადავცეთ ჰააგის პროკურურს, რათა მას არ მოუწიოს ხელმეორედ ჩაატაროს ეს ქმედებები, რაც უკვე ჩატარდა. ჩვენი მთავარი ხარვეზი არის ის, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ხელი არ მიგვიწვდება და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჰააგის პროკურორს შეეძლება საგამოძიებო მოქმედებები ჩაატაროს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ამისთვის ჩვენ ყველაფერში შევუწყობთ მას ხელს, რადგან დამტკიცდეს ის, რაც არის მომხდარი, ქართველთა ეთნიკური წმენდა, სამხედროების წამება და ძალიან ბევრი სხვა დანაშაული, რომელიც ოკუპენტმა სახელმწიფომ ჩვენს ტერიტორიაზე, საქართველოს ტერიტორიაზე, მათ შორის, სამხრეთ ოსეთში განახორციელა,”– აცხადებს თეა წულუკიანი.


 

მასალების გადაბეჭდვის წესი