საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრის მოადგილის განცხადებით, უნგრეთისთვის საქართველო ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანაა. ლასლო საბოს იმედი აქვს, რომ თბილისში ყოფნის დღეები ბევრის მომტანი და სასარგებლო იქნება.
„ჩვენთვის საქართველო ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანაა. უნგრეთი საქართველო-უნგრეთის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის თანათავმჯდომარე ქვეყანაა და იმედი მაქვს, რომ თბილისში ყოფნის დღეები იქნება ბევრის მომტანი და სასარგებლო. საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა აღმოსავლეთიდან ევროპაში და პირიქით- ენერგიის, საქონლის ტრანზიტისა და ტურიზმის განვითარების უზრუნველყოფა. ხოლო უნგრეთი შეასრულებს „ჭიშკარის“ როლს, რომლის მეშვეობითაც ჩინეთიდან, ცენტრალური აზიიდან პროდუქცია, მომსახურება ევროპაში შევა. იმედი მაქვს, რომ ამ ინიციატივის მეშვეობით უფრო განვითარდება ვაჭრობა ევროპასა და ცენტრალურ აზიას შორის. ჩვენ უნდა გავაუქმოთ ბარიერები, უნდა გავერთიანდეთ და ხელი უნდა შევუწყოთ ამ პროცესების განხორციელებას ორ კონტინენტს შორის,” – განაცხადა ლასლო საბომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ფორუმში მონაწილეობას ევროპის, აზიის და ჩრდილოეთ ამერიკის 31 ქვეყნის წარმომადგენლობითი დელეგაცია მიიღებს, მათ შორის – ვიცე-პრემიერები და მინისტრები (ავღანეთი, აზერბაიჯანი, არაბთა გაერთიანებული საემიროები, აშშ, ბელარუსი, დანია, თურქეთი, თურქმენეთი, ინდოეთი, იტალია, კანადა, კვიპროსი, სამხრეთ კორეა, ლატვია, ლიტვა, მოლდოვა, ნორვეგია, პოლონეთი, რუმინეთი, საფრანგეთი, სლოვენია, სომხეთი, უზბეკეთი, უკრაინა, უნგრეთი, ქუვეითი, ყაზახეთი, ყირგიზეთი,შვეიცარია, ჩეხეთი, ჩინეთი).
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმში“ 20 საერთაშორისო, საფინანსო და დონორი ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირებიც მიიღებენ მონაწილეობას. უწყების ცნობით, დღეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მაღალი რანგის სტუმრების დახვედრის ცერემონია მთელი დღის განმალობაში მიმდინარეობს. „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ ხვალ რუსთაველის აკადემიურ თეატრში 10:00 საათზე გაიხსნება.