ახალი ამბები

მხოლოდ 7% ფიქრობს, რომ „ოცნება“ დასავლეთთან ინტეგრაციის გზაზეა — კვლევა

10 თებერვალი, 2025 •
მხოლოდ 7% ფიქრობს, რომ „ოცნება“ დასავლეთთან ინტეგრაციის გზაზეა — კვლევა

„სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის” (ISSA) გამოკითხულთა 86.3% ემხრობა ევროკავშირში გაწევრიანებას, 74.2% კი- ნატოში.

ამავდროულად და ამის მიუხედავად, რესპონდენტთა ნახევარზე მეტი (53%-მდე) მხარს უჭერს, რომ საქართველო არცერთ პოლიტიკურ/სამხედრო საერთაშორისო სტრუქტურაში არ გაერთიანდეს და ნეიტრალიტეტი ჰქონდეს. ნეიტრალიტეტის პერსპექტივას ეწინააღმდეგება 38,4%.

რუსეთის შექმნილ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში [ОДКБ] გაწევრიანებას 14%-მდე ემხრობა, 80% კი ეწინააღმდეგება.

რაც შეეხება „ქართული ოცნების“ საგარეო კურსს, რესპონდენტთა უმრავლესობა (67%-მდე) აშშ-თან სტრატეგიული ურთიერთობის გაწყვეტას უარყოფითად აფასებს.

გამოკითხულთა 67.1%-ისთვის მიუღებელია ირაკლი კობახიძის 2024 წლის 28 ნოემბრის განცხადება ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების 2028 წლამდე გადავადების შესახებ.

გამოკითხულთა უმრავლესობა (55%-მდე) მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნების“ საგარეო პოლიტიკა რუსეთის/რუსეთთან დაახლოებული ქვეყნების (ჩინეთი, ირანი და სხვ.) ინტერესების გატარებას ემსახურება.

30.1%-ის აზრით, „ქართული ოცნება“ ეწევა დაბალანსებულ საგარეო პოლიტიკას და კონკრეტულად არც ერთი ქვეყნის ინტერესებს არ ატარებს. მხოლოდ 7 პროცენტია დარწმუნებული იმაში, რომ „ქართული ოცნება“ დგას დასავლეთთან (ევროპა, აშშ) და დასავლურ სტრუქტურებთან (ევროკავშირი, ნატო) ინტეგრაციის გზაზე.

წყარო: ISSA

სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის (ISSA) კვლევა 2025 წლის 18-30 იანვარს ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა. გამოიკითხა 2000 რესპონდენტი, პირისპირ ინტერვიუს მეთოდით. რესპონდენტები შეირჩნენ ოჯახებში შემთხვევითი წესით. კვლევის შედეგები უზრუნველყოფს ±2.2% შერჩევის ცდომილებას მთლიანი შერჩევისთვის, 95%-იანი სანდოობით.

მასალების გადაბეჭდვის წესი