Human Rights Watch-ის განცხადებით, აუცილებელია, რომ ჰააგის სასამართლომ რაც შეიძლება მალე წამოიწყოს საინფორმაციო კამპანია საქართველოსა და რუსეთში, რათა საზოგადოებამ კარგად გაიგოს, თუ რა მანდატს ფლობს საერთაშორისო სასამართლო და რა პროცედურებია საჭირო პროკურორის მიმართვის განსახილველად და გამოძიების დასაწყებად.
“სასამართლომ გადაწყვეტილება დამოუკიდებლად უნდა მიიღოს და სახელმწიფო ლიდერებმა სრული მხარდაჭერა უნდა გამოუცხადონ გადაწყვეტილებას,”- განაცხადა HRW-ის უფროსმა, საერთაშორისო სამართლის მრჩეველმა ელიზაბეტ ევენსონმა. – “დაზარალებულები დღემდე ელიან სამართლიან დასკვნებს იმაზე, რაც მოხდა 2008 წელს”.
როგორც ორგანიზაციის განცხადებაშია ნათქვამი, გამოძიებამ შესაძლოა ფანჯარა გაუხსნას სამართალს იმ საერთაშორისო დანაშაულების გამოსაძიებლად, რომელსაც ადგილი ჰქონდა 2008 წელს სამხრეთ ოსეთის რეგიონში.
Human Rights Watch-ის განცხადებით, 2008 წლის აგვისტოს შეირაღებული კონფლიქტის დროს მრავალი ადამიანი დაიღუპა და ზიანი მიადგა მოქალაქეთა საკუთრებას კონფლიქტის ორივე მხარეს. არასრულფასოვანმა გამოძიებამ კი ხელი შეუშალა სამართლიანი დასკვნების გაკეთებას.
ორგანიზაციის ცნობით, მათ მიერ ჩატარებულმა კვლევამ დაადგინა, რომ სამხრეთ ოსეთის სამხედრო ძალების წევრები სცემდნენ, კლავდნენ და აშინებდნენ ეთნიკურ ქართველებს, წვავდნენ და ძარცვავდნენ მათ სახლებს, რათა ისინი იძულებული გამხდარიყვნენ დაეტოვებინათ რეგიონი. HRW-მა ასევე აღწერა, როგორც ქართული, ისე რუსული მხარის არათანაბარი და არაპროპორციული თავდასხმები, რომლებმაც შესაძლოა დაარღვიეს ომის კანონები.
ჰააგის სასამართლოს იმ შემთხვევაში შეუძლია მოქმედება, თუ ეროვნულ ხელისუფლებას არ შეუძლია ან არ აქვს სურვილი საქმის გამოძიების. იმ ანგარიშის მიხედვით, რომელიც პროკურორმა წარადგინა, საშინაო გამოძიება ამ თემასთან დაკავშირებით წინააღმდეგობებს წააწყდა: რუსეთის ხელისუფლება გამორიცხავს ბრალდებებს ოსური ძალების მისამართით, ხოლო ქართველ პროკურორებს ხელი არ მიუწვდებათ ინფორმაციაზე და რუსეთი არ თანამშრომლობს მათთან.
“ჰიუმან რაითს უოჩის” განცხადებით, თუ გამოძიება დაიწყება, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორს ექნება მანდატი, რომ გამოიძოს მიუკერძოებლად, მიუხედავად იმისა, თუ რომელი მხარეა სავარაუდო დამნაშავე. ეს მოიცავს ბრალდებებს როგორც ქართული და რუსული ძალების, ასევე ოსური შეიარაღებული ძალების წარმომადგენლების მისამართით.
13 ოქტომბერს, რომის სტატუტის (Rome Statute) მე-15(3) მუხლის შესაბამისად, ჰააგის საერთაშორისო სისხლის სასამართლოს ხელმძღვანელობას მიმართა პროკურატურამ, რომელიც ფიქრობს, რომ 2008 წლის შეიარაღებული კონფლიქტის დროს სასამართლოს იურსდიცქციის ფარგლებში ჩადენილ იქნა დანაშაული.