არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ თავმჯდომარე და თავდაცვის ყოფილი მინისტრის, თინა ხიდაშელის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ აშშ-ის კონგრესში შესატან კანონის პროექტზე – MEGOBARI Act – პასუხის გაცემა იჩქარა.
როგორც თინა ხიდაშელი ნეტგაზეთთან ამბობს, ჯერ დოკუმენტი ოფიციალურად გავრცელებული არაა და წინმსწრებად გაკეთებული განცხადების გამო, შესაძლოა ხელისუფლება უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდეს.
საუბარია გამოცემა POLITICO-ს გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც, სამხრეთ კაროლინის რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი კონგრესში წარადგენს კანონპროექტს – MEGOBARI Act – რომელიც საქართველოსთვის ეკონომიკური და უსაფრთხოების მხარდაჭერის ყოვლისმომცველ პაკეტს ითვალისწინებს, მათ შორის აშშ-სთან ვიზალიბერალიზაციას, თუ მთავრობა უარს იტყვის მზარდ ანტიდასავლურ რიტორიკაზე და შეწყვეტს ადამიანის უფლებათა კუთხით უკუსვლას.
პასუხად კი „ქართული ოცნება“ ამბობს, რომ ეს შეთავაზება ბუნდოვანი პერსპექტივა და შანტაჟია.
„დავიწყოთ იქიდან, რომ არც მათ და არც ჩვენ არ ვიცით სინამდვილეში ამ კანონპროექტის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია. მხოლოდ გვაქვს ინფორმაცია ერთი კონკრეტული, ანგარიშგასაწევი, საინფორმაციო საშუალებიდან. ხელისუფლების ადგილზე რომ ვიყო, არ ვიჩქარებდი. ასეთი წინმსწრებად გაკეთებული განცხადებებით ბევრჯერ აღმოჩნდნენ უხერხულ მდგომარეობაში“, – აცხადებს თინა ხიდაშელი.
რაც შეეხება „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების კიდევ ერთ არგუმენტს, რომ ეს „ჯერჯერობით მხოლოდ ერთი კონგრესმენის ინიციატივაა“, თინა ხიდაშელი ამბობს, რომ აშშ-ში გავრცელებული პრაქტიკაა, როცა კანონპროექტს ერთი სპონსორი ჰყავს.
„როგორც წესი, აშშ-ში უამრავ საკანონმდებლო აქტს მხოლოდ ერთი კონგრესმენის, ერთი სენატორის წარდგენა აქვს ხოლმე, მაგრამ უმეტეს შემთხვევებში ასეთი კანონპროექტის წარდგენა ხდება იმ შემთხვევაში, თუ წინასწარ ეგულებათ მხარდაჭერა. ამიტომ ცოტა მეტი რომ იცოდნენ, ასეთ განცხადებებს არ გააკეთებდნენ.
ეს არის ჩვეულებრივი პრაქტიკა – კანონპროექტის სპონსორი შეიძლება იყოს ერთი წარმომადგენელი, მაგრამ ასეთი კანონპროექტების უმრავლესობას იღებს შემდეგ სენატიც და ქვედა პალატაც იმის მიხედვით, თუ როგორია მხარდაჭერა. შესაბამისად, როცა ოფიციალური გახდება მთელი ეს პროცესი, ყველაფერი უკეთესად მაშინ გამოჩნდება“, – აცხადებს თინა ხიდაშელი.
ამასთან, თინა ხიდაშელი ხაზს უსვამს POLITICO-ს მიერ გავრცელებულ იმ ინფორმაციასაც, რომლის თანახმადაც კანონპროექტის ის ნაწილი, რომელიც საქართველოსთვის შეთავაზებებს მოიცავს, ჯერ კიდევ თვეების წინ, რუსული კანონის შემობრუნებამდე, იყო მზად.
თინა ხიდაშელის თქმით, ეს „ქართული ოცნების“ წევრებმაც კარგად იციან, თუმცა ახლა პოლიტიკური კონიუნქტურიდან გამომდინარე არ აწყობთ ამაზე საუბარი და ამ ყველაფერს „შანტაჟს“ ეძახიან.
მისი თქმით, სინამდვილეში ყველამ კარგად იცის, რომ როცა საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღო, პარალელური პროცესი აშშ-შიც დაიწყო.
„ჩვენი ხელისუფლებაც ითხოვდა ამას, მაგრამ თუ შენი პარტნიორია სახელმწიფო, მერე ყველაფერს აკეთებს, რომ დაგეხმაროს იმ ყველაზე მნიშვნელოვან გზაზე, რომელზეც დგახარ. ამ [ევროკავშირის] გზაზე მდგარს ყველაზე მეტად გვჭირდება ამერიკელების მხარდაჭერა. ყველამ კარგად ვიცით, რომ ნატოშიც და ევროკავშირშიც ჩვენი მთავარი ლობისტი ყოველთვის ვაშინგტონი იყო.
შესაბამისად, ეს ინიციატივა დამუშავების პროცესში იყო. თავად POLITICO-ს სტატიაშიც წერია, რომ ეს არ არის დღეს შექმნილი. იქ წერია, რომ ეს დოკუმენტი მომზადებული იყო 3-4 თვის წინ. მოამზადეს არა იმიტომ, რომ აქ „ოცნება“ მიიღებდა რუსულ კანონს და ამაზე საპასუხოდ სჭირდებოდათ, არამედ ეს იყო შეთავაზება ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მყოფი საქართველოსთვის, რომ დეკემბრისთვის, როცა მოლაპარაკებების გახსნის საკითხი უნდა გადაწყვეტილიყო, ამერიკელების მხარდაჭერით და მათი კონკრეტული მოქმედებებიდან გამომდინარე, ჩვენი ქვეყნის მიმართ ნდობა გაზრდილიყო.
უბრალოდ, ამ კანონპროექტს დაემატა მეორე ნაწილი [სანქციებთან დაკავშირებით], რომელიც 3-4 თვის წინ არ იყო სახეზე ამ რუსული კანონიდან გამომდინარე. თორემ მისი პირველი, პოზიტიური ნაწილი, დაახლოებით 3 თვის წინ მოამზადეს და მოლაპარაკებები იყო დაწყებული მისი იმპლემენტაციის რეალურობაზე სხვადასხვა ჯგუფთან შეხვედრაზე კონგრესში“, – აცხადებს თინა ხიდაშელი.
გარდა ამისა, თინა ხიდაშელის თქმით, ამ დოკუმენტის მთავარი ღირებულება ისაა, რომ ამ კრიტიკულ მომენტში სწორედ აშშ აღმოჩნდა ის ქვეყანა, რომელმაც საქართველოს კონკრეტულ საკითხებში მხარდაჭერის ხელი გამოუწოდა და უთხრა, რომ “მზად არის ხელი მაგრად მოჰკიდოს და ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე ატაროს“.
„როდესაც ხარ ქვეყანა, რომელსაც თავისუფალი ვაჭრობა აქვს აშშ-სთან, როცა ისეთი მაღალი ნდობაა შენ მიმართ გამოხატული, რომ უვიზო მიმოსვლა გაქვს, რა თქმა უნდა, ასეთი სახელმწიფოს მიმართ ნდობას ამაღლებს და აადვილებს ევროკავშირის წევრობისკენ მიმავალ გზას“, – აცხადებს თინა ხიდაშელი.
მისი თქმით, ეს ამერიკული კანონპროექტი „ქართულ ოცნებას“ სახის შენარჩუნებაშიც დაეხმარებოდა საკუთარ მხარდამჭერებში, თუმცა მათ იმის თქმა ამჯობინეს, რომ ამით „აშანტაჟებენ“.
„[„ოცნების“ პასუხზე] მე ვერაფერს ვიტყვი, რადგან შეფასება აღქმების ამბავია, ვიღაც ასე [შანტაჟად] ხედავს და აღიქვამს, ვიღაც სხვანაირად. პირადად მე მიმაჩნია, რომ ეს არის ყველაზე ერთმნიშვნელოვანი და ღია მხარდაჭერის დამადასტურებელი აქტი, როცა მიუხედავად უმძიმესი ვითარებისა, როცა მთელი ცივილიზებული სამყარო თითს უქნევს საქართველოს ხელისუფლებას, ამერიკელებმა მხარდაჭერის ხელი გამოგვიწოდეს.
გვითხრეს, ოღონდ დემოკრატიიდან არ გადაუხვიოთ და ევროკავშირის არ აცდეთ, მზად არიან ბოლომდე ასე ხელჩაჭიდებული გვატარონ. ამიტომ აღქმები ძალიან სუბიექტური ამბავია, თუმცა ნამდვილად სრულიად სხვა შემთხვევასთან გვაქვს საქმე და არა შანტაჟთან“, – აცხადებს თინა ხიდაშელი.
გამოცემა POLITICO-ს ცნობით, აშშ-ში განიხილავენ საქართველოსთვის ეკონომიკური და უსაფრთხოების მხარდაჭერის ყოვლისმომცველ პაკეტს, თუ მთავრობა უარს იტყვის მზარდ ანტიდასავლურ რიტორიკაზე და შეწყვეტს ადამიანის უფლებათა კუთხით უკუსვლას.
როგორც გამოცემა წერს, ამას ითვალისწინებს სამხრეთ კაროლინის რესპუბლიკელი კონგრესმენის ჯო უილსონის მიერ კონგრესში ამ კვირაში წარდგენილი კანონპროექტის პირობები, რომელიც POLITO-მ ნახა. კანონპროექტის სახელია MEGOBARI Act (Mobilizing and Enhancing Georgia’s Options for Building Accountability, Resilience, and Independence Act – საქართველოს შესაძლებლობის გაძლიერებისა და მობილიზაციის აქტი ანგარიშვალდებულების, მდგრადობისა და დამოუკიდებლობის გაზრდის მიზნით).
კანონპროექტით, აშშ დაიწყებს მოლაპარაკებებს საქართველოსთან „მყარი შეღავათიანი სავაჭრო რეჟიმის“ გახსნაზე, თუ ქვეყანა ძირითად პოლიტიკურ კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს.
გარდა ამისა, გამოცემის ცნობით, კანონპროექტი საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციასაც მოითხოვს.
მათივე ინფორმაციით, კონგრესმენ ჯო უილსონის კანონპროექტი ავალდებულებს ოფიციალურ პირებს შეიმუშაონ საქართველოსთვის სამხედრო დახმარების პაკეტი, მათ შორის „უსაფრთხოების და თავდაცვის აღჭურვილობის უზრუნველყოფას, რომელიც იდეალურია რუსული აგრესიისგან ტერიტორიული თავდაცვისთვის და ასევე ოპერაციებს შესაბამისი წვრთნების, ტექნიკური უზრუნველყოფისა და მხარდაჭერის ელემენტებით“.
„თუმცა, პროგრამა გააქტიურდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აშშ დაადასტურებს, რომ „საქართველომ აჩვენა მნიშვნელოვანი და მდგრადი პროგრესი თავისი დემოკრატიის აღორძინების მიმართულებით, რაც დასტურდება მინიმუმ არსებითად სამართლიანი და თავისუფალი არჩევნებით და დაბალანსებული წინასაარჩევნო გარემოთი“, – წერს POLITO.
ამასთან, POLITICO-ს ინფორმაციით, კანონპროექტი საქართველოს ხელისუფლების იმ წარმომადგენლებისთვის აქტივების გაყინვასა და სავიზო აკრძალვებს ითვალისწინებს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს რუსული სტილის „უცხოური აგენტების“ კანონს.
გამოცემა წერს, რომ კანონის პროექტის ტექსტი, რომელსაც ისინი გაეცნენ, აფრთხილებს მმართველ პარტიას და აღნიშნავს, რომ „თბილისი ღიად ესხმის თავს აშშ-ს და სხვა დასავლური დემოკრატიისკენ მიმართულ ორგანიზაციებს ისევე როგორც ადგილობრივ და საერთაშორისო სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, პარალელურად კი აძლიერებს კავშირებს რუსეთსა და ჩინეთთან“.
„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოში აცხადებენ, რომ ამერიკაში ეს კანონპროექტი ჯერ მიღებული არ არის და მისი მიღების პერსპექტივა ბუნდოვანია. „ოცნებაში” აგრძელებენ პროპაგანდას, რომ თითქოს 2020 წლიდან მოყოლებული არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოში ორჯერ ცდილობდნენ რევოლუციის მოწყობას და ამით ასაბუთებენ რუსული კანონის მიღების საჭიროებას.
მმართველ პარტიაში კანონპროექტს, რომელიც დაპირებებთან ერთად, სანქციებსაც შეიცავს, „შეურაცხმყოფელ შანტაჟს“ უწოდებენ და ამბობენ, რომ ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გაჯანსაღება მთლიანად ამერიკული მხარის სწორ ქმედებებზეა დამოკიდებული და ამისთვის არა „ბუნდოვანი პერსპექტივის მქონე დაპირებები“, არამედ „ქართველი ხალხის მიმართ პატივისცემის გამოვლენაა საჭირო“.
- აშშ-ში საქართველოსთვის სავიზო და სავაჭრო ლიბერალიზაციას განიხილავენ, თუ თბილისი ანტიდემოკრატიულ სვლას შეწყვეტს – POLITICO
- ოცნება აშშ-სთან უვიზოზე წინადადებას ბუნდოვან პერსპექტივას უწოდებს და რუსულ კანონს ამჯობინებს