„ქართული ოცნება“ აშშ-ის კონგრესში შესატან კანონის პროექტს ეხმაურება, რომელიც საქართველოს ეკონომიკური და უსაფრთხოების მხარდაჭერის ყოვლისმომცველ პაკეტს და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას ჰპირდება, თუ მთავრობა უარს იტყვის მზარდ ანტიდასავლურ რიტორიკაზე და შეწყვეტს ადამიანის უფლებათა კუთხით უკუსვლას.
„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოში აცხადებენ, რომ ამერიკაში ეს კანონპროექტი ჯერ მიღებული არ არის და მისი მიღების პერსპექტივა ბუნდოვანია. „ოცნებაში” აგრძელებენ პროპაგანდას, რომ თითქოს 2020 წლიდან მოყოლებული არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოში ორჯერ ცდილობდნენ რევოლუციის მოწყობას და ამით ასაბუთებენ რუსული კანონის მიღების საჭიროებას.
მმართველ პარტიაში კანონპროექტს, რომელიც დაპირებებთან ერთად, სანქციებსაც შეიცავს, „შეურაცხმყოფელ შანტაჟს“ უწოდებენ და ამბობენ, რომ ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გაჯანსაღება მთლიანად ამერიკული მხარის სწორ ქმედებებზეა დამოკიდებული და ამისთვის არა „ბუნდოვანი პერსპექტივის მქონე დაპირებები“, არამედ „ქართველი ხალხის მიმართ პატივისცემის გამოვლენაა საჭირო“:
„სამწუხაროდ, რიგი ამერიკელი პოლიტიკოსები და ჩინოსნები შეცდომას შეცდომაზე უშვებენ და საქართველოს ისევ შანტაჟის ენით ელაპარაკებიან“ —აცხადებენ „ქართულ ოცნებაში“. საქართველოს ხელისუფლება არ თამაშობს. ჩვენ ვიღებთ ენჯეოების გამჭვირვალობის შესახებ კანონს იმის გამო, რომ ქვეყნის დამშვიდების სხვა შესაძლებლობას ვეღარ ვხედავთ. როგორც უკვე აღინიშნა, „ენჯეოებმა“ 2020 წლიდან უკვე ორჯერ სცადეს ამ ქვეყანაში რევოლუციის მოწყობა და მესამე მცდელობას გულხელდაკრეფილი ვეღარ დაველოდებოდით.
ეს კანონი ჩვენთვის არის არა ვაჭრობის საგანი, არამედ საქართველოს სუვერენიტეტის დაცვის ეფექტური საშუალება, ქვეყნის სუვერენიტეტით კი, ვერავითარ შემთხვევაში ვერ ვივაჭრებთ. ვერც საქართველოზე უსამართლო თავდასხმებს დავტოვებთ უპასუხოდ. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა ქართველი ხალხის მიმართ, რომელმაც ქვეყნის მართვის მანდატი მოგვანიჭა“ — აცხადებენ პარტიაში.
„ოცნებაში“ ამბობენ, რომ საქართველოს მიმართ ღირსეული დამოკიდებულება სრულიად სხვაგვარად უნდა ყოფილიყო გამოხატული. ამგვარი დამოკიდებულების პირობებში, მმართველი პარტიის განცხადებით, აშშ საქმით დაამტკიცებდა, რომ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია:
„კერძოდ, ყოველგვარი პირობების გარეშე, საქართველოს მოქალაქეებს ვიზალიბერალიზაციას მიანიჭებდა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას გააფორმებდა. როგორც კანონპროექტიდან ირკვევა, აშშ-ს ამის გაკეთება აქამდეც შეეძლო, თუმცა, საქართველოს და ქართველი ხალხის მიმართ გულგრილ დამოკიდებულებას ავლენდა.
აშშ ჩადებდა ფულს ქართულ ეკონომიკაში, რაც მან ბოლოს 2009-11 წლებში გააკეთა, როდესაც სააკაშვილის რეჟიმი ეკონომიკური კოლაფსისგან იყო გადასარჩენი.
აშშ უზრუნველყოფდა ენჯეოების ქცევის ცვლილებას, კერძოდ, მათი მხრიდან საქართველოს ხელისუფლების ლეგიტიმაციის არაღიარების პოლიტიკის დასრულებას და რევოლუციური გეგმების გვერდზე გადადებას;
შეწყდებოდა ევროკავშირის თემის გამოყენება საქართველოს წინააღმდეგ მუდმივი შანტაჟის ინსტრუმენტად, წლის ბოლომდე გაიხსნებოდა მოლაპარაკებები საქართველოსთან, რითაც აღდგებოდა სამართლიანობა უკრაინასთან, მოლდოვასთან და ბოსნია და ჰერცეგოვინასთან მიმართებით“ — ამბობენ „ოცნებაში“.
„ქართული ოცნების“ განცხადებით, თუ აშშ ამ ყველაფერს გააკეთებს, ამ შემთხვევაში აღარც რუსული კანონი იქნება საჭირო და აღარც „უსამართლო განცხადებებზე“ მოუწევთ პასუხის გაცემა:
„თუმცა, თუ ენჯეოები რევოლუციის მცდელობებს არ მოიშლიან, მართლმადიდებელ ეკლესიაზე თავდასხმას, რელიგიური ექსტრემიზმის მხარდაჭერას, რელიგიური სარჩულით პოლიტიკური ინტერვენციის წახალისებას, ლგბტ-პროპაგანდას, ნარკოტიკების პროპაგანდას, სახელმწიფო ინსტიტუტების შერყევის მცდელობას და ეკონომიკური პროექტებისთვის დაბრკოლებების შექმნას არ შეწყვეტენ, ხოლო რიგი ამერიკელი პოლიტიკოსები და ჩინოსნები საქართველოზე თავდასხმებს განაგრძობენ, ამ შემთხვევაში გამჭვირვალობის შესახებ კანონიც დაგვჭირდება და თავდასხმების მოგერიებაც. შესაბამისად, დღეს ენჯეოების გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღებას ალტერნატივა არა აქვს,“ — ამბობენ „ქართულ ოცნებაში“.
„ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ ურთიერთობების თვისებრივად გადალაგება საქართველოს პარტნიორებს მაქსიმუმ ერთ წელიწადში შეუძლიათ და ამბობენ, რომ „თუ ისინი ამას გააცნობიერებენ, ურთიერთობები ძალიან სწრაფად დალაგდება“, მაგრამ თუ საქართველოს მიმართ იგივე მიდგომებით განაგრძობენ მოქმედებას, მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ ამით საქართველოს ინტერესებსაც დააზარალებენ და ამერიკისაც:
„როგორც უკვე ითქვა, ყველაფერი პარტნიორების ხელშია და საქართველოს, როგორც პატარა ქვეყანას, ცალმხრივად არაფრის შეცვლა შეუძლია. შესაბამისად, იმედი უნდა დავიტოვოთ, რომ ამერიკაში რაციონალური აზრი გაიმარჯვებს, რითაც ორივე ქვეყანა მხოლოდ სარგებელს მიიღებს“ — ამბობენ „ქართულ ოცნებაში“.
გამოცემა POLITICO-ს ცნობით, აშშ-ში განიხილავენ საქართველოსთვის ეკონომიკური და უსაფრთხოების მხარდაჭერის ყოვლისმომცველ პაკეტს, თუ მთავრობა უარს იტყვის მზარდ ანტიდასავლურ რიტორიკაზე და შეწყვეტს ადამიანის უფლებათა კუთხით უკუსვლას.
როგორც გამოცემა წერს, ამას ითვალისწინებს სამხრეთ კაროლინის რესპუბლიკელი კონგრესმენის ჯო უილსონის მიერ კონგრესში ამ კვირაში წარდგენილი კანონპროექტის პირობები, რომელიც POLITO-მ ნახა. კანონპროექტის სახელია MEGOBARI Act (Mobilizing and Enhancing Georgia’s Options for Building Accountability, Resilience, and Independence Act – საქართველოს შესაძლებლობის გაძლიერებისა და მობილიზაციის აქტი ანგარიშვალდებულების, მდგრადობისა და დამოუკიდებლობის გაზრდის მიზნით).
კანონპროექტით, აშშ დაიწყებს მოლაპარაკებებს საქართველოსთან „მყარი შეღავათიანი სავაჭრო რეჟიმის“ გახსნაზე, თუ ქვეყანა ძირითად პოლიტიკურ კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს.
გარდა ამისა, გამოცემის ცნობით, კანონპროექტი საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციასაც მოითხოვს.
მათივე ინფორმაციით, კონგრესმენ ჯო უილსონის კანონპროექტი ავალდებულებს ოფიციალურ პირებს შეიმუშაონ საქართველოსთვის სამხედრო დახმარების პაკეტი, მათ შორის „უსაფრთხოების და თავდაცვის აღჭურვილობის უზრუნველყოფას, რომელიც იდეალურია რუსული აგრესიისგან ტერიტორიული თავდაცვისთვის და ასევე ოპერაციებს შესაბამისი წვრთნების, ტექნიკური უზრუნველყოფისა და მხარდაჭერის ელემენტებით“.
„თუმცა, პროგრამა გააქტიურდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აშშ დაადასტურებს, რომ „საქართველომ აჩვენა მნიშვნელოვანი და მდგრადი პროგრესი თავისი დემოკრატიის აღორძინების მიმართულებით, რაც დასტურდება მინიმუმ არსებითად სამართლიანი და თავისუფალი არჩევნებით და დაბალანსებული წინასაარჩევნო გარემოთი“, – წერს POLITO.
ამასთან, POLITICO-ს ინფორმაციით, აშშ-ის კონგრესს წარედგინება კანონპროექტი, რომელიც საქართველოს ხელისუფლების იმ წარმომადგენლებისთვის აქტივების გაყინვასა და სავიზო აკრძალვებს ითვალისწინებს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს რუსული სტილის „უცხოური აგენტების“ კანონს.
გამოცემა წერს, რომ კანონის პროექტის ტექსტი, რომელსაც ისინი გაეცნენ, აფრთხილებს მმართველ პარტიას და აღნიშნავს, რომ „თბილისი ღიად ესხმის თავს აშშ-ს და სხვა დასავლური დემოკრატიისკენ მიმართულ ორგანიზაციებს ისევე როგორც ადგილობრივ და საერთაშორისო სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, პარალელურად კი აძლიერებს კავშირებს რუსეთსა და ჩინეთთან“.
POLITICO წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ კანონპროექტს კონგრესს სამხრეთ კაროლინელი კონგრესმენი რესპუბლიკური პარტიიდან ჯო უილსონი ორშაბათს წარუდგენს.