საზოგადოება

აშშ-ში საქართველოსთვის სავიზო და სავაჭრო ლიბერალიზაციას განიხილავენ, თუ თბილისი ანტიდემოკრატიულ სვლას შეწყვეტს – POLITICO 

20 მაისი, 2024 •
აშშ-ში საქართველოსთვის სავიზო და სავაჭრო ლიბერალიზაციას განიხილავენ, თუ თბილისი ანტიდემოკრატიულ სვლას შეწყვეტს – POLITICO 

გამოცემა POLITICO-ს ცნობით, აშშ-ში განიხილავენ საქართველოსთვის ეკონომიკური და უსაფრთხოების მხარდაჭერის ყოვლისმომცველ პაკეტს, თუ მთავრობა უარს იტყვის მზარდ ანტიდასავლურ რიტორიკაზე და შეწყვეტს ადამიანის უფლებათა კუთხით უკუსვლას.

როგორც გამოცემა წერს, ამას ითვალისწინებს სამხრეთ კაროლინის რესპუბლიკელი კონგრესმენის ჯო უილსონის მიერ კონგრესში ამ კვირაში წარდგენილი კანონპროექტის პირობები, რომელიც POLITO-მ ნახა. კანონპროექტის სახელია MEGOBARI Act (Mobilizing and Enhancing Georgia’s Options for Building Accountability, Resilience, and Independence Act – საქართველოს შესაძლებლობის გაძლიერებისა და მობილიზაციის აქტი ანგარიშვალდებულების, მდგრადობისა და დამოუკიდებლობის გაზრდის მიზნით).

კანონპროექტით, აშშ დაიწყებს მოლაპარაკებებს საქართველოსთან „მყარი შეღავათიანი სავაჭრო რეჟიმის“ გახსნაზე, თუ ქვეყანა ძირითად პოლიტიკურ კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს.

გარდა ამისა, გამოცემის ცნობით, კანონპროექტი საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციასაც მოითხოვს.

მათივე ინფორმაციით, კონგრესმენ ჯო უილსონის კანონპროექტი ავალდებულებს ოფიციალურ პირებს შეიმუშაონ საქართველოსთვის სამხედრო დახმარების პაკეტი, მათ შორის „უსაფრთხოების და თავდაცვის აღჭურვილობის უზრუნველყოფას, რომელიც იდეალურია რუსული აგრესიისგან ტერიტორიული თავდაცვისთვის და ასევე ოპერაციებს შესაბამისი წვრთნების, ტექნიკური უზრუნველყოფისა და მხარდაჭერის ელემენტებით“.

„თუმცა, პროგრამა გააქტიურდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აშშ დაადასტურებს, რომ „საქართველომ აჩვენა მნიშვნელოვანი და მდგრადი პროგრესი თავისი დემოკრატიის აღორძინების მიმართულებით, რაც დასტურდება მინიმუმ არსებითად სამართლიანი და თავისუფალი არჩევნებით და დაბალანსებული წინასაარჩევნო გარემოთი“, – წერს POLITO.

ამასთან, POLITICO-ს ინფორმაციით, აშშ-ის კონგრესს წარედგინება კანონპროექტი, რომელიც საქართველოს ხელისუფლების იმ წარმომადგენლებისთვის აქტივების გაყინვასა და სავიზო აკრძალვებს ითვალისწინებს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს რუსული სტილის „უცხოური აგენტების“ კანონს.

გამოცემა წერს, რომ კანონის პროექტის ტექსტი, რომელსაც ისინი გაეცნენ, აფრთხილებს მმართველ პარტიას და აღნიშნავს, რომ „თბილისი ღიად ესხმის თავს აშშ-ს და სხვა დასავლური დემოკრატიისკენ მიმართულ ორგანიზაციებს ისევე როგორც ადგილობრივ და საერთაშორისო სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, პარალელურად კი აძლიერებს კავშირებს რუსეთსა და ჩინეთთან“.

POLITICO წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ კანონპროექტს კონგრესს სამხრეთ კაროლინელი კონგრესმენი რესპუბლიკური პარტიიდან ჯო უილსონი ორშაბათს წარუდგენს.

 


18 მაისს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რუსულ კანონს ვეტო დაადო. მისი თქმით, რუსული კანონი არ ექვემდებარება რაიმე სახის ცვლილებასა და გაუმჯობესებას.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ღიად განაცხადა, რომ კანონის ძალაში შესვლის შემთხვევაში ისინი დაუწესებენ საქნციებს კანონის მხარდამჭერ პირებსა და მათ ოჯახებს, ასევე იმ პირებს, რომლებიც ძალადობენ კანონის მოწინააღმდეგე აქტივისტებზე.

დასავლელი პარტნიორების განცხადებით, ამ კანონის მიღება საბოლოოდ დახურავს ევროპული მომავლის კარს საქართველოსთვის, რადგან „მსგავსი კანონმდებლობის ადგილი ევროპაში არ არის“.

უკვე რამდენიმე კვირაა, რუსული კანონის წინააღმდეგ მრავალათასიანი აქციები იმართება. მსგავსი კანონი რუსეთის ხელისუფლების ხელში იქცა რეპრესიულ იარაღად, რის შედეგადაც ამჟამად რუსეთიდან გამქრალია დამოუკიდებელი მედია და სამოქალაქო ორგანიზაციები, გარდა ამისა, ის გამოიყენება ფიზიკური პირების შესაზღუდად და მათზე ზეწოლისთვის.

ცნობილია, რომ მმართველი გუნდი პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას შემდეგ სასესიო კვირაში გეგმავს. ამის შესახებ 20 მაისს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი