ახალი ამბები

გია დვალი: ადრონული თერაპია 100%-იან შედეგს არ იძლევა

14 ოქტომბერი, 2015 •
გია დვალი: ადრონული თერაპია 100%-იან შედეგს არ იძლევა

“ეგეთი წამალი, რომელიც უნივერსალურად 100%-იან შედეგს იძლევა, არ არსებობს. მკურნალობა ალბათ კომპლექსური იქნება. ეს რამდენიმე მეთოდის კომბინაციას მოითხოვს”, – აცხადებს გია დვალი “მაესტროსთან” ინტერვიუში.

 

აქვე დვალი განმარტავს, თუ როგორ მოქმედებს ეს მეთოდი. 

 

“ადრონებს ახასიათებს ის, რომ მათი მიყვანა სამიზნებდე ენერგიის დანაკარგის გარეშე უფრო ადვილად შეიძლება. როდესაც არის სტანდარტული რადიაციული მკურნალობა, სანამ დასხივება და ეს ნაწილაკი, რითაც თქვენ ასხივებთ, სიმსივნის უჯრედამდე მიაღწევს, გზაში ჯანსაღ უჯრედს ანადგურებს იმიტომ, რომ გზაში ენერგიას კარგავს. ადრონებს კი შეუძლიათ გამოყონ ენერგია ტრაექტორიის ბოლოში. ჯანსაღ უჯერედებს შედარებით დაზიანების გარეშე გადიან. არის გარკვეული ტიპის სიმსივნეები, რომლებიც ისეა ლოკალიზებული, რომ სხვა მეთოდი ვერ უდგება, მაშინ ეს შეიძლება იყოს გამოსავალი”, – ამბობს დვალი. 

 

პროექტის თანაავტორის თქმით, აღნიშნული ცენტრის გახსნას საქართველოში რამდენიმე შედეგი ექნება. პირველ რიგში, ეს ქვეყანაში მეცნიერების განვითარებას შეუწყობს ხელს.

 

“მეცნიერების განვითარებისთვის ქვეყანაში არსებობს სხვადასხვა მიდგომა. ერთ-ერთი მიდგომაა ის, რომ უნდა შეიქმნას რაიმე მსოფლიო დონის კვლევითი ოპერაცია. ეს არის ერთ-ერთი სტრატეგია. ეს პროექტი უნდა გახდეს პერსპექტიული, საინტერესო ახალგაზრდა კადრებისთვის, რომლებიც კვლევის რომელიმე კომპონენტში ჩერთვებიან. მთელი ბენეფიტი ამ პროექტის ამ პროცესის არსებობაა, როდესაც ახალი კადრების გაზრდას იწყებ. თუ ჩვენ ამ პროექტის შედეგად განათლების დაწყებას ვთვლით, პროექტის დაწყებიდანვე შედეგი იქნება. რაც შეეხება მკურნალობის შედეგების თვალსაზრისით, ჩვენმა უცხოელმა კოლეგებმა დაახლოებით 5-7 წელი დაასახელეს”. 

 

როგორც დვალი ამბობს, მსოფლიოში არსებული ადრონული თერაპიის ოთხივე ცენტრში დღესდღეობით საგანმანათლებლო შედეგი ყველგან დიდია.

 

“ფულის გადაყრა არავის უნდა ჰაერზე. მკურნალობის სტატისტიკა ძირითადად იაპონიას გააჩნია. ათასობით პაციენტი ჰყავს იაპონიას ნამკურნალევი. სტატისტიკურად კარგი შედეგია”. 

 

“მაესტროსთან” ინტერვიუში გია დვალი პროექტის ფინანსურ მხარესაც ეხება. 

 

“არსებობს მინიმალური თანხა, რაც დანადგარს სჭირდება. მერე ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, ამ დანადგარის გარშემო რამდენად გააფართოვებ საქმიანობას. ეს თანხა [500 მილიონი ევრო] არის ძალიან გულუხვი თანხა იმისთვის, რომ არსებობდეს ეს კვლევა და მის გარშემო არსებული სასწავლო სტრუქტურა. მაგრამ ამ თანხას, რა თქმა უნდა, სჭირდება ჭკვიანური დაგეგმვა. ეს არის ურთულესი სამუშაო. საქართველოსთვის ამის გაკეთება დამოუკიდებლად შეუძლებელია. ძალიან მნიშვნელოვანია მაქსიმალური საერთაშორისო საზოგადოების ჩარევა. მაქსიმალური კოლაბორაცია. ასევე სტაბილურობა, საკანონმდებლო ბაზა, რომ ეს სტრუქტურა შეიქმნას. ამის მერე იწყება ურთულესი სამუშაო. შესაძლოა, ერთი წელი მაინც სტრატეგიის დასახვასა და ერთობლივი კომისიების შექმნას დაჭირდეს”, – აცხადებს დვალი.

 

გია დვალი
გია დვალი

მასალების გადაბეჭდვის წესი