შესავალი
მიმდინარე დაძაბულობა და არარეგულარული შეიარაღებული შეტაკებები ქართულ ჯარსა და სამხრეთ ოსეთის (რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე არსებობდა, როგორც ნახევრად ავტონომიური რეგიონი და იმართებოდა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ადმინისტრაციის მიერ) სეპარატისტულ ძალებს შორის გამძაფრდა 2008 წლის აგვისტოს დასაწყისში რიგი აფეთქებების შედეგად, რომელიც სხვა ფაქტორებთან ერთად, გამიზნული იყო ადგილობრივი სამხრეთ ოსეთისა და სამხრეთ ოსეთში მყოფი საქართველოს სამხედრო და პოლიტიკური ლიდერების წინააღმდეგ.
2008 წლის 7 აგვისტოს ქართულმა სამხედრო ძალებმა სამხრეთ ოსეთზე კონტროლის დაბრუნების მიზნით დაიწყეს შეტევა. რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალები კონფლიქტში ჩაებნენ და ოსების მხარე დაიკავეს, რის შედეგადაც 2008 წლის 10 აგვისტოს თავიანთი კონტროლის ქვეშ მოაქციეს სამხრეთ ოსეთი და მის ადმინისტრაციულ საზღვრებს მიღმა საქართველოს ტერიტორიაზე მდებარე ეგრეთ წოდებული ბუფერული ზონის’20 კმ-იანი ტერიტორია. იმის მიუხედავად, რომ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე შედგა შეთანხმება, დანაშაულებრივი ქმედებები არ შეწყვეტილა. 2008 წლის 8 სექტემბერს მიღებული შეთანხმების თანახმად, არაუგვიანეს 2008 წლის 10 ოქტომბრისა რუსულმა ჯარმა სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის მიღმა დაიხია.
საქართველოში კონფლიქტის თაობაზე ევროკავშირის მინისტრთა საბჭოს მიერ შექმნილი საერთაშორისო დამოუკიდებელი ფაქტების დამდგენი მისიის (IIFFMCG) ცნობით შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად დაახლოებით 850 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 100 000-ზე მეტმა მოქალაქემ მიატოვა საცხოვრებელი. საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ 412 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 228 სამოქალაქო პირი, 170 სამხედრო პირი და 14 პოლიციელი, 1747 ადამიანი დაიჭრა, 10 სამხედრო და 14 პოლიციელი უგზო-უკვლოდ დაიკარგა. რუსეთის ფედერაციის ინფორმაციის თანახმად, 162 ეთნიკური ოსი მოქალაქე დაიღუპა და 255 დაიჭრა, დაიღუპა 48 რუსი სამხედრო და 162 დაიჭრა. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ განაცხადა, რომ სულ 365 ადამიანი დაიღუპა, როგორც სამოქალაქო პირები, ასევე, სამხრეთ ოსეთის შეიარაღებული ძალების წევრები.
პროკურატურამ შეაგროვა ინფორმაცია კონფლიქტის სამივე მონაწილე მხარის: ქართული შეიარაღებული ძალების, რუსული შეიარაღებული ძალების და სამხრეთ ოსეთის ძალების მიერ სავარაუდოდ ჩადენილ დანაშაულებზე. სავარაუდო დანაშაულები ჩადენილია სამხრეთ ოსეთისა და „ბუფერული ზონის“ ფარგლებში მინიმუმ 2008 წლის 7 აგვისტოდან 10 ოქტომბრამდე პერიოდში. პროკურატურამ მოითხოვა ნებართვა ჩაატაროს საქმის გამოძიება 2008 წლის 1 ივლისიდან, რათა მიეცეს საშუალება აგრეთვე გამოიძიოს საომარი მოქმედებების ფორმალური დაწყების წინმსწრები მოვლენები. ეს შესაძლებელს გახდის მომავალი გამოძიების ფარგლებში დადგინდეს, არსებობს თუ არა ამ ქმედებებსა და ომისა და ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართული 4 დანაშაულების მაკვალიფიცირებელ კონტექსტუალურ ნიშნებს შორის საკმარისი კავშირი. გამოძიება მოიცავს 2008 წლის 10 ოქტომბრამდე პერიოდს, მაშინ, როდესაც რუსულმა შეიარაღებულმა ძალებმა გაიყვანეს საკუთარი ძლები ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის მიღმა.
II. იურისდიქციის საგანი
ა. ომის დანაშაულები
2008 წლის 7 აგვისტოდან 2008 წლის არაუგვიანეს 10 ოქტომბრამდე პერიოდში საქართველოს ტერიტორიაზე ადგილი ჰქონდა შეიარაღებულ კონფლიქტს. შეიარაღებული კონფლიქტის კლასიფიკაციისთვის, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, აუცილებელია ხელმისაწვდომი მტკიცებულებების გულმოდგინე ანალიზი იმის დასადგენად, თუ რომელი კანონმდებლობით რეგულირდება ამ განაცხადში მოცემული სხვა დროის მონაკვეთები, გარდა 2008 წლის 8-დან 12 აგვისტომდე რუსეთისა და საქართველოს შეიარაღებულ ძალებს შორის მოკლე პირდაპირი სამხედრო დაპირისპირებისა, კანონს, რომელიც ესადაგება საერთაშორისო შეიარაღებულ კონფლიქტს თუ ადგილობრივ შეიარაღებულ კონფლიქტს.
ომის დანაშაულები ჩადენილი ეთნიკური ქართველების იძულებითი გადაადგილების კონტექსტში.
პროკურატურისთვის ხელმისაწვდომი ინფორმაციის მიხედვით, 51-დან 113-მდე ეთნიკური ქართველი დაიღუპა სამხრეთ ოსეთის ძალების მიერ განხორციელებული იძულებითი გადაადგილების დროს. სავარაუდოდ 13,400-დან 18,500 ეთნიკური ქართველი იძულებით იქნა გადაადგილებული სამხრეთ ოსეთიდან. ამასთან ერთად, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლის გასწვრივ და საქართველოს სხვა ტერიტორიებს შორის შეიქმნა გამყოფი, 20-კილომეტრიანი „ბუფერული ზონა“, აგრეთვე განადგურებულ იქნა 5000-ზე მეტი ეთნიკური ქართველის კუთვნილი საცხოვრებელი.
ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციის საფუძველზე პროკურატურა მიიჩნევს, რომ არსებობს გონივრული საფუძველი, 2008 წლის 7 აგვისტოდან 10 ოქტომბრამდე სამხრეთ ოსეთის ძალებმა შეიარაღებული კონფლიქტის დროს ჩაიდინეს სულ მცირე შემდეგი ომის დანაშაულები: ომის დანაშაულები – განზრახ მკვლელობა (მუხლი (8)(a)(i) ან მუხლი 8(2)(c)(i); მოწინააღმდეგის / მტრის საკუთრების განადგურება (მუხლი 8(2)(b)(xiii) ან მუხლი 8(2)(e)(xii), და მოროდიორობა (მუხლი 8(2)(b)(xvi) ან მუხლი 8(2)(e)(v). ეს დანაშაულები ჩადენილი იქნა შეიარღებული კონფლიქტის ფარგლებში და მასთან კავშირში.
არსებობს წინააღმდეგობრივი ინფორმაცია რუსული შეიარაღებული ძალების მონაწილეობის თაობაზე; სანდო ინფორმაციის წყაროები მიუთითებს, რომ რუსული შეიარაღებული ძალების სულ მცირე რამდენიმე წევრი მონაწილეობდა ამ დანაშაულების ჩადენაში, სხვა შემთხვევებში პასიური პოზიცია ეკავათ, ზოგჯერ კი ერთვებოდნენ დანაშაულის თავიდან ასაცილებლად. ამ ეტაპზე ხელმისაწვდომი ინფორმაციის საფუძველზე ჩანს, რომ რუსული შეიარაღებული ძალების წევრები არ არიან მთავარი პასუხისმგებელი პირები ამ დანაშაულებში.
სამშვიდობოებზე სავარაუდო თავდასხმა
აგრეთვე არსებობს გონივრული საფუძველი ვირწმუნოთ, რომ სამხრეთ ოსეთის ძალებმა და ქართულმა შეიარაღებულმა ძალებმა ჩაიდინეს ომის დანაშაული – თავს დაესხნენ სამშვიდობო მისიის წარმომადგენლებს და/ან ობიექტებს (მუხლი 8(2)(e)(iii).
სახელდობრ, 2008 წლის 7 აგვისტოს ავნევის საკონტროლო გამშვებ პუნქტზე ქართული სამშვიდობო კონტინგენტი მძიმედ დაიცხრილა სამხრეთ ოსეთის პოზიციებიდან, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა, ხუთი დაიჭრა და ამას მოჰყვა ქართული კონტინგენტის მიერ გაერთიანებული სამშვიდობო ძალების შტაბის (JPKF HQ) დატოვება.
2008 წლის 7-8 აგვისტოს ღამეს ქართულმა შეიარაღებულმა ძალებმა ჩაატარეს სამხედრო ოპერაცია გაერთიანებული სამშვიდობო ძალების შტაბის JPKF HQ და რუსული სამშვიდობო ძალების ბატალიონის (RUPKFB) ბაზის წინააღმდეგ იმ მოსაზრებით, რომ ამ უკანასკნელმა დაკარგა ხელშეუხებლობის სტატუსი. რუსული ხელისუფლების ინფორმაციით, ამ თავდასხმის შედეგად რუსული სამშვიდობო კონტინგენტის 10 სამშვიდობო დაიღუპა და 30 დაიჭრა.
არსებობს კონფლიქტის მონაწილე მხარეების ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადებები იმის თაობაზე, რომ ქართველმა და /ან რუსმა სამშვიდობოებმა დაკარგეს სამოქალაქო პირების და ობიექტების დაცულობის სტატუსი იმ მომენტში, რა დროსაც თავდასხმები განახორციელეს. მტკიცებით ტვირთის გათვალისწინებით, რაც სამართალწარმოების მოცემულ ეტაპს ახასიათებს, ასევე იმ პრინციპიდან გამომდინარე, რომ ეჭვის შემთხვევაში, სამოქალაქო პირებისა და ობიექტებისთვის განკუთვნილი დაცვა ვრცელდება, პროკურორმა დაასკვნა, რომ ამ ეტაპზე არსებობს გონივრული საფუძველი ვარაუდისა, რომ ადგილი ჰქონდა სამშვიდობო მისიის წარმომადგენლების და ობიექტების წინააღმდეგ ჩადენილ ომის დანაშაულებს: სამხრეთ ოსეთის ძალების მიერ განზრახ მიმართული თავდასხმა ქართველ სამშვიდობოებზე და მეორეს მხრივ, ქართული შეიარაღებული ძალების განზრახ მიმართული თავდასხმა რუსულ სამშვიდობოებზე.
ბ. ადამიანურობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები
ხელმისაწვდომი ინფორმაცია იძლევა გონივრულ საფუძველს ვარაუდისა, რომ 2008 წლის შეიარაღებული კონფლიქტის დროს საქართველოში ადგილი ჰქონდა ადამიანურობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს. სახელდობრ, არსებობს გონივრული საფუძველი ვარაუდისა, რომ სამხრეთ ოსეთის ძალებმა ჩაიდინეს დანაშაულები ადამიანურობის წინააღმდეგ- მკვლელობა (მუხლი7(1)(a), დეპორტაცია ან მოსახლეობის იძულებით გადაადგილება (მუხლი7(1)(d), გარკვეული ადამიანთა ჯგუფის ან კოლექტივის ეთნიკური ნიშნით დევნა (მუხლი7(1)(h). ეს დანაშაულები ჩადენილ იქნა სამხრეთ ოსეთში მცხოვრები ეთნიკური ქართველების წინააღმდეგ სისტემატური და/ან ფართო მასშტაბიანი თავდასხმების კონტექსტში; ეთნიკური ქართველი სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ მიმართული არაერთგზის ქმედება სამხრეთ ოსეთში ან „ბუფერული ზონის“ მიმდებარე ტერიტორიაზე წარმოადგენდა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების დანაშაულებრივ გეგმას, განედევნა ეთნიკური ქართველები სამხრეთ ოსეთის ტერიტორიიდან, რაც მათ დაეხმარებოდა საბოლოო მიზნის მიღწევაში, კერძოდ, საქართველოსთან ყოველგვარი კავშირის გაწყვეტასა და სრული დამოუკიდებლობის მიღწევაში.
გ. სასამართლოს იურისდიქციის ფარგლებში სავარაუდო დანაშაულების თაობაზე დასკვნა
არსებული ინფორმაცია იძლევა გონივრულ საფუძველს ვირწმუნოთ, რომ საქართველოში 2008 წლის 7 აგვისტოდან 10 ოქტომბრამდე პერიოდში შემდეგ ქმედებებს ჰქონდა ადგილი: განზრახ მკვლელობა (მუხლი 8(2)(a)(i), 8(2)(c)(i), მოწინააღმდეგის და მტრის ქონების განადგურება (მუხლი 8 (2)(b)(xiii), 8(2)(e)(xii), და მოროდიორობა (მუხლი 8(2)(b)(xvi), 8(2)(e)(v); სამშვიდობო მისიის პერსონალზე და ობიექტებზე თავდასხმა (მუხლი 8(2)(b)(iii), როგორც ომის დანაშაულები; მკვლელობა (მუხლი 7 (1)(a)), დეპორტაცია ან მოსახლეობის იძულებით გადაადგილება (მუხლი 7(1)(d) და ეთნიკური ნიშნით იდენტიფიცირებადი ჯგუფების ან კოლექტივის დევნა (მუხლი 7(1)(h), როგორც დანაშაული ადამიანურობის წინააღმდეგ. გამოძიების მსვლელობის პროცესში შესაძლოა გამოიკვეთოს სასამართლოს იურისდიქციაში შემავალი სხვა დანაშაულებიც.
სავარაუდო დანაშაულების ჩადენის ადგილები
ზემოთ ხსენებული დანაშაულები სავარაუდოდ ჩადენილ იქნა საქართველოს ტერიტორიაზე. 1992 წლის 29 მაისს სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის გამოცხადების მიუხედავად და შემდგომში, 2008 წელს მისი დამოუკიდებლობის აღიარებით გაეროს ოთხი წევრი ქვეყნის მიერ, სამხრეთ ოსეთი ზოგადად არ არის აღიარებული დამოუკიდებელ სახელმწიფოდ და არ არის გაეროს წევრი ქვეყანა. 2009 წლიდან დაწყებული გაეროს გენერალური ასამბლეის (UNGA) მიერ მიღებული რიგი რეზოლუციების თანახმად, სამხრეთ ოსეთი მოხსენიებულია საქართველოს შემადგენელ ნაწილად. წინამდებარე განაცხადის მიზნებისთვის, პროკურატურა მიიჩნევს, რომ სავარაუდო დანაშაულების ჩადენის პერიოდში სამხრეთ ოსეთი საქართველოს ნაწილს შეადგენდა და სულ მცირე 2010 წლის 10 ოქტომბრამდე ოკუპირებული იყო რუსეთის მიერ. ამგვარად, სასამართლოს იურისდიქცია ვრცელდება საქართველოს ტერიტორიაზე შეიარაღებული კონფლიქტის პერიოდში ყველა სავარაუდო დანაშაულის მიმართ, ბრალდებულის ეროვნების მიუხედავად.
მთავარი ტერიტორიები, სადაც სავარაუდოდ დანაშაულები იქნა ჩადენილი, მოიცავს: (i) ცხინვალის ჩრდილოეთით მდებარე ქურთას მუნიციპალიტეტის ეთნიკურ ქართულ სოფლებს; (ii) ცხინვალის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ერედვის მუნიციპალიტეტის ეთნიკურ ქართულ სოფლებს; (iii) ცხინვალის სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარე თიღვას მუნიციპალიტეტის ეთნიკურ ქართულ სოფლებს; (iv) „ბუფერულ ზონაში“ მდებარე გორის სოფლებს.
რაც შეეხება სამშვიდობოებზე არამართლზომიერ თავდასხმებს, ავნევის საკონტროლო გამშვებ პუნქტთან განლაგებული ქართული სამშვიდობოების კონტინგენტი მძიმედ იქნა დაცხრილული სამხრეთ ოსეთის პოზიციებიდან. შემდგომში ქართულმა შეიარაღებულმა ძალებმა განახორციელეს თავდასხმა რუსულ სამშვიდობოებზე, გაერთიანებული სამშვიდობო ძალების (JPKF) სამშვიდობო მოწყობილობებზე და რუსული სამშვიდობო ძალების ბატალიონზე (RUPKFB).
სავარაუდო დანაშაულების ჩადენის დროის მონაკვეთი
ზემოთ ხსენებული სავარაუდო დანაშაულები ჩადენილი მინიმუმ 2008 წლის 7 აგვისტოდან იმავე წლის 10 ოქტომბრამდე სასამართლოს იურიდიქციის ratione temporis ქვეშ ექცევა, ვინაიდან საქართველომ რომის სტატუტის რატიფიცირება მოახდინა 2003 წლის 5 სექტემბერს, ხოლო 2003 წლის 1 დეკემბერს სტატუტი ძალაში შევიდა, სტატუტის 126(1) მუხლის თანახმად.
მონაწილე პირები და ჯგუფები
არსებული ინფორმაცია მიუთითებს, რომ სავარაუდო დანაშაულები დაკავშირებული ეთნიკური ქართველების იძულებით გადაადგილებასთან, ჩადენილ იქნა სამხრეთ ოსეთის ძალების მიერ დე ფაქტო პრეზიდენტის ედუარდ კოკოითის ბრძანებით. ეს ძალები, როგორც ჩანს, მოიცავდა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო თავდაცვის და საგანგებო სიტუაციების სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ სამხედრო ნაწილებს, აგრეთვე, სპეციალური დანიშნულების რაზმს (OMON –Otryad Militsii Osobogo Naznacheniya), სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს რამდენიმე პოლიციის შენაერთს და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო სახელმწიფო უშიშროების (KGB – Komitet gosudarstvennoy Bezopasnosti) მოსამსახურე პირებს.
სამხრეთ ოსეთის ძალებს, როგორც ჩანს, მხარს უჭერდა არარეგულარული პარტიზანული დაჯგუფებები (ოპოლჩენცი რუსულად). მილიციის დაჯგუფებებს არქმევდნენ იმ ზონის სახელს, რომელზედაც ისინი იყვნენ პასუხისმგებელნი. მაგალითად, სამხრეთ ოსეთის მილიციის დაჯგუფება კოკათელები მოქმედებდნენ კოკათის ტერიტორიაზე, იმ დროს, როცა დმენისელების პასუხისმგობლობაში შედიოდა სოფელი დმენისი.
არსებული ინფორმაცია მიუთითებს, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების მინიმუმ რამდენიმე წევრი მონაწილეობდა ამ დანაშაულების ჩადენაში, იმ დროს, როცა რუსეთის შეიარაღებული ძალების სხვა წევრები პასიურ პოზიციას იკავებდნენ ამ დანაშაულებების ჩადენის დროს, ზოგიერთნი კი მოქმედებდენ ამ დანაშაულების თავიდან ასაცილებლად და დანაშაულების ჩამდენთა დასასჯელად.
არსებული ინფორმაცია აგრეთვე მიუთითებს, რომ სამხრეთ ოსეთის ძალები თვდასხმას ახორციელებდნენ ქართველ სამშვიდობოებზე.
არსებული ინფორმაცია აგრეთვე მიუთითებს, რომ ქართული შეიარაღებული ძალები შედგებოდა ცხრა მსუბუქი ქვეითი ნაწილისგან, ხუთი სატანკო ბატალიონისგან ( ეს შეიცავს გორის შტაბის პირველ ქვეით და გორის შტაბის დამოუკიდებელ სატანკო ბრიგადებს), რვამდე საარტილერიო ბატალიონს ( საარტილერიო პოლკს და გორის შტაბის საარტილერიო ბრიგადას), შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების ძალებთან და ნაწილებთან ერთად. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, რუსულ სამშიდობოებებზე თავდასხმის განსახორციებლად ფრონტის ცენტრალურ ხელმძღვანელობას მიუმართავს ცალკეული მსუბუქი ქვეითი ბატალიონისთვის, ცალკეული დაჯავშული ბატალიონის სატანკო შენაერთისთვის და დამოუკიდებლი ბალისტიკური სატანკო ბატალიონისთვის, 1-ლი და მე-2 საარტილერიო ბრიგადებისთვის, რომელსაც დახმარებას უწევდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების ძალები.
დ. სხვა სავარაუდო დანაშაულებები
წინამდებარე განაცხადში აგრეთვე დასაბუთებულია კონფლიქტში მონაწილე მხარეების მიერ სავარაუდოდ ჩადენილი სხვა დანაშაულები. სახელდობრ, როგორც ქართულმა, ასევე რუსულმა შეიარაღებულმა ძალებმა სავარაუდოდ დაიწყეს განურჩეველი და არაპროპორციული თავდასხმის განხორციელება სამოქალაქო ობიექტებზე. გამოძიების გარეშე საომარი მოქმედებების წარმოებასთან დაკავშირებული საკითხების დადგენა სირთულეებთან არის დაკავშირებული, შესაბამისად, პროკურორის ოფისის ხელთ არსებული მწირი ინფორმაცია არ იძლევა დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, ჩადენილ იქნა თუ არა სასამართლოს იურისდიქციაში შემავალი ომის დანაშაულები. თუმცა აღნიშნული გავლენას არ ახდენს მოცემული განაცხადის დასკვნაზე, რომ გამოძიების ჩატარება მიზანშეწონილია და ბრალდებები შეიძლება სათანადოდ გამოძიებულ და დაკვალიფიცირებულ იქნეს ოფიციალური გამოძიების კონტექსტში.
პროკურორის ოფისმა აგრეთვე შეაგროვა მცირე რაოდენობის ფაქტები სქესობრივ და გენდერულ საფუძველზე ჩადენილ ძალადობაზე, გაუპატიურების ჩათვლით, სავარაუდო დამნაშავეებზე საკმარისი ინფორმაციის გარეშე. რადგან ამგვარი საქმეების სიმცირე შეიძლება განპირობებული იყოს განაცხადებების ნაკლებობით, ამ ეტაპზე პროკურორის ოფისს არ აქვს საშუალება დაადგინოს, სამოქალაქო მოსახლეობაზე თავდასხმა ჩადენილი იყო როგორც ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, თუ შეიარაღებული კონფლიქტის კონექსტში. ასეთი ბრალდებები ასევე გადასინჯული უნდა იქნეს ოფიციალური გამოძიების მსვლელობისას.
პროკურორი ხაზს უსვამს იმას, რომ პროცესის მე-15 მუხლით გათვალისწინებულ სტადიაზე გამოვლენილი დანაშაულები უნდა განხილულ იქნეს როგორც მოცემულ სიტუაციაში დანაშაულებრიობის წარმომადგენლობითი ეპიზოდები და მტკიცების ტვირთის მოთხოვნების შესაბამისად, რაც განსაზღვრავს მოცემულ ეტაპზე სასამართლოს განსჯადი ქმედებების გამოვლენას. თუმცა, თუკი პროკურორი აკმაყოფილებს მტკიცების მოთხოვნებს წარმოდგენილი მასალების მიხედვით, სასამართლო პალატამ გამოძიების დაწყების სანქცია უნდა გასცეს მთლიანად სიტუაციასთან დაკავშირებით და არ უნდა შემოიფარგლოს ცალკეული დანაშაულებრივი ეპიზოდებით. შესაბამისად, თუ გამოძიების დაწყების ნებართვა იქნება გაცემული, პროკურორის ოფისს უნდა მიეცეს შესაძლებლობა გაზარდოს ან შეცვალოს გამოძიების მოცულობა, ან მისცეს განსხვავებული სამართლებრივი შეფასება ამა თუ იმ ქმედებას, ინციდენტს, ჯგუფებს ან პირებს იმდენად, რამდენადაც გამოძიების მიერ გამოკვეთილი საქმეები პირდაპირ დაკავშირებულია ოფიციალური გამოძიების საგანთან.
III. დასაშვებობის კრიტერიუმი
დასაშვებობის კრიტერიუმი მოითხოვს შესაბამისი ეროვნული პროცედურების (კომპლემენტარობის) არსებობისა და მათი ნამდვილობის შეფასებას, აგრეთვე ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის შეფასებას. მე-15 მუხლთან დაკავშირებით არსებული პრეცედენტული სამართლის შესაბამისად, პროკურორის ოფისმა იდენტიფიცირება გაუკეთა პოტენციურ ინციდენტებს, რომლებიც დიდი ალბათობით საქმის გამოძიების პროცესში გამოიკვეთება, როგორც გამოძიების საგანი. პროკურორის ოფისის მიერ ინციდენტების ან ჯგუფების და პირების იდენტიფიკაცია, რომელიც მომავალ საქმეს(ებს) ჩამოაყალიბებს, არ არის ბოლომდე ჩამოყალიბებული, მას მხოლოდ შუალედური ხასიათი აქვს და არ უნდა ჩაითვალოს სავალდებულო კრიტერიუმად დასაშვებობისათვის. შესაბამისად, თუ გამოძიების დაწყების უფლებას მიიღებს, პროკურორის ოფისმა უნდა გააფართოვოს და გაამრავალფეროვნოს გამოძიება სავარაუდო ქმედებების, შემთხვევების, ჯგუფების ან პირების მიმართ და/ან მისცეს ახლებური სამართლებრივი შეფასება იმ შემთხვევაში, თუ საქმეები, რომელსაც გამოძიება შემოგვთავაზებს, საკმარისად არის დაკავშირებული ოფიციალური გამოძიების საგანთან.
ა. კომპლემენტარობა
წინამდებარე განაცხადის დრო დიდად იყო განპირობებული დასაშვებობის კრიტერიუმის საკითხებით, რადგან ისინი უკავშირდება ეროვნული პროცედურების შედეგებს. პროკურორის ოფისი ხაზს უსვამს, რომ მდგომარეობა საქართველოში 2008 წლის 14 აგვისტოდან იმყოფება წინასწარი შესწავლის ქვეშ. პროკურორის ოფისი აცხადებს, რომ გარკვეული პერიოდი რუსეთის და საქართველოს კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოები აწარმოებდნენ გამოძიებას ამ დანაშაულების ჩამდენი ყველაზე მეტად პასუხისმგებელი პირების მიმართ, რომლებიც წარმოადგენენ ზემოთ ხსენებული განაცხადის საგამოძიებო სუბიექტებს. საგამოძიებო ღონისძიებები, თანმხლები სირთულეებისა და დაყოვნებების მიუხედავად, გარკვეული და პროგრესული ნაბიჯით მიიწევს წინ სავარაუდო დანაშაულების ჩამდენი პირების სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დასადგენად. თუმცა ცოტა ხნის წინ ეროვნული სამართალწარმოება საქართველოში შეჩერდა. ამა წლის მარტში პროკურორის ოფისის მიერ მოთხოვნილ ინფორმაციაზე საქართველოს მთავრობამ ოფიციალური წერილის მეშვეობით აცნობა, რომ ეთნიკური ქართველების სამხრეთ ოსეთიდან იძულებით გადაადგილებასთან დაკავშირებული გამოძიება გაურკვეველი დროით შეჩერებულია. არ არსებობს მოლოდინი, რომ გამოძიება ეროვნულ დონეზე განახლდება და არც რომელიმე სხვა სახელმწიფო აწარმოებს გამოძიებას აღნიშნულ საქმეზე, შესაბამისად, პროკურორის ოფისის შეფასების მიხედვით, სახელმწიფოს უმოქმედობის გამო ეთნიკური ქართველების იძულებით გადაადგილებასთან დაკავშირებულ პოტენციურ საქმეზე გამოძიების დაწყება პროკურორის ოფისისთვის დასაშვები იქნება.
სამშვიდობოების და მათი ობიექტების მიმართ განზრახ მიმართულ თავდასხმასთან დაკავშირებული პოტენციური საქმე ამ ეტაპზე ნაწილობრივ იქნება დასაშვები. ქართველ სამშვიდობოებზე თავდასხმის თაობაზე ქართველმა ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ საქართველოში 2008 წლის აგვისტოში ჩადენილი ომის და ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა ეროვნული გამოძიება შეჩერებულია. პროკურორის ოფისის შეფასებით, აღნიშნული ქმედებები აკმაყოფილებს სიმძიმის კრიტერიუმს. რუსულ სამშვიდობოებზე თავდასხმაც აკმაყოფილებს სიმძიმის კრიტერიუმს. რუსეთის კომპეტენტური ორგანოები განაგრძობენ ეროვნულ დონეზე გამოძიებას. ამ ეტაპზე გამოძიების ჩატარების სურვილის არქონა ან გამოძიების ჩატარების უუნარობა რუსეთის მხრიდან სახეზე არ არის. აღნიშნული შეფასება კიდევ ერთხელ გადაიხედება იმ შემთხვევაში, თუ გამოძიების ჩატარების უფლება გაიცემა.
ბ. სიმძიმის ხარისხი
ხელმისაწვდომი ინფორმაციის საფუძველზე, პოტენციური საქმეები, რომლებიც გამოძიების პროცესში წარმოიშვება, იქნება საკმარისი სიმძიმის, რათა სასამართლოს შემდგომი მოქმედება მართებულად ჩაითვალოს. რაც შეეხება ინციდენტების დროს ჩადენილ სავარაუდო დანაშაულებს, ისინი სავარაუდოდ პროკურორის ოფისის გამოძიების ობიექტები გახდება. ეს მოიცავს ომის დანაშაულს, როგორც განზრახ მკვლელობას, დანაშაულებს ადამიანურობის წინააღმდეგ-მკვლელობას, სამოქალაქო მოსახლეობის იძულებით გადაადგილებას და მათ დევნას. წინამდებარე დანაშაულები, ისეთ დანაშაულებთან ერთად, როგორიცაა მოროდიორობა და სამოქალაქო მოსახლეობის ქონების განადგურება, ჩადენილ იქნა მასობრივად, როგორც სამხრეთ ოსეთის ტერიტორიიდან ეთნიკური ქართველების გაძევების გეგმის შემადგენელი ნაწილი.
სამხრეთ ოსეთის ძალების მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულების შედეგად დიდი რაოდენობით ადამიანი დაიღუპა; სავარაუდოდ 51-დან 113-მდე ადამიანი დაიღუპა, 5 000 -ზე მეტი საცხოვრებელი განზრახ განადგურდა და დაახლოებით 13,400-დან 18,500-მდე ეთნიკური ქართველი იძულებით იქნა გადაადგილებული სამხრეთ ოსეთიდან და „ბუფერული ზონიდან“.
არსებული ინფორმაცია მიუთითებს, რომ ეს დანაშაულები ჩადენილ იქნა განსაკუთრებული სისასტიკით და დისკრიმინაციის საფუძველზე, რაც დასტურდება ახლო მანძილიდან მკვლელობის, დახვრეტის, სხეულის მძიმე დაზიანების მაგალითებით და ეთნიკურ ქართველთა ქონების ფართო და სისტემატური ძარცვა- განადგურებით. მსხვერპლს, როგორც წესი, აშინებდნენ და ამცირებდნენ და აიძულებდნენ ეყურებინათ, როგორ ასწორებდნენ მიწასთან მათ საცხოვრებელს.
გაძევების კამპანიამ მძიმე გავლენა მოახდინა დიდი რაოდენობით დაზარალებულზე; იმათზე, ვისი სახლები განადგურდა და მოესპოთ მანამდე არსებული ცხოვრების წესი, ვინც დაიჭრა და ვინც ოჯახის წევრები დაკარგა. არსებული ინფორმაცია მიუთითებს, რომ კონფლიქტის დროს მიღებულმა გამოცდილებამ „ღრმა ტკივილი და მძიმე სულიერი ტრავმა მიაყენა მსხვერპლს“. ამ სასტიკი კამპანიის შედეგად ეთნიკური ქართველების სამოქალაქო მოსახლეობის რაოდენობა სამხრეთ ოსეთში საგრძნობლად შემცირდა. როგორც უკვე აღვნიშნეთ, პროკურორის ოფისის შეფასებით კონფლიქტის ზონაში მცხოვრები ეთნიკური ქართველი მოსახლეობის რაოდენობა მინიმუმ 75 პროცენტით შემცირდა.
დაზარალებულები დღემდე იძულებით გადაადგილებულებად რჩებიან, რადგან მათი სახლები განადგურებული იქნა, ხოლო სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ მიიღო ყველა ზომა, აღეკვეთა იძულებით გადაადგილებული მოსახლეობის საკუთარ მიწაზე დაბრუნება.
რაც შეეხება პოტენციურ საქმეს, რომელიც უკავშირდება სამშვიდობოებზე და სამშვიდობო ობიექტებზე განზრახ მიმართულ თავდასხმას, სამხრეთ ოსეთის ძალების მიერ ქართველ სამშვიდობოებზე და ქართული შეიარაღებული ძალების თავდასხმა რუსულ სამშვიდობოებზე, ეს ორივე საქმე აკმაყოფილებს სიმძიმის ზღვარს. ქართული ხელისუფლების თანახმად, ქართველი სამშვიდობოებით დაკომპლექტებული ავნევის საკონტროლო გამშვები საგუშაგო მძიმედ იქნა დაცხრილული სამხრეთ ოსეთის პოზიციებიდან, რის შედეგადაც ორი ქართველი სამშვიდობო დაიღუპა და ხუთი დაიჭრა. რუსული ხელისუფლების ინფორმაციის თანახმად, 10 რუსი სამშვიდობო დაიღუპა და 30 დაიჭრა მათ ობიექტზე თავდასხმის შედეგად, რუსული სამშვიდობო ბატალიონის შტაბის (RUPKFB) კომპლექსი სამედიცინო დაწესებულებასთან ერთად განადგურებულ იქნა, აგრეთვე განადგურდა სამშვიდობოების დაჯავშნული მანქანები, რომლებიც ქართველ სამხედროებსა და ოს სამოქალაქო პირებს შორის გამყოფი ხაზის ფუნქციას ასრულებდნენ.
გავრეცელებული ინფორმაციის მიხედვით, ქართული შეიარაღებული ძალები განზრახ უმიზნებდნენ რუსული სამშვიდობო ძალების ბატალიონისა და გაერთიანებული სამშვიდობო ძალების შტაბებს, როცა სატანკო ცეცხლი გახნეს და დაიწყეს გრადის ტიპის რაკეტების დაშენა სამშვიდობო მისიის პერსონალზე და ობიექტებზე. თავდასხმის დროს ქართველმა სამხედროებმა ცეცხლი დაუშინეს რამდენიმე სამშვიდობოს იმ დროს, როცა ისინი ცდილობდენ დახმარებოდნენ თავდასხმის დროს დაჯავშნულ მანქანებში მყოფ სამშვიდობოებს.
პირველმა წინასასამართლო პალატამ აბუ-გარდას საქმეში დაადგინა, რომ სამშვიდობოებზე თავდასხმამ მძიმე გავლენა მოახდინა სამშვიდობო მისიის წევრებზე, როგორც მსხვერპლზე, ასევე, მათ ოჯახებზე. უფრო მეტიც, თავდასხმამ მძიმე გავლენა მოახდინა ადგილობრივ მოსახლეობაზე, რადგან მათი ცხოვრების პირობები დამოკიდებული იყო მისიის მიერ განხორციელებულ მოქმედებებზე.
რადგან გაერთიანებული სამშვიდობო ძალების შტაბის მიზანს წარმოადგენდა ცეცხლის შეწყვეტის შეთანმების განხორციელება და სამხრეთ ოსეთში უსაფრთხო რეჟიმის შენარჩუნება, სავარაუდო თავდასხმას პერსონალზე და ობიექტებზე შესაძლოა მძიმე გავლენა მოეხდინა როგორც თავდასხმის მსხვერპლზე და მათ ოჯახებზე, ასევე სამხრეთ ოსეთის ადგილობრივ სამოქალაქო მოსახლეობაზე.
რაც შეეხება B.1 დანართში ჩამოთვლილ პირთა ჯგუფებს, რომლებიც სავარაუდოდ პროკურორის ოფისის მომავალი გამოძიების ობიექტები იქნებიან, არსებული ინფორმაცია მიუთითებს მათი პოლიტიკური და სამეთაურო თანამდებობების რანგებს, აგრეთვე მათ სავარაუდო როლს არეულობის დროს, ასევე, ბრძანებების გაცემის თუ დანაშაულის ჩადენაში სხვაგვარად ხელშეწყობის თუ დახმარების დროს.
IV. მართლმსაჯულების ინტერესები
მოცემული სიტუაციის კონტექსტში სავარაუდო დანაშაულების შედეგად დაზარალებულმა პირებმა გამოხატეს ინტერესი, რომ მართლმსაჯულება განხორციელდეს სხვადასხვა გზით. პროკურორის ოფისი ცდილობდა დაზარალებულთა ინტერესების დადგენას საქართველოში დაზარალებულთა ინტერესების წარმომადგენელ ორგანიზაციებთან პირდაპირი კომუნიკაციის, კომუნიკაციების შესწავლისა და საჯაროდ მისაწვდომი ინფორმაციის მეშვეობით.
დაზარალებულთა ინტერესების წარმომადგენელმა, ადამიანთა უფლებების დაცვის ქართულმა ორგანიზაციებმა პროკურორის ოფისთან კომუნიკაციის დროს და საჯარო საინფორმაციო საშუალებების მეშვეობით არაერთხელ ხაზგასმით გამოხატეს 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის დროს დაზარალებულ პირთა სურვილი აღდგეს სამართლიანობა. პროკურორის ოფისისთვის გაგზავნილ ღია წერილში, დათარიღებული 2012 წლის 24 აპრილით, შვიდმა ქართულმა და საერთაშორისო ადამიანთა უფლებების დაცვის ორგანიზაციამ განაცხადა, რომ „მათ სწამთ, რომ ქართულ-რუსული ომის მსხვერპლნი იმსახურებენ სამართლიანობის აღდგენას და ეს სერიოზული დანაშაულები არ უნდა დარჩეს დაუსჯელი, არ უნდა არსებობდეს 21 დაუსჯელობა […]“. მათ ხაზი გაუსვეს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს „მნიშვნელოვან როლს“, რომელიც უნდა ითამაშოს „დაზარალებულთათვის სამართლიანობის აღდგენაში“.
საქართველოს სახალხო დამცველის/ომბუდსმენის ოფისთან შეხვედრისას არაერთხელ ხაზგასმულ იქნა ის, რომ არსებობს 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის დამოუკიდებელი, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ გამოძიების ჩატარების აუცილებლობა, და დასტურდება საზოგადოების დაჟინებული მოთხოვნა აღდგეს სამართლიანობა. პროკურორის ოფისმა გაიზიარა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციებში ხელახლა გამოთქმული თვალსაზრისი, რომელიც მოუწოდებს სავარაუდო ომის დანაშაულების და ადამიანთა უფლებებისა და ჰუმანიტარული სამართლის ნორმების დარღვევის ფაქტების დამოუკიდებელი გამოძიებისაკენ. ამასთანავე, საქართველოს და რუსეთის თანამომხსენებლებმა მხარი დაუჭირეს 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის კონტექსტში ჩადენილი დანაშაულების საერთაშორისო გამოძიებას, რაც ხალხის ინტერესს მოემსახურება, თუკი ჩატარდება გამჭვირვალედ.
პროკურორის ოფისის მიერ არც დაზარალებულებთან კომუნიკაციის დროს და არც მათ წარმომადგენელ თუ მათი ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციებს არ გამოუთქვამთ აზრი, რომ საქართველოში არსებული სიტუაციის გამოძიება არ იქნება მართლმსაჯულების ინტერესებში.
მაშინ, როდესაც დაძაბულმა უსაფრთხოებისა და პოლიტიკურმა გარემომ შეიძლება საქართველოს ეროვნულ გამოძიებას გარკვეული სირთულეები შეუქმნას, პროკურორის მანდატის ფარგლებში და ასევე სტატუტის მიზნებდან გამომდინარე, დანაშაულების სიმძიმის და დაზარალებულთა ინტერესების გათვალისწინებით, პროკურორის ოფისის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, არ არსებობს საფუძველი მივიჩნიოთ, რომ გამოძიების დაწყება არ წაადგება მართლმსაჯულების ინტერესებს.
V.დასკვნა
ზემოთ ხსენებული მიზეზების გამო და წარდგენილ ინფორმაცასა და სხვა მასალებზე დაყრდნობით, პროკურორის ოფისი საქართველოში 2008 წლის 1 ივლისიდან 2008 წლის 10 ოქტომბრამდე პერიოდში მიმდინარე მოვლენების გამოძიების დაწყების უფლების მიღების თხოვნით მიმართავს წინასასამართლო პალატას.
საპროცესო წესების 50-ე მუხლის შესაბამისად, 2015 წლის 13 ოქტომბერს პროკურორის ოფისმა დაზარალებულებს თუ მათ იურიდიულ წარმომადგენლებს გაუგზავნა შეტყობინება თავისი განზრახვის თაობაზე მოიპოვოს გამოძიების დაწყების უფლება და ამცნო, რომ სასამართლოს რეგლამენტის 50(1) მუხლის შესაბამისად მათ 30 დღის განმავლობაში შეუძლიათ მიმართლონ წინასასამართლო პალატას.