“წლევანდელ კონკურსში მონაწილეობას იღებდა 73 ქვეყნის წარმომადგენელი. ჯამში, 21 380 ნამუშევარი იყო და მოხარული ვარ, რომ საქართველოდან 5 ბავშვი დაჯილდოვდა. განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი და აღსანიშნავია დები წულაიები, რომლებიც არიან აფხაზეთიდან ლტოლვილები და მინდა მათ მივულოცო ეს გამარჯვება, ლიდიცეს “ოქროს ვარდის” მედლების მიღება და მინდა სიხარულით მივიწვიო ისინი ჩეხეთის რესპუბლიკაში. ასევე დიდ მადლობას ვუხდი საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველ მოადგილეს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქ-ნ ქეთევან ციხელაშვილს”, – განაცხადა ტომაშ პერნიცკიმ “ნეტგაზეთთან” საუბრისას.
კონკურსი “ლიდიცე” 43 წელია რაც ტარდება და მას ჩეხეთის რესპუბლიკა უწევს ორგანიზებას. ეს კონკურსი მოიცავს ფოტოებს, ნახატებს, თიხის ნაკეთობებსა და ხელოვნების სხვა ნამუშევრებს. კონკურსის თემა ყოველ წელიწადს იცვლება. წლევანდელი კონკურსის თემა “სინათლე” იყო. როგორც ერთ-ერთი გამარჯვებული იოანა წულაია ამბობს, შეზღუდვა არ ჰქონიათ და ვისაც როგორ უნდოდა, თემას ისე გაიგებდა, მთავარი იყო ნამუშევარს სათაურისთვის ეპასუხა.
“გავგზავნე ერთი ნახატი და ორი ფოტო. ფოტოებით გავიმარჯვე. პირველად მეხუთე კლასში ვიყავი, როცა ამ კონკურსში მონაწილეობა მივიღე. ჯამში, 3 ქების სიგელი და 2 “ოქროს ვარდი” მაქვს მოპოვებული. სამწუხაროა, რომ მომავალ წელს მონაწილეობას ვეღარ მივიღებ, რადგან 16 წლის ვარ უკვე, თუმცა ჩემი და გააგრძელებს. მახსოვს, პასუხების გამოგზავნამდე ორი კვირით ადრე, ორგანიზატორმა ჩეხეთიდან მომწერა და მითხრა, რომ ორივე ფოტოს გამო მაჯილდოვებდნენ და ძალიან გამიხარდა,” – ამბობს იოანა.

კონკურსი ეძღვნება მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტური გერმანიის მიერ განადგურებულ ჩეხურ სოფელ ლიდიციას.
“ლიდიცია იყო დიდი სოფელი პრაღასთან ახლოს. 1942 წელს, მეორე მსოფლიო ომის დროს ის ნაცისტურმა გერმანიამ გადაწვა. ეს იყო შურისძიება იმისთვის, რომ ჩეხეთს სურდა თავისუფლება. ყველა მამაკაცი მოკლეს, ხოლო ქალები და ბავშვები გაგზავნეს გერმანულ საკონცენტრაციო ბანაკებში, სადაც მათ გერმანულ ტრადიციებსა და ადათ-წესებზე ზრდიდნენ. მეორე მსოფლიო ომის დასრულების და ჩეხოსლოვაკიის გათავისუფლების შემდეგ გადასახლებული მოსახლეობის მცირე ნაწილი უკან დაბრუნდა. აშენდა ახალი სოფელი, თუმცა არა იქ, სადაც ადრე იყო. ძველი ლიდიციის ადგილას აშენებულია დიდი მემორიალი, სადაც ყოველი წლის 10 ივნისს იმართება სხვადასხვა ფესტივალები. სწორედ ამ დღეს მოხდა ლიდიციაში კატასტროფა. ამ ფესტივალებით ჩვენ პატივს მივაგებთ დაღუპულ თუ გადასახლებულ ხალხს. სახელოვნებო კონკურსიც სწორედ იქაურ ბავშვებს ეძღვნება და ეს ჩვენთვის ძალიან დიდი პატივია”, – განმარტა ტომაშ პერნიცკიმ.
კონკურსის ორგანიზატორი ივონა კასანიკა იყო. გამარჯვებულები არიან – ანა ფერაძე, 12 წლის (ქების სიგელი) გორიდან, ზაურ გამყრელიძე, 16 წლის (ქების სიგელი)ონიდან, იოანა წულაია, 16 წლის (მედალი), მართა წულაია, 11 წლის (მედალი), ნანი ჩაკვეტაძე, 11 წლის (ქების სიგელი) – თბილისიდან.
“ლიდიცე 2016″-ის თემის სახელწოდებაა – “სკოლა? განათლება!” კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა ბავშვს, რომელიც არის 16 წლამდე.





