ახალი ამბები

პრემიერი გაზპრომზე: დაინტერესებულები ვართ უფრო მეტი გაზი მივიღოთ სომხეთისთვის გაზრდილი მოცულობიდან

13 ოქტომბერი, 2015 •
პრემიერი გაზპრომზე: დაინტერესებულები ვართ უფრო მეტი გაზი მივიღოთ სომხეთისთვის გაზრდილი მოცულობიდან

პრემიერი საკითხის პოლიტიზებაში პოლიტიკური ოპონენტებს ადანაშაულებს:


„გაზპრომის“ გაზსადენი მრავალი წელია მიაწოდებს სომხეთს გაზს და აქედან, ტრანზიტის სანაცვლოდ, ჩვენს ქვეყანას რჩება გარკვეული ოდენობის გაზი. ვინაიდან სომხეთს სურს გაზის მოცულობის გაზრდა, ჩვენი ქვეყანა, რა თქმა უნდა, დაინტერესებულია მეტი გაზი მიიღოს ამ გაზრდილი მოცულობიდან. რა არის აქ უჩვეულო და რა საჭიროა ამდენი აჟიოტაჟი, აბსოლუტურად გაუგებარია. ეს არის ტექნიკური ხასიათის მოლაპარაკება, რომელიც ყოველწლიურად მიმდინარეობს ჩვენი სახელმწიფოს ინტერესების დასაცავად, რომ რაც შეიძლება მეტი გაზი დარჩეს ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა პრემიერმა და აღნიშნა, რომ გარკვეული ოდენობის გაზს საქართველო იღებს „შაჰდენიზიდან“ და სამხრეთის მილსადენიდან.


მთავრობის მეთაური ბაქოში მის ვიზიტთან დაკავშირებით დასმულ კითხვებსაც გამოეხმაურა.


„ჩვენ პრეზიდენტ ალიევთან გვაქვს ძალიან თბილი, მეგობრული ურთიერთობა და ასე იქნება ყოველთვის, რადგან აზერბაიჯანი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია. ჩვენ გვაქვს ჩვენს მეზობელ სახელმწიფოებთან ურთერთობის უნიკალური გამოცდილება. მეგობრული ურთიერთობები გვაკავშირებს სომხეთთან, თურქეთთან და ამ ყველაფრის ფონზე ჩვენი ქვეყანა კიდევ უფრო მეტ მომხიბვლელობას იძენს, მეტი ინვესტორი ჩამოდის“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.


ირაკლი ღარიბაშვილმა ჩინურ კომპანია POWERCHINA-სთან რამდენიმე დღის წინ გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა, რომელიც მისი თქმით, 108 ქვეყანაში ოპერირებს და რომლის საინვესტიციო პორტფელი რამდენიმე ათეული მილიარდი ლარია. “მთავრობა მასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს ისეთ სტრატეგიულ პროექტებზე, როგორებიცაა ანაკლიის პორტი, რიკოთის უღელტეხლზე გასაყვანი ახალი გზა”.


„ხელისუფლება ბოლო სამი წლის განმავლობაში არ ჩარეულა არც ერთი ტელევიზიის საქმიანობაში. მედიის, სასამართლოს საქმიანობაში ჩაურევლობა იყო ჩვენი პოლიტიკა, რომელიც დაიწყო ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა და ჩვენ ამას ვაგრძელებთ. ჩვენ დავასრულეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმა და ვახორციელებთ პროკურატურის რეფორმას. ნებისმიერ სფეროში ჩვენ გვაქვს სერიოზული წინსვლა და თვის ბოლოს ვაპირებ სამწლიანი ანგარიშის წარდგენას, სადაც ვრცლად, სფეროების მიხედვით  ვისაუბრებ ჩვენი მთავრობის მიღწევებზე. არ არსებობს არც ერთი სფერო, სადაც ჩვენ არ გვაქვს სერიოზული მიღწევა. თუ შევადარებთ წინა მთავრობის გაკეთებულ საქმეებს, მოსახლეობა თავად დაინახავს ძალიან დიდ სხვაობას“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.


 

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის, კახა კალაძის განცხადებით, გაზპრომთან მოლაპარაკებებთან დაკავშირებით საუბარი მხოლოდ კომერციულ გაზზეა. მისი თქმით, მოლაპარაკების პროცესის დაწყების მსურველები კერძო კომპანიები იყვნენ. ეს განმარტება მან გუშინ გააკეთა. მანამდე, წინა კვირაში მთავრობის არაერთმა წარმომადგენელმა, მათ შორის თვითონ კალაძემაც ახსენა გაზპრომთან მოლაპარაკება როგორც აზერბაიჯანის გაზის დივერსიფიკაციის საშუალება. ამის გამო 17 ოქტომბრისთვის პრემიერის ადმინისტრაციასთან აქციაც დაიგეგმა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი