როგორც ვალერიან სილაქაძემ ნეტგაზეთს განუცხადა, გამოძიების დაწყების პროცესში მისთვის მსგავსი რამ არავის უთქვამს. ამასთან, სილაქაძე ინფორმირებული არ არის, ხომ არ მოხდა გამომძიებლის შეთანხმება ამ საკითხზე მეორე მხარესთან.
საქმე ეხება მოსამართლე თამაზ ურთმელიძის ოჯახის წევრებს შორის მომხდარ დაპირისპირებას. ურთმელიძე სასამართლოში რუსთავი 2-ის საქმეს იძიებს და ტელეკომპანიაში ეჭვობენ, რომ ზემოხსენებულ საქმეს ხელისუფლება მოსამართლეზე ზეწოლისათვის იყენებს, რადგან სილაქაძის დაზარალებულად ცნობის ფაქტი ემთხვევა რუსთავი 2-ის მმართველი კომპანია საქართველოს წილების დაყადაღების დროს.
სილაქაძე ნეტგაზეთთან საუბარში ამბობს, რომ 2014 წლის 7 ნოემბერს თემქაზე მდებარე სადავო ბინაში მას გარდაცვლილი მეუღლის დედა მდინარა გიორგობიანი ნაჯახით თავს დაესხა. სილაქაძის თქმით, მან მოქნეული ნაჯახის ხელით მოგერიება შეძლო, რის გამოც ორი ოპერაციის გადატანა მოუწია. სილაქაძის თქმით, მეზობლებმა გამოიძახეს სასწრაფო სამედიცნიო დახმარების ჯგუფი, რომლებსაც თან სამართალდამცველები მიყვნენ. მან საპატრულო პოლიციას იმავე დღეს მისცა ჩვენება მომხდარის შესახებ. საქმე დაეწერა საპატრულო პოლიციის გამომძიებელ ჯავახიას. პერიოდულად ჯავახიასთან მას კონტაქტი ჰქონდა, თუმცა იგი გამოძიების მიმდინარეობის შესახებ რაიმე დეტალს ვერ ეუბნებოდა. არ ეუბნებობდა იმ მუხლსაც, რის საფუძველზეც გამოძიება დაიწყო. საბოლოო ჯამში, როგორც გაირკვა, გამოძიება სსკ-ს 118-ე მუხლით წარიმართა, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს, თუმცა ამას არ ეთანხმება სილაქაძე, რომელიც ფიქრობს, რომ გიორგობიანს მისი მოკვლა უნდოდა. სილაქძის მტკიცებით, 2014 წლის 7 ნოემბერს დაწყებულ გამოძიებაზე დაზარალებულად იგი მხოლოდ მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლოს სცნეს. ამ პერიოდის განმავლობაში მას გამომძიებელმა ჯავახიამ მხოლოდ ერთხელ ჰკითხა: “შეურიგდა თუ არა თავის სიდედრს”. სილაქაძის თქმით, მან ეს შეკითხვა ხუმრობად აღიქვა. ამასთან, ამა წლის სექტემბრის ბოლოს, როდესაც დაზარალებულად ცნეს, მისთვის არავის უკითხავს, შეურიგდა თუ არა სიდედრს.
დღეს ამ საქმეზე განმარტება გააკეთაპროკურატურამ, რომელშიც ვკითხულობთ:
“აქვე, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, მდინარა გიორგობიანის მიმართ არსებული გამოძიების მიმდინარეობის შესახებ გვსურს განვმარტოთ, რომ 2014 წლის 7 იანვარს საქართველოს შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის საგამოძიებო სამსახურში დაიწყო გამოძიება ვალერიან სილაქაძის ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111, 118-ე მუხლის 1 ნაწილით.
საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2014 წლის 7 იანვარს ქ. თბილისში, თემქის 3 მ/რ, მე-2 კვ, კორპუსი 26, ბინა 27-ში, ურთიერთშელაპარაკების შედეგად, მდინარა გიორგობიანმა სიძეს – ვალერიან სილაქაძეს ნაჯახის დარტყმით მარცხენა ხელზე ჭრილობა მიაყენა. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ჭრილობა წარმოადგენს ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანებას. შესაბამისად, საქმის ფაქტობრივი გარემოებების და მოპოვებული მტკიცებულებების ანალიზით, კერძოდ დაზარალებულის და ბრალდებულის ჩვენებებით, რომლებიც მარტო იყვნენ მომხდარი ინციდენტის დროს და წარმოადგენენ დაპირისპირებულ მხარეებს, ასევე ექსპერტიზის დასკვნების ანალიზით, მდინარა გიორგობიანის ქმედების დაკვალიფიცირება მოხდა 118-ე მუხლის პირველი ნაწილით და არა მკვლელობის მცდელობით, რომლის დახატვასაც ცდილობს „რუსთავი 2“.
აღსანიშნავია ის გარემოება, რომ კონფლიქტი მოხდა ოჯახში, დიასახლისის გარდაცვალების შემდეგ სიძე-სიდედრს შორის. კონფლიქტი პირდაპირ კავშირში იყო 12 წლის მცირეწლოვანი შვილიშვილის ინტერესებთან და პასუხისგებაში მისაცემი პირი იყო ამავე ოჯახის ღრმად მოხუცებული წევრი – ბებია, რომელსაც გართულებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შეზღუდული აქვს გადაადგილების შესაძლებლობა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდების მხარემ დაპირისპირებულ ოჯახის წევრებს შეგნებულად მისცა შესაძლებლობა და დრო, რომ პრობლემა შერიგების გზით მოეგვარებინათ, რა შემთხვევაშიც პროკურორის მიერ მიღებული იქნებოდა ადეკვატური გადაწყვეტილება ანალოგიურ საქმეებზე სისხლის სამართლის პოლიტიკით დამკვიდრებული პრაქტიკის გათვალისწინებით, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდებოდა დარეგულირებულიყო ურთიერთობა დაპირისპირებულ ოჯახის წევრებს შორის და მცირეწლოვანი შვილიშვილსთვის აგვერიდებინა დამატებითი ფსიქოლოგიური ტრავმა ბებიის პასუხისგებაში მიცემის გამო, რომელიც ობიექტური რეალობის შეფასებით არ წარმოადგენდა გარშემომყოფთათვის საფრთხეს.
მას შემდეგ, რაც ბრალდების მხარე დარწმუნდა, რომ დაპირსპირებული ოჯახის წევრები შერიგებას არ აპირებდნენ, 2015 წლის 24 სექტემბერს ვალერიან სილაქაძე ცნობილი იქნა დაზარალებულად, ხოლო 12 ოქტომბერს მდინარა გიორგობიანი მიცემული იქნა სისხლის სამართლის პასუხისგებაში სსკ-ის მე-111, 118-ე მუხლის 1 ნაწილით. აქვე ხაზი გვინდა გავუსვათ, რომ ვინაიდან გამოძიება ფაქტობრივად დასრულებულია, საქმე უახლოეს დღეებში წარიმართება სასამართლოში არსებითად განსახილველად. აღნიშნული ფაქტი, რომ უახლოეს დღეებში ხსენებული სისხლის სამართლის საქმე გადავა სასამართლოს წარმოებაში, კიდევ ერთხელ ადასტურებს „რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის აბსურდულობას”, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.