ახალი ამბები

ზაქარეიშვილი: აღდგა ორმხრივი ურთიერთობა აფხაზურ მხარესთან

13 ოქტომბერი, 2015 •
ზაქარეიშვილი: აღდგა ორმხრივი ურთიერთობა აფხაზურ მხარესთან

ეს განცხადება პაატა ზაქარეიშვილმა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებთან, საქართველოს საკითხზე მომხსენებლებთან, ბორის ცილევიჩსა და კერსტინ ლუნდგრენთან შეხვედრის დროს გააკეთა. 

 

როგორც მინისტრის აპარატში აცხადებენ, პაატა ზაქარეიშვილმა მათ მიაწოდა ინფორმაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების შესახებ და ყურადღება გაამახვილა გალის რაიონის ქართულ სკოლებში ქართულ ენაზე სწავლების დამატებით შეზღუდვებზე.

 

“სახელმწიფო მინისტრმა ისაუბრა აფხაზურ და ოსურ მხარეებთან ურთიერთობების შესახებ და აღნიშნა, რომ აღდგა ორმხრივი ურთიერთობა აფხაზურ მხარესთან”, – ნათქვამია განცხადებაში.

 

როგორც მინისტრის აპარატის პრესსამსახურში ნეტგაზეთს განუმარტეს, ეს არ ყოფილა ოფიციალური პირების შეხვედრები. ორმხრივ ურთიერთობების აღდგენაში კი, როგორც ასევე განგვიცხადეს, იგულისხმება ის რამდენიმე შეხვედრა, რომელიც საერთაშორისო შუამავალი ორგანიზაციების ეგიდითა და მხარდაჭერით სხვა ქვეყნების ტერიტორიაზე გაიმართა და სადაც თბილისის და სოხუმის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. მათ შორის იყო მინისტრი, პაატა ზაქარეიშვილი. 

 

ქართულ-აფხაზური კონფლიქტისა და სამშვიდობო პროცესისადმი მიძღვნილი ერთ-ერთი ასეთი შეხვედრა წელს, ივნისში ლონდონში გაიმართა. 

 

დღევანდელ შეხვედრაზევე ზაქარეიშვილმა მონიტორინგის კომიტეტის წევრებს განუცხადა, რომ “აფხაზური და ოსური საზოგადოებები დღეს უფრო მეტად ენდობიან ქართულ სახელმწიფოს”. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი