“პატრიარქის მიწვევით ვბრძანდებოდი საპატრიარქოში. მოგეხსენებათ, ბოლოს 10 წლის წინ ჩატარდა მსგავსი კონგრესი საქართველოში და გამოითქვა სურვილი, რომ შემდეგ წელს, როდესაც ვეფხისტყაოსნის 850 წლისთავი აღინიშნება, ჩატარდეს სრულიად ქართველთა კონგრესი, რომელსაც მოჰყვება კონკრეტული შედეგები, კონკრეტული ინვესტიციები”, – აცხადებს გელა დუმბაძე ნეტგაზეთთან საუბარში დიასპორის ეკონომიკურ ფორუმზე.
მინისტრის თქმით, კონგრესი, სავარაუდოდ, მაისში გაიმართება.
“ამას სჭირდება ძალიან სერიოზული მოსამზადებელი სამუშაო და თუ ეს განხორციელდა, მე პირადად, როგორც დიასპორის მინისტრი, მაქსიმალურად ვეცდები, რომ ეს იყოს ძალიან ნაყოფიერი და აზრიანი ფორუმი, ანუ კონგრესი კონგრესისთვის არა. სამინისტროებმა უნდა წარმოადგინონ სხვადასხვა პროექტი თვალსაჩინოდ გასაგებ ენაზე, რათა ჩამოსულმა შემძლე ქართველობამ შეძლოს სხვადასხვა პროექტის დაფინანსება. მოვიწვევთ სახელოვან ქართველებს, ვინც სხვადასხვა ქვეყანაში თავისი პროფესიული თუ ბიზნესავტორიტეტი შექმნა. საპატრიარქოს დიდი იმედი აქვს ჩვენი მხრიდან მაღალი დონის თანამშრომლობის”,- ამბობს დუმბაძე.





