“სამთავროს მონასტერში ღირსი მამა გაბრიელის საბოლოო განსასვენებლის მოწყობასთან დაკავშირებული ხარჯების ნაწილობრივი დაფინანსების მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს გამოუყოს 65 000 ლარი”, – წერია მთავრობის განკარგულებაში.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის ნიკა ანთიძის განცხადებით, 65 ათასი ლარი დაიხარჯება გაბრიელ ბერის საფლავის მოწყობისათვის.
“ამ თანხით, რაც გამოიყო, სრულიად იქნება საფლავი აწყობილი და მოპირკეთებული, რაც არის გათვალისწინებული”, – ამბობს ნიკა ანთიძე.
ნიკა ანთიძის თქმით, საფლავის პროექტი მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ცენტრმა მოიწონა, ხოლო პროექტი მოამზადა საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ. სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ დაიწყება.
სამთავროს მონასტერი, სადაც გაბრიელ ბერის საფლავი მდებარეობს, სვეტიცხოველსა და მცხეთის სხვა ძეგლებთან ერთად იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდროების ნუსხაშია შეტანილი.