ნატოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ გუშინ მიღებულ რეზოლუციაში ასევე საუბარია იმის შესახებ, რომ საქართველომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ჰელსინკის 2015 წლის დეკლარაციაში მოცემული რეკომენდაციებიც უნდა შეასრულოს.
ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ახალი რეზოლუცია ალიანსის ღია კარის პოლიტიკასა და არაწევრ ქვეყნებთან თანამშრომლობას ეხება. საპარლამენტო ასამბლეის წევრები კიდევ ერთხელ მხარს უჭერენ ნატოს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც საქართველო ნატოს წევრი უნდა გახდეს და ამასთან მოუწოდებენ ალიანსის წევრ ქვეყნებს, რომ განიხილონ ვარშავის 2016 წლის სამიტისათვის ასპირანტი ქვეყნების ნატოში გასაწევრიანებლად მომდევნო ნაბიჯების გადადგმის შესაძლებლობა თითოეული მათგანის მიერ ნაჩვენები პროგრესის საფუძველზე.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია, რომლის რეკომენდაციების შესრულებასაც ახლა უკვე ნატოს საპარლამენტო ასამბლეაც ითხოვს, წინასწარი პატიმრობის ინსტრუმენტის ბოროტად გამოყენებას ეხება. დოკუმენტში საქართველო რუსეთთან და თურქეთთან ერთად არის გაკრიტიკებული. რეზოლუციის მიხედვით, წინასწარი პატიმრობის ინსტიტუტს ქვეყანა პოლიტიკური ოპოზიციის ნეიტრალიზების მიზნით იყენებს.