აქციის ორგანიზატორები ამბობენ, რომ ნენსკრა ჰესსის გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი, რომელიც კომპანია “გამამ” შეადგინა, არის მიკერძოებული, უხარისხო და არ აკმაყოფილებს არავითარ გარემოსდაცვით სტანდარტს, პროექტის საწყის ეტაპზევე სხვა უამრავი დარღვევა ვლინდება.
ორგანიზატორები ამბობენ, რომ პროექტი უგულებელყოფს მდგრადი განვითარების ყველა ასპექტს, დარღვეულია ორჰუსის კონვენციის პრინციპები გადაწყვეტილებების მიღებისას საზოგადოების ჩართულობის შესახებ; არ არის გათვალისწინებული ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესები, რაც მოსახლეობის პოზიციაშიც ნათლად აისახება; პროექტში ბუნდოვანია, თუ რა ვალდებულებებს იღებს კომპანია ადგილობრივების დასაქმებისთვის; არ არის სათანადოდ შეფასებული გეოლოგიური პროცესები და მშენებლობის თანმდევი რისკები. თუ გავითვალისწინებთ ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებულ მწარე გამოცდილებას, მსგავსი დამოკიდებულება არ გამორიცხავს დარიალის კატასტროფაზე უფრო დიდ ტრაგედიას.
“ქართულმა საზოგადოებამ არ უნდა დაუშვას ნენსკრა ჰესის განხორციელება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ხუდონ ჰესი შემდეგი იქნება. ერთ შეცდომას, შესაძლოა, არა მხოლოდ სვანეთი, არამედ მთელი დასავლეთ საქართველო, განსაკუთრებით სამეგრელო, შეეწიროს. ენერგეტიკის სამინისტროს მიერ სვანეთში დაგეგმილი ყველა ჰიდროენერგოპროექტის განხორციელების შემთხვევაში, ბალს ქვემო სვანეთი კატასტროფის წინაშე დადგება”, – ამბობენ ორგანიზატორები.
აქციის მოთხოვნებია:
1. შეიქმანს დამოუკიდებელი ექსპერტებით დაკომპლექტებული კომისია, რომელიც შეისწავლის, რამდენაც დასაშვებია აღნიშნულ ტერიტორიაზე ჰესის მშენებლობა
2. მოვითხოვთ საჯარო განხილვებს ნენსკრა ჰესთან დაკავშირებით, სადაც მაღალი იქნება საზოგადოებისა და პროფესიონალების ჩართულობა.
3. აიკრძალოს სვანეთში დიდი ზომის კაშხლების მშენებლობა.
2015 წლიუს 31 აგვისტოს საპარტნიორო ფონდმა, კორეულმა კომპანიამ K-Water, საქართველოს მთავრობამ, სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულმა ოპერატორმა“ (ესკო) და სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ ხელი მოაწერეს ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის პროექტის საიმპლემენტაციო ხელშეკრულებათა პაკეტს.
მათი შეთანხმების მიხედვით, უნდა აშენდეს 280 მგვტ სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგური სვანეთში, მდინარე ენგურის შენაკად ნენსკრაზე.





