ახალი ამბები

პრემიერმა თბილისის აეროპორტში ასაფრენი ზოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

12 ოქტომბერი, 2015 •
პრემიერმა თბილისის აეროპორტში ასაფრენი ზოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

ასევე, პრემიერ-მინისტრი თბილისის საერთაშორისო აეროპორტის განვითარების გეგმის სამუშაო ფაზებს გაეცნო.


„მნიშვნელოვანია, ჩვენი აეროპორტი გახდეს კიდევ უფრო საინტერესო სხვა ავიაკომპანიებისთვის. მგზავრთნაკადი წელს განსაკუთრებით გაზრდილია, ჩვენ რეკორდულ მაჩვენებელს მივაღწიეთ. სექტემბრის მონაცემებით, მგზავრთნაკადი, გასულ წელთან შედარებით, 25%-ით გაიზარდა. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ ინტერესი ჩვენი აეროპორტის მიმართ კიდევ უფრო გაიზრდება. დარწმუნებული ვარ, შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი იქნება და მომავალი წლის ივნისში ჩვენს მოქალაქეებს და ტურისტებს ექნებათ კომფორტულად მგზავრობის საშუალება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. 


მიმდინარე წლის 28 მაისს, 2-წლიანი მოლაპარაკებების შედეგად, თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორ კომპანია „ტავ ჯორჯიასა“ და საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას შორის ხელი მოეწერა 2005 წელს გაფორმებული, თბილისის აეროპორტის კონცესიის ხელშეკრულების (Build Operate Transfer – BOT) განახლებულ ვარიანტს, რომელიც ითვალისწინებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტის არსებული ასაფრენი ზოლისა და სამიმოსვლო ბილიკების რეაბილიტაციას, ასევე, მთლიანად აეროპორტის ინფრასტრუქტურის განვითარებას. 


2005 წლის ხელშეკრულებით თბილისის და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტები „ტავ ჯორჯიას“ მართვაში 2027 წლამდე გადაეცა. ვინაიდან 2005 წლის შემდეგ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთა ნაკადის ოდენობა საგრძნობლად გაიზარდა, დღის წესრიგში დადგა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში არსებული ინფრასტრუქტურის განვითარება და, შესაბამისად, არსებული ხელშეკრულების პირობების გადახედვა. აღსანიშავია ის ფაქტიც, რომ განახლებული ხელშეკრულების თანახმად თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ინფრასტრუქტურის განვითარების გეგმა 2027 წლამდე იქნა შემუშავებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი