ენერგეტიკის სამინისტროს პოზიციაა, რომ პოლიტიკა და ეკონომიკა უნდა გაიმიჯნოს. რამდენად სწორი და ლოგიკურია ეს, როდესაც საქმე “გაზპრომთან” დაკავშირებულ საკითხებს ეხება?
ასეთი რამე ჯერ ისტორიაში არავის ახსოვს, რომ პოლიტიკა და ეკონომიკა უნდა გაიმიჯნოს. უკეთესი არგუმენტი ვერ მოიფიქრეს და პოლიტიკას და ეკონომიკას მიჯნავენ ერთმანეთისგან. გასაკუთრებით, როდესაც ეს გაზპრომს ეხება. ამით ყველაფერი ნათქვამია. მათ ჯერ ნორმალური და ლოგიკური მიზეზი ვერ მოიყვანეს, რატომ უნდა შემოვიტანოთ ჩვენ “გაზპრომის” გაზი. კალაძე და ტყემალაძე იღიმიან ირონიულად, როდესაც ეკითხებიან მათ, ხომ არ უკავშირდება ეს ყველაფერი ბიძინა ივანიშვილის შესაძლო წილს “გაზპრომში”, და ეს პრობლემაა. დღემდე არ ვიცით, რეალურად აქვს თუ არა ამ კაცს ამ კომპანიაში წილი. ამას ალბათ ვერც გავიგებთ იმიტომ, რომ “გაზპრომი” ძალიან არაგამჭვირვალე კომპანიაა და მასზე ინფორმაციას მარტივად ვერ ნახავ. თქვას მან [ბიძინა ივანიშვილმა] რომ წილი არ აქვს, – იქნებ ვენდოთ. მაგრამ არც ამას ამბობს.
თუ აქვს წილი ამ კომპანიაში?
არაფორმალურ მმართველს ექნება სერიოზული და ძალიან მძიმე ინტერესთა კონფლიქტი. ეს არის კატასტროფული ჩვენი ქვეყნისთვის.
რა რისკები შეიძლება დადგეს?
რატომ გვჭრდება ჩვენ “გაზპრომის” გაზი, თუკი საკმარისად ვიღებდით გაზს აზერბაიჯანისგან. ანუ უნდა შევამციროთ აზერბაიჯანის გაზის მიღება და “გაზპრომით” ჩავანაცვლოთ? ეს ხომ გააფუჭებს ურთიერთობებს აზერბაიჯანთან. კი, გასაგებია, აზერბაიჯანიც დამოკიდებულია ჩვენზე, მაგრამ მაინც ჩვენ უფრო ვართ მათზე დამოკიდებული. აზერბაიჯანმა გაზი რომ გადაგვიკეტოს, გავიყინებით. და ვის იმედზე ვიქნებით მერე, გაზპრომის, რომლის იმედზე მსოფლიოში არავინაა?!
თავად აზერბაიჯანში ამ ეტაპზე “გაზპრომთან” საქართველოს მოლაპარაკებებს განიხიხლავენ, როგორც საქართველოში მონოპოლიასთან ბრძოლას და მზად არიან კონკურენციისთვის.
საკმაოდ ცივი და პრაგმატული განცხადება გააკეთეს ბაქოში, მაგრამ, ვფიქრობ, მათ ეს ფაქტი ძალიან არ სიამოვნებთ. თუ ახლა ჩვენი მთავრობა გაზპრომთან მოლაპარაკებებით ცდილობს “სოკარს” დააწევინოს გაზის ფასი, ეს არ გამოვა. აზერბაიჯანი ისედაც დაბალ ფასში გვაწვდის გაზს. შესაბამისად, ბაქოში ძალიან კარგად იციან, რომ “გაზპრომი” უფრო იაფად ჩვენ გაზს არ მოგვცემს.
თავად რუსეთის ინტერესი საქართველოში ხომ არ უკავშირდება ირანული გაზის ფაქტორს?
ირანის გარეშეც მას ყოველთვის ჰქონდა ინტერესი, მთელი კავკასიის ენერგოსექტორი ხელში ჩაეგდო. რა თქმა უნდა, რაღაც პატარა ბიძგი ირანმა მისცა, მაგრამ რუსეთი ჯერ არ დამშვიდობებია გეგმებს, რომ მთელი კავკასიის ენერგოსექტორი ხელში ჩაიგდოს. ამაში მას ხელი აზერბაიჯანმა და ჩვენ შევუშალეთ. ამის წყალობით ეს ორი ქვეყანა ვცდილობდით რუსეთისგან ენერგეტიკულად დამოუკიდებელი ვყოფლიყავით აქამდე. ქართულ- აზერბაიჯანული ჯაჭვი კი ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე დიდი მონაპოვარია, რომელიც “გაზპრომის” გამო არ უნდა გაწყდეს.






