“აზერბაიჯანი არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა. აქ საუბარი მხოლოდ და მხოლოდ კომერციულ გაზზეა. მოგეხსენებათ, რომ კომერციული ბაზარი არის დერეგულირებული. ნებისმიერ ადამიანს, ნებისმიერ კომპანიას აქვს შესაძლებლობა, რომ წავიდეს და შემოიტანოს ბუნებრივი აირი მისთვის ხელსაყრელ ფასად”, – ამბობს კალაძე. რაც შეეხება მთავრობის მოტივაციას გაზპრომთან მოლაპარაკების პროცესში, იგი განმარტავს:
“ინიციერებამ, რომ კომპანიებს ხელი შევუწყოთ და შეეძლოთ მათ ალტერნატიული წყაროებიდან მიიღონ ბუნებრივი აირი. რა თქმა უნდა, [ბიზნესის სექტორიდან] მოთხოვნა არის. დღესდღეობით გაზგასამართ სადგურებზე შესასყიდი ფასი სხვადასხვაა: ეს ფასი იწყება 190 დოლარიდან და მთავრდება 315 დოლარზე. 315 დოლარი, მე ვფიქრობ, ძლიან ძვირი ფასია, რომელიც ევროპაშიც არ არის დღეს”, – აცხადებს კალაძე დღეს, 12 ოქტომბერს.
კახა კალაძის თქმით, მან არ იცის, რა იქნება გაზპრომის ფასი კომერციული გაზისთვის:
“გაზპრომის ფასი – ვერ გეტყვით, არ ვიცი, თუ მისაღები ფასი იქნება, კომერციული სტრუქტურები, მე ვფიქრობ, დაინტერესდებიან, თუ არ იქნება, გიჟი არავინაა და ძვირად არავინ შემოიტანს”, – თქვა კალაძემ.
გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ საქართველომ გაზპრომთან მოლაპარაკებები დაიწყო რუსეთიდან გაზმომარაგების მოცულობის გაზრდის მიზნით, საზოგადოების ნაწილში პროტესტი გამოიწვია. 17 ოქტომბერს საპროტესტო აქციაა დაგეგმილი მთავრობის ადმინისტრაციასთან.
კალაძე “გაზპრომის” წარმომადგენლებს 25 სექტემბერ შეხვდა ბრიუსელში. ენერგეტიკის სამინისტრომ მაშინ განაცხადა, რომ ამ შეხვედრაზე განიხილეს 2015-16 წლების ზამთრის სეზონთან დაკავშირებული მოსამზადებელი სამუშაოები. საუბარი ასევე შეეხო სომხეთში გაზის ტრანზიტის საკითხებს. ორი დღის შემდეგ კი ამ საკითხზე კალაძემ ასეთი კომენტარი გააკეთა: „სამუშაო შეხვედრა იყო, თქვენ იცით, რომ ჩვენ, გაზის ტრანსპორტირების სახელმწიფო კომპანია ყოველ წელს ვაფორმებთ ხელშეკრულებას გაზპრომთან საქართველოში გაზის შემოტანაზე. ასეთი შეხვედრები ყოველ წელს იმართება”.
კალაძის მორიგი შეხვედრა გაზპრომის ხელმძღვანელობასთან უახლოეს მომავალში გაიმართება. ინფორმაცია ამის თაობაზე ნეტგაზეთს გაზპრომში დაუდასტურეს.
გასულ კვირაში კახა კალაძის მიერ გაზპრომის საკითხზე გაკეთებული განცხადებები მხოლოდ კომერციულ გაზს არ ეხებოდა.
“ბრიუსელში შეხვედრაზე, რომელიც იყო გამართული, ჩვენ დავსვით საკითხი იმასთან დაკავშირებით, რომ ის მოცულობები, რომელიც დღეს ამ მილსადენში გადის სომხეთის მიმართულებით, რომ იყოს გაზრდილი, რადგანაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის, რომ ეს მილსადენი რაც შეიძლება მაქსიმალურად იყოს დატვირთული, რადგან ამ შემთხვევაში ჩვენ უფრო მეტი საშუალება გვექნება დამატებითი მოცულობები მივიღოთ და ასევე, თუ კომერციულ კომპანიებს ექნებათ სურვილი და შესაძლებლობა, მათ შეუძლიათ ბუნებრივი აირი ასევე წამოიღონ რუსეთიდან,” – განაცხადა კახა კალაძემ.
განმარტებები რუსეთიდან გაზის მიწოდების შესაძლო გაზრდის თაობაზე წინა კვირაში ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილმაც გააკეთა:
“ჩვენ უნდა გამოვიდეთ პრაგმატული ინტერესებიდან და უნდა გავმიჯნოთ ამ შემთხვევაში პოლიტიკა და ეკონომიკა. აქ მთავარი საკითხი არის ის, რომ ჩვენ დივერსიფიცირებულები ვართ გაზის მოწოდების მხრივ, ჩვენ გვაქვს როგორც საკუთარი ტრანზიტული რესურსები, ასევე გვყავს აზერბაიჯანი, როგორც გრძელვადიანი სტრატეგიული პარტნიორი. თუკი გაზპრომიდან იქნება კომერციულად გამართლებული შემოთავაზება, რომელიც ჩვენ წაგვადგება და ჩვენს ეკონომიკას წაადგება და ეს არ დააზიანებს ჩვენს გრძელვადიან პარტნიორულ ურთიერთობებს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან, ამაში მისასალმებელის გარდა არაფერი არ არის”.
“გაზპრომიდან” საქართველოსთვის გაზის მიწოდების საკითხის გააქტიურებაზე არაერთი სტატია გამოქვეყნდა აზერბაიჯანის მედიაში. “გაზპრომი და სოკარი გაზის ომს იწყებენ საქართველოსთვის” – ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას გამოცემა haqqin.az. გამოცემა იუწყება, რომ აზერბაიჯანული “სოკარი” საქართველოს გაზის ბაზრის 90%-ს იკავებს და საქართველოს მთავრობამ, როგორც ჩანს, გადაწყვიტა დაასრულოს ამ ბაზარზე აზერბაიჯანული მონოპოლია. გამოცემა, ასევე, რამდენიმე სტატისტიკურ მონაცემს აქვეყნებს: რუსეთი საქართველოს გაზს აწვდის იმ გადასახადის სახით, რაც დაწესებულია აზერბაიჯანში გაზის ტრანზიტისთვის. რუსესთა და საქართველოს შორის შეთანხმებით, 1000 კუბურ მეტრზე ფასი 110 აშშ დოლარს შეადგენს, თუმცა 2016 წლის 1 იანვრიდან რუსეთი თავის გაზს სომხეთისთვის 189-დან 165 აშშ დოლარამდე აიაფებს. საქსტატის მონაცემებით კი, აზერბაიჯანული გაზი გაცილებით იაფი უჯდება საქართველოს: 2014 წელს საქართველომ შეისყიდა 250 მლნ კუბური მეტრი გაზი “შაჰდენიზი 1” საბადოდან 55 დოლარად და 500 მილიონი ტონა “შაჰდენიზი 2” საბადოდან 64 დოლარად.
რა მიზანს ემსახურება “გაზპრომის” გააქტიურება საქართველოში და რა სარგებელს მიიღებს ამით ქვეყანა? საქართველოს ეკონომიკის მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, “ქვეყნისთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია, რომ იყოს დივერსიფიკაცია ყველაფერში, როგორც ექსპორტში, ასევე, იმპორტში”.
აზერბაიჯანის მედია კი იუწყება, რომ “გაზპრომის” ერთ-ერთი მსხვილი კერძო აქციონერია საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც აქვს ამ კომპანიის აქციების 1%. ბიძინა ივანიშვილმა გაზპრომის აქციებზე 2012 წელს გასცა მედიას პასუხი:
“ოდესღაც, 7-8 წლის წინათ, მართლაც მქონდა პორტფელში „გაზპრომის“ აქციების 1%-მდე, რაც გავაორმაგე და მნიშვნელოვანი სარგებლით გავყიდე. ახლაც შეიძლება მქონდეს პორტფელში 10 ან 20 მილიონის აქციები, მაგრამ ამ ინფორმაციას ოპერატიულად არ ვაკონტროლებ, რადგან ამა თუ იმ ემიტენტის აქციების პორტფელში ქონა დამოკიდებულია იმ მენეჯერზე, რომელიც პორტფელს მართავს,“ – განაცხადა ივანიშვილმა. მანვე განმარტა, რომ დღეს შეიძლება პორტფელში იყოს ამა თუ იმ ემიტენტის 50 მილიონამდე დოლარის აქციები, ხვალ – აღარც ერთი ცენტის: „ეს ჩვეულებრივად, პორტფელის მართვის სტრატეგიის შესაბამისად ხდება. თუმცა ვიცი, რომ ამჟამად რომელიმე მსხვილი ემიტენტის აქციების მსხვილ პაკეტს, სამწუხაროდ, არ ვფლობ“.