სააგენტოს საქმიანობა შეჩერებული იქნება მანამ, სანამ სასამართლო გადაწყვეტილებას არ მიიღებს. ამ პერიოდში სააგენტოს ფუნქციებს კვალვ ეროვნული ბანკი შეასრულებს.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართღლოს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
“2015 წლის 12 ოქტომბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა არსებითად განსახილველად მიიღო კონსტიტუციური სარჩელი „საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფი (ზურაბ აბაშიძე, გიორგი ბარამიძე, დავით ბაქრაძე და სხვები, სულ 39 დეპუტატი) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“.
მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის რიგ საკანონმდებლო აქტებში, მათ შორის, „ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილ ცვლილებებს, რომელთა შედეგადაც შეიქმნა საჯარო სამართლის იურიდიული პირი „საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო“ და მას დაეკისრა იმ ფუნქციების განხორციელება, რაც სადავო ნორმების ამოქმედებამდე ეროვნული ბანკის უფლებამოსილებას მიეკუთვნებოდა. მოსარჩელეთა განმარტებით, სააგენტოსთვის გადაცემულ იქნა ის უფლებამოსილებები, რომელთა განხორციელება აუცილებელია ფინანსური სექტორის სტაბილური ფუნქციონირების ხელშეწყობისთვის, რაც საქართველოს კონსტიტუციის 95-ე მუხლის პირველი და მე-4 პუნქტების მიხედვით მხოლოდ საქართველოს ეროვნული ბანკის კომპეტენციას მიეკუთვნება.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ საქმის საბოლოო გადაწყვეტამდე სადავო ნორმების მოქმედებას შეეძლო ეჭვქვეშ დაეყენებინა არა მხოლოდ ქვეყნის საფინანსო-საბანკო სექტორის მდგრადობა, არამედ გამოეწვია კონკრეტული პირების (საბანკო ურთიერთობის მონაწილეების, ინვესტორების, მეანაბრეების) უფლებებისა და ინტერესებისთვის გამოუსწორებელი შედეგი. აღნიშნულიდან გამომდინარე, 2015 წლის 12 ოქტომბრის N3/6/668 საოქმო ჩანაწერით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეაჩერა „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 473 მუხლის 21-ე პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და ამავე მუხლის 22-ე პუნქტის, აგრეთვე ამავე კანონის 474 მუხლის მე-12 პუნქტის „ა“, „დ“, „ე“, „ვ“, „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტების, ასევე „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს ორგანული კანონის“ (N4188-I) მე-2 მუხლის მე-7 პუნქტის სიტყვების: “ „…მაგრამ არაუგვიანეს სააგენტოს დებულების დამტკიცებიდან 1 თვისა…“ მოქმედება. აღნიშნული ნორმების მოქმედების შეჩერების შედეგად, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, „„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2015 წლის 3 სექტემბრის საქართველოს ორგანული კანონის მე-2 მუხლის მე-7 პუნქტის საფუძველზე, „საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს“ ფუნქციებს შეასრულებს საქართველოს ეროვნული ბანკი.”
იურისტმა გიორგი მშვენიერაძემ ნეტგაზეთს განუცხადა, რომ სასამართლოს რეგლამნეტის მიხედვით საქმის განსახილველად 9-თვიანი ვადა აქვს, თუმცა საჭიროების შემთხვევაში თავმჯდომარის გადაწყვეტილებით შეუძლია პროცესის ერთი თვით გახანგრძლივება:
“დღეს არსებული მდგომაროებით ამ სააგენტოს მუშაობა არ დაუწყია, ანუ დღესდღეობით სააგენტოს დაკომპლექტების ეტაპი მიმდინარეობდა. აქედან გამომდინარე, ჩვენ შევაჩერებინეთ სასამართლოს ის უფლებამოსილებები, რომლებიც შეეხებოდა სააგენტოს დაკომპლექტებას. ისინი ვეღარ დააკომპლექტებენ სააგენტოს, ეროვნული ბანკი იქნება ამ ფუნქციის განხორციელების მოვალეობის შესმრულებელი. შემდგომ თუკი სასამართლო მიიჩნევს, რომ ეს სააგენტო უნდა არსებობდეს და კონსტიტუციურია, რაც მეეჭვება რომ ასე იყოს, მაშინ დაკომპლექტების შემდეგ შეუდგება უფლებამოისლების განხორციეებას, ხოლო თუ არაკონსტიტუციურად მიიჩნევს, აღდგება ძველი ნორმა და ეს ფუნქცია კვლავ ეროვნულ ბანკს დარჩება”, – გვითხრა გიორგი მშვენიერაძემ, რომელიც ამ დავაში მოსარჩელე მხარეს წარმოადგენს.