მერიის ცნობით, შეხვედრაზე ისაუბრეს ენერგოეფექტური ქალაქის შექმნაზე ორიენტირებულ პროექტზე „მომავლის ქალაქი“, რომლის ფარგლებშიც ურბანული პროცესები და მართვის, ენერგიის განახლებადი წყაროების, CO2-ის შემცირების, ინფრასტრუქტურის, ლოჯისტიკის, ტრანსპორტის, კომუნიკაციისა და უსაფრთხოების საკითხები განიხილება.
პირველ ეტაპზე „ფრაუნჰოფერის“ წარმომადგენლები ქალაქ თბილისის მერიის საქალაქო სამსახურების უფროსებს და წარმომადგენლებს შეხვდნენ. დღეს გამართულ პრეზენტაციაზე თბილისის მერ დავით ნარმანიას ქალაქის მდგრადი განვითარებისთვის რვა პროექტი წარუდგინეს, რომელთა შორისაა ველოტრასების მოწყობა, ჰაერის ხარისხის ვიზუალიზაცია, მოსახლეობაში გარემოს დაცვის მიმართულებით ცნობიერების ამაღლება და სამშენებლო დარგში დაგროვილი ინფორმაციის გავრცელების კუთხით რეგიონული ცენტრის შექმნაა.
თბილისის მერია აცხადებს, რომ წარმოდგენილი იდეებიდან თბილისის ეფექტურად განვითარებისთვის რამდენიმე პროექტს შეარჩევს, რის შემდეგაც, „მომავლის ქალაქის“ გერმანელი პარტნიორები დედაქალაქის მერიის შესაბამის თანამშრომლებს საკუთარ ხედვებს გააცნობენ.