ახალი ამბები

მერიის განცხადებით, თბილისის ანძა ახალი წლიდან ახლებურად განათდება

9 ოქტომბერი, 2015 •
მერიის განცხადებით, თბილისის ანძა ახალი წლიდან ახლებურად განათდება

“ახალი წელი, რომელიც სიხარულთან და სიახლეებთან არის დაკავშირებული, გვინდა, რომ ჩვენი დედაქალაქისთვისაც სიახლეებით იყოს დატვირთული”,- განაცხადა თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ.

 

ნარმანია ამბობს, რომ თბილისის ანძა ახალი წლისთვის ახლებურად განათდბა თანამედროვე მოწყობილობებისა და დეკორატიული განათების სისტემების გამოყენებით, რომლებსაც მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში მოიხმარენ.

 

თბილისის მერიამ ანძის ახალ განათებასთან დაკავშირებით რამდენიმე უმსხვილეს საერთაშორისო კომპანიას მიმართა. შეთავაზების მიზანი გონივრულ ვადაში მაღალ ხარისხსა და შედარებით დაბალ ფასზე ორიენტირებული წინადადების მიღება იყო. დედაქალაქის მერიის მიერ გათვალისწინებული ყველა კრიტერიუმი იტალიურმა კომპანიამ – „გრივენი“ დააკმაყოფილა.

 

კომპანია „გრივენთან” ხელშეკრულება იტალიაში, უშუალოდ ადგილობრივ ქარხანაში დამზადებული დეკორატიული სანათების მოწოდებასა და საპროექტო სამუშაოებში ხელშეწყობასა და დახმარებას ითვალისწინებს, აცხადებს მერია.

 

მერიის ცნობით, „სინათლის ქალაქი“, საერთაშორისო კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმებისთანავე, ანძაზე არსებული განათების ფრაგმენტულ დემონტაჟს განახორციელებს, რათა ანძა არც ერთი დღით არ ჩაბნელდეს. აღნიშნული სამუშაოები 20 დღის ვადაში დასრულდება და კომპანია „გრივენის” მიერ წარმოდგენილი პროექტის შესაბამისად, ერთი თვის განმავლობაში ახალი სანათები დამონტაჟდება. სამუშაოები დეკემბრის შუა რიცხვებამდე გასტანს, ახალ წელს კი თბილისის ანძა ახალი განათებით შეხვდება.

 

დედაქალაქის ანძა დღეს 5 000 ცალი „ფლეშ“ სანათისგან შედგება, რომელიც 2010 წელს დამონტაჟდა. სანათების არასწორი სტანდარტებით დამონტაჟების გამო მათგან დაახლოებით ნახევარზე მეტი დღეისთვის მწყობრიდან არის გამოსული. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ძველი ხელშეკრულების პირობებში გათვალისწინებული არ იყო არც სანათების საგარანტიო პერიოდი და არც ექსპლუატაციის პერიოდში საჭირო სარემონტო სამუშაოები.

 

მერიის ცნობით, კომპანია „გრივენის“ ფასადების არქიტექტურულ განათებაში 25-წლიანი გამოცდილება აქვს. იტალიურმა კომპანიამ პირველმა დაიწყო დიდი სიმძლავრის ლედ-სანათების წარმოება და ამჟამად დარგში ბაზრის ლიდერია.

 

მსოფლიოს მაშტაბით კომპანიას განხორციელებული აქვს არაერთი დიდი პროექტი –  „გრივენის“ მიერ  იყო განათებული ეფიელის კოშკი  6 თვის განმავლობაში, საფრანგეთის ევროკავშირის პრეზიდენტობის აღსანიშნავად. ასევე, კომპანიის სახელს უკავშირდება გიზის პირამიდების განათება, ოლიმპიური სტადიონი ბაქოში, სატელევიზიო ანძები ქალაქ სოჭში, ბელგოროდსა და კრასნოდარში.

 

კომპანია საშუალებას იძლევა, მოხდეს სანათების ადგილზე მიწოდება და მონტაჟი. „გრივენის“ მომსახურებები ადგილობრივი ტექნიკური პერსონალის გადამზადებასა და 10-წლიან გარანტიასაც ითვალისწინებს, აცხადებს მერია.

მასალების გადაბეჭდვის წესი