ახალი ამბები

ტექნოლოგიური ინსტიტუტის გახსნისთვის თბილისში ცერნის წარმომადგენლები ჩამოვიდნენ

9 ოქტომბერი, 2015 •
ტექნოლოგიური ინსტიტუტის გახსნისთვის თბილისში ცერნის წარმომადგენლები ჩამოვიდნენ

შეხვედრას ფონდ “ქართუს” დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი, ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის CERN-ის სამეცნიერო დირექტორი სერჯიო ბერტოლუჩი, CERN-ის საერთაშორისო ურთიერთობების ოფისის მრჩეველი ქრისტოფ შეფერი, იტალიის ონკოლოგიური ადრონული თერაპიის ეროვნული ცენტრის გენერალური მენეჯერი სანდრო როსი და ბირთვული ფიზიკის  ეროვნული ინსტიტუტის პრეზიდენტი ფერნანდო ფერონი დაესწრნენ.

 

სხდომის დასაწყისში ირაკლი ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა ფონდ “ქართუს” დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილს, რომლის ინიციატივით და დაფინასებით ხორციელდება ტექნოლოგიური ინსტიტუტის და ადრონული თერაპიის მეგაპროექტი. ირაკლი ღარიბაშვილი მიიჩნევს, რომ 500 მილიონ ევროდ ღირებული პროექტი საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესია. 

 

„დღეს არის მორიგი კომისიის სხდომა. პირველ რიგში მინდა გამოვყო ბიძინა ივანიშვილის როლი ამ საქმეში, როგორც ინიციატორის, და ასევე გია დვალის წვლილი არის მნიშვნელოვანი. ბატონი ბიძინას ინიციატივა იყო ამ საქმის წამოწყება საქართველოში და პროექტს მთლიანად დააფინანსებს ბიძინა ივანიშვილი და მისი ფონდი „ქართუ“.  ამ ორი პროექტის ჯამური ღირებულება შეადგენს ნახევარ მილიარდს და მჯერა, რომ ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი ჩვენი ქვეყნისთვის,“ – განაცხადა პრემიერ–მინისტრმა.

 

„ორ  წელიწადზე მეტია, რაც მე და გია დვალი ამ პროექტით ვართ დაინტერესულნი. მინდა მადლობა გადავუხადო გიას. ინიციტივა ჩემი იყო, დავუკავშირდი გიას და მისგან მივიღე ძალიან დიდი მხარდაჭერა და სურვილი, რომ საქართველოში შეიქმნას ასეთი სამეცნიერო ცენტრი. თემურ ლომთაძემ მიიღო დიდი მონაწილეობა, ის აქტიურად არის ჩართული პროექტში, ისევე როგორც ჩვენი გუნდი. რა თქმა უნდა, მადლობა ჩამობრძანებისთვის ჩვენს სტუმრებს.  თქვენი სტუმრობა საქართველოში ჩვენთვის  დიდი პატივია და იმედი მაქვს, რომ თქვენი მხარდაჭერით ჩვენ შევძლებთ ამ პროექტის განხორციელებას. ჩვენი მხრივ, ქართული მხარე ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მაქსიმალურად  გამოვიყენოთ თქვენი შესაძლებლობები, რათა საქართველოში მსგავსი ცენტრი დაფუძნდეს,“ – აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

 

“ეს პროექტი ნებისმიერი ქვეყნისთვის იქნებოდა უმნიშვნელოვანესი და ჰუმანური. დღეს ძალიან პატარა ნაბიჯი გადაიდგა მხოლოდ. ურთულესი პროექტია. დაგვჭირდება აუცილებლად საერთაშორისო კოლეგების ძლიერი თანადგომა და ძლიერი ძალისხმევა ქვეყნის შიგნით”, – განაცხადა გია დვალმა.

 

საქართველოს მთავრობა და საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ ტექნოლოგიური ინსტიტუტის და ადრონული თერაპიის მეგაპროექტის გარშემო თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების სამეცნიერო-საგანმანათლებლო ცენტრის დაფუძნებისა და განვითარების სფეროში ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციასთან  (CERN), იტალიის ონკოლოგიური ადრონული თერაპიის ეროვნულ ცენტრსა (CNAO) და იტალიის ბირთვული ფიზიკის ეროვნულ ინსტიტუტთან (INFN) ითანამშრომლებს.    

 

CERN, CNAO, INFN ქართულ მხარეს ექპერიმენტული კვლევითი ბაზის მშენებლობისა და ფუნქციონირების საქმეში მიღებულ გამოცდილებასა და ცოდნას გაუზიარებენ; აღნიშნული ორგანიზაციები ქართულ მხარეს გადასცემენ ტექნოლოგიური ინსტიტუტის სამეცნიერო-ტექნიკური ბაზის საპროექტო დოკუმენტაციას, ასევე გამოყოფენ სათანადო გამოცდილების მქონე ექსპერტებს, რათა ტექნოლოგიურმა ინსტიტუტმა ფუნქციონირება ეფექტურად დაიწყოს. მხარეები ითანამშრომლებენ სტუდენტების და მკვლევრების მომზადების, ერთობლივი პროგრამებისა და პროექტების შემუშავებაში.

 

საქართველოს მთავრობამ, საკანონმდებლო ინიციატივის სახით, პარლამენტში შეიტანა “საჯარო სამართლის   იურიდიული პირის – ტექნოლოგიური ინსტიტუტის და  ადრონული თერაპიის მეგაპროექტის გარშემო თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების სამეცნიერო-საგანმანათლებლო ცენტრის შექმნის შესახებ” კანონპროექტი, რომლის საფუძველზე ტექნოლოგიური ინსტიტუტი და ტექნოლოგიების განვითარების სამეცნიერო-საგანმანათლებლო ცენტრი უნდა დაფუძნდეს.

 

ტექნოლოგიური უნივერსიტეტის და ადრონული თერაპიის თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების სამეცნიერო-საგანმანათლებლო ცენტრის დაფუძნების ინიციატივა საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის. ტექნოლოგიურ უნივერსიტეტსა და სამეცნიერო-საგანმანათლებლო ცენტრის თბილისში ფონდი „ქართუ“ ააშენებს. ამ ორი პროექტის ჯამური ღირებულება საორიენტაციოდ ნახევარ მილიარდ ევროს შეადგენს.

 

საქართველოს მთავრობასა და მსოფლიო დონის სამეცნიერო ინსტიტუტებს შორის ტექნოლოგიური ინსტიტუტისა და თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების სამეცნიერო-საგანმანათლებლო ცენტრის დაფუძნების სფეროში თანამშრომლობის შესახებ განზრახულობათა ოქმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს მთავრობის მეთაურმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაცია CERN-ის სამეცნიერო დირექტორმა სერჯიო ბერტოლუჩიმ, იტალიისონკოლოგიური ადრონული თერაპიის ეროვნული ცენტრის გენერალური მენეჯერმა სანდრო როსიმ და ბირთვული ფიზიკის  ეროვნული ინსტიტუტის პრეზიდენტმა ფერნანდო ფერონიმ.

 

“ეს იქნება მსოფლიოში მეხუთე მსგავსი მასშტაბის ცენტრი. გერმანიაში, იტალიაში, იაპონიაში და ჩინეთშია ჯერ მხოლოდ”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

ინსტიტუტისა და ცენტრის მშენებლობის ადგილი თბილისში ჯერ ცნობილი არაა და შესაბამისი საკანონმდებლო რეგულაციების მიღების შემდეგ გაირკვევა.

მასალების გადაბეჭდვის წესი