ახალი ამბები

თბილისის მოლაპარაკებები გაზპრომთან და ბაქოს რეაქციები

9 ოქტომბერი, 2015 •
თბილისის მოლაპარაკებები გაზპრომთან და ბაქოს რეაქციები

“ჩვენ დიდწილად არ ვაკეთებთ კომენტარს თავმჯდომარის გრაფიკზე, მაგრამ შეხვედრა ნამდვილად გაიმართება უახლოეს პერიოდში. შეხვედრები ჩვენთან რეგულარულად ტარდება ბევრ პარტნიორთან, ამიტომ, ეს შეხვედრა როცა გაიმართება, შესაბამის პრესრელიზსაც გავავრცელებთ. მანამდე კი,მოლაპარაკებების შესახებ კომენტარებს არ ვაკეთებთ, ასევე, ვერ გეტყვით წინასწარ იმ საკითხებს, რაზეც იქნება შეხვედრაზე საუბარი. ჩვენ ზუსტად ვიცით, ეს შეხვედრა სად და როდის შედგება, მაგრამ წინასწარ ვერ ვიტყვით,” – უთხრეს “ნეტგაზეთს” “გაზპრომის” პრესსამსახურში.

 

“გაზპრომი უკვე არის საქართველოში. ჩვენ ვიღებთ ბუნებრივ აირს რუსეთიდან, ანუ კომპანია გაზპრომიდან, ეს უკვე წლებია, ეს გუშინ და დღეს არ დაწყებულა და, მე ვფიქრობ, ეს ურთიერთობები მომავალშიც გაგრძელდება, რადგან ჩვენ საკუთარი ბუნებრივი აირი არა გვაქვს. ძირითადი მომწოდებელი არის აზერბაიჯანი, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, თუმცა ნებისმიერი განვითარებული ქვეყანა ფიქრობს ენერგეტიკული წყაროების დივერსიფიცირებაზე. აქ საუბარი არ არის მხოლოდ და მხოლოდ დამატებითი მოცულობების შემოტანაზე რუსეთიდან. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ასევე ირანთან მიმართებაში”, – განაცხადა საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ დღეს, 9 ოქტომბერს, მარნეულში ახალი ქვესადგურის მშენებლობის გახსნაზე.

 

კალაძე “გაზპრომის” წარმომადგენლებს 25 სექტემბერსაც შეხვდა ბრიუსელში. ენერგეტიკის სამინისტრომ მაშინ განაცხადა, რომ ამ შეხვედრაზე განიხილეს 2015-16 წლების ზამთრის სეზონთან დაკავშირებული მოსამზადებელი სამუშაოები და საუბარი ასევე შეეხო სომხეთში გაზის ტრანზიტის საკითხებს. ორი დღის შემდეგ კი ამ საკითხზე კალაძემ ასეთი კომენტარი გააკეთა: „სამუშაო შეხვედრა იყო, თქვენ იცით, რომ ჩვენ, გაზის ტრანსპორტირების სახელმწიფო კომპანია ყოველ წელს ვაფორმებთ ხელშეკრულებას გაზპრომთან საქართველოში გაზის შემოტანაზე. ასეთი შეხვედრები ყოველ წელს იმართება”.

 

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა დღეს კიდევ ერთხელ გაიხსნება ბრიუსელში გამართული შეხვედრის დეტალები:

 

“ბრიუსელში შეხვედრაზე, რომელიც იყო გამართული, ჩვენ დავსვით საკითხი იმასთან დაკავშირებით, რომ ის მოცულობები, რომელიც დღეს ამ მილსადენში გადის სომხეთის მიმართულებით, რომ იყოს გაზრდილი, რადგანაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის, რომ ეს მილსადენი რაც შეიძლება მაქსიმალურად იყოს დატვირთული, რადგან ამ შემთხვევაში ჩვენ უფრო მეტი საშუალება გვექნება დამატებითი მოცულობები მივიღოთ და ასევე, თუ კომერციულ კომპანიებს ექნებათ სურვილი და შესაძლებლობა, მათ შეუძლიათ ბუნებრივი აირი ასევე წამოიღონ რუსეთიდან,” – განაცხადა კახა კალაძემ.

 

განმარტებები რუსეთიდან გაზის მიწოდების შესაძლო გაზრდის თაობაზე დღეს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილმაც გააკეთა:

 

“ჩვენ უნდა გამოვიდეთ პრაგმატული ინტერესებიდან და უნდა გავმიჯნოთ ამ შემთხვევაში პოლიტიკა და ეკონომიკა. აქ მთავარი საკითხი არის ის, რომ ჩვენ დივერსიფიცირებულები ვართ გაზის მოწოდების მხრივ, ჩვენ გვაქვს როგორც საკუთარი ტრანზიტული რესურსები, ასევე გვყავს აზერბაიჯანი, როგორც გრძელვადიანი სტრატეგიული პარტნიორი. თუკი გაზპრომიდან იქნება კომერციულად გამართლებული შემოთავაზება, რომელიც ჩვენ წაგვადგება და ჩვენს ეკონომიკას წაადგება და ეს არ დააზიანებს ჩვენ გრძელვადიან პარტნიორულ ურთიერთობებს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან, ამაში მისასალმებელის გარდა, არაფერი არ არის”.

 

“გაზპრომიდან” საქართველოსთვის გაზის მიწოდების საკითხის გააქტიურებაზე არაერთი სტატია გამოქვეყნდა აზერბაიჯანის მედიაში. “გაზპრომი და სოკარი გაზის ომს იწყებენ საქართველოსთვის” – ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას გამოცემა haqqin.az. გამოცემა იუწყება, რომ აზერბაიჯანული “სოკარი” საქართველოს გაზის ბაზრის 90%-ს იკავებს და საქართველოს მთავრობამ, როგორც ჩანს, გადაწყვიტა დაასრულოს ამ ბაზარზე აზერბაიჯანული მონოპოლია. გამოცემა, ასევე, რამდენიმე სტატისტიკურ მონაცემს აქვეყნებს: რუსეთი საქართველოს გაზს აწვდის იმ გადასახადის სახით, რაც დაწესებულია აზერბაიჯანში გაზის ტრანზიტისთვის. რუსესა და საქართველოს შორის შეთანხმებით, 1000 კუბურ მეტრზე ფასი 110 აშშ დოლარს შეადგენს, თუმცა 2016 წლის 1 იანვრიდან რუსეთი თავის გაზს სომხეთისთვის 189-დან 165 აშშ დოლარამდე აიაფებს. საქსტატის მონაცემებით კი, აზერბაიჯანული გაზი გაცილებით იაფი უჯდება საქართველოს: 2014 წელს საქართველომ შეისყიდა 250 მლნ კუბური მეტრი გაზი “შაჰდენიზი 1” საბადოდან 55 დოლარად და 500 მილიონი ტონა “შაჰდენიზი 2” საბადოდან 64 დოლარად.

 

რა მიზანს ემსახურება “გაზპრომის” გააქტიურება საქართველოში და რა სარგებელს მიიღებს ამით ქვეყანა? საქართველოს ეკონომიკის მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, “ქვეყნისთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია, რომ იყოს დივერსიფიკაცია ყველაფერში, როგორც ექსპორტში, ასევე იმპორტში”.

 

აზერბაიჯანის მედია კი იუწყება, რომ “გაზპრომის” ერთ-ერთი მსხვილი კერძო აქციონერია საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც აქვს ამ კომპანიის აქციების 1%. ბიძინა ივანიშვილმა გაზპრომის აქციებზე 2012 წელს გასცა მედიას პასუხი: “ოდესღაც, 7-8 წლის წინათ, მართლაც მქონდა პორტფელში „გაზპრომის“ აქციების 1%-მდე, რაც გავაორმაგე და მნიშვნელოვანი სარგებლით გავყიდე. ახლაც შეიძლება მქონდეს პორტფელში 10 ან 20 მილიონის აქციები, მაგრამ ამ ინფორმაციას ოპერატიულად არ ვაკონტროლებ, რადგან ამა თუ იმ ემიტენტის აქციების პორტფელში ქონა დამოკიდებულია იმ მენეჯერზე, რომელიც პორტფელს მართავს,“ – განაცხადა ივანიშვილმა. მანვე განმარტა, რომ დღეს შეიძლება პორტფელში იყოს ამა თუ იმ ემიტენტის 50 მილიონამდე დოლარის აქციები, ხვალ – აღარც ერთი ცენტის: „ეს ჩვეულებრივად, პორტფელის მართვის სტრატეგიის შესაბამისად ხდება. თუმცა ვიცი, რომ ამჟამად რომელიმე მსხვილი ემიტენტის აქციების მსხვილ პაკეტს, სამწუხაროდ, არ ვფლობ“. 

გაზპრომის სათაო ოფისი მოსკოვში
გაზპრომის სათაო ოფისი მოსკოვში

მასალების გადაბეჭდვის წესი