ახალი ამბები

მთავრობამ ცოტნე გამსახურდიას მიმართ საქმის სამართლიანი განხილვის უფლების დარღვევა აღიარა

9 ოქტომბერი, 2015 •
მთავრობამ ცოტნე გამსახურდიას მიმართ საქმის სამართლიანი განხილვის უფლების დარღვევა აღიარა

“საჩივარი შეეხებოდა მომჩივნის, ც. გამსახურდიას მსჯავრდებას სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სამკურნალო დაწესებულებაში ყოფნის დროს დაწესებულების თანამშრომელისათვის ქრთამის მიცემის ფაქტზე. აღნიშნულ საქმეზე გამოძიება სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტმა აწარმოა. ეროვნული სასამართლოების წინაშე მომჩივანი ამტკიცებდა, რომ მის მიმართ სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომელთა მხრიდან ადგილი ჰქონდა დანაშაულის პროვოკაციას, თუმცა ეროვნულმა სასამართლოებმა აღნიშნული განცხადება შეფასების მიღმა დატოვეს. საია ევროპულ სასამართლოში მომჩივნის მიმართ კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის (საქმის სამართლიანი განხილვის უფლება) დარღვევის დადგენას მოითხოვდა.


2015 წლის 15 იანვარს ევროპულმა სასამართლომ საქართველოს მთავრობას კონვენციის მე-6 მუხლთან დაკავშირებით წერილობითი ახსნა-განმარტების წარდგენა მოსთხოვა. 2015 წლის 7 მაისს საქართველოს მთავრობამ წარადგინა ცალმხრივი დეკლარაცია, რომელსაც მომჩივანი დათანხმდა.


საქართველოს მთავრობამ, წარდგენილი ცალმხრივი დეკლარაციის თანახმად, აღიარა კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევა მომჩივნის მიმართ, რადგან მომჩივნის სისხლის სამართლის საქმის განხილვის დროს ეროვნულმა სასამართლოებმა არ მიაქციეს ყურადღება ც. გამსახურდიას პრეტენზიას დანაშაულის პროვოკაციასთან დაკავშირებით. ასევე, მთავრობის განმარტებით, ის ფაქტი, რომ მომჩივნის სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება აწარმოა სასჯელაღსრულების სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტმა, არ შეესაბამებოდა კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის მოთხოვნებს. ამასთან, სახელმწიფომ ც. გამსახურდიას სასარგებლოდ დარღვეული უფლების კომპენსაციის მიზნით 2, 500 ევროს გადახდის ვალდებულებაც აიღო”, – ნათქვამია საიას განცხადებაში და აღნიშნულია, რომ ევროპული სასამართლოს განჩინების საფუძველზე ცოტნე გამსახურდიას ეძლევა შესაძლებლობა, მიმართოს ეროვნულ სასამართლოს ახლად გამოვლენილი გარემოების საფუძველზე და ეროვნული სასამართლოების მიერ მის სისხლის სამართლის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების ხელახალი გადასინჯვა მოითხოვოს.


ცოტნე გამსახურდია © რადიო თავისუფლება
ცოტნე გამსახურდია © რადიო თავისუფლება


ცოტნე გამსახურდიამ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს საჩივრით 2012 წლის 17 ივლისს მიმართა. მომჩივნის ინტერესებს ევროპული სასამართლოს წინაშე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია წარმოადგენს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი