ახალი ამბები

ბრიუსელში ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას არ გამორიცხავენ – იოზვიაკი

9 მაისი, 2024 •
ბრიუსელში ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას არ გამორიცხავენ – იოზვიაკი

რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს რედაქტორის, რიკარდ იოზვიაკის ცნობით, არ არის გამორიცხული, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან ვიზალიბერალიზაცია შეაჩეროს.

ამის შესახებ იოზვიაკი X-ზე წერს. მისი თქმით, გუშინ, 8 მაისს, ბრიუსელში ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩების დონეზე კიდევ ერთხელ განიხილეს საქართველოში არსებულ ვითარება.

„ევროკავშირის ელჩებმა გუშინ ისევ იმსჯელეს საქართველოზე, მათ შორის პოტენციური ზომებზე იმ შემთხვევისთვის, თუ უცხოეთი აგენტების შესახებ კანონს მიიღებენ. ვიზალიბერალიზაციის შეჩერება არ არის გამორიცხული. ყველაფერი მაგიდაზეა“, – წერს იოზვიაკი.


„ქართული ოცნების“ მიერ ერთი წლის წინ დადებული პირობის გატეხას და რუსული კანონის ხელმეორედ დაინიციირებას საზოგადოების პროტესტი მოჰყვა. კანონპროექტის პარლამენტში განხილვის დაწყების დღიდან უწყვეტი საპროტესტო აქციები იმართება როგორც თბილისში, ისე სხვა ქალაქებში. ამდენივე ხანია, დასავლელი პარტნიორები საქართველოს ხელისუფლებას აფრთხილებენ, რომ კანონის მიღება ხელს შეუშლის საქართველოს ინტეგრაციას ევროკავშირში.მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების შემზღუდავი რუსული კანონპროექტი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის“, ხოლო ფონდებს, მათ შორის, აშშ-ის, ევროკავშირისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, „უცხოური ძალის“ სტატუსებს ანიჭებს. მსგავსი კანონის რუსეთში მიღების შემდეგ ქვეყანაში ფაქტობრივად გაქრა დამოუკიდებელი მედია და სამოქალაქო სექტორი. ამ რეგულაციას აქტიურად იყენებენ კერძო პირების დასასჯელადაც, რის გამოც ათასობით ადამიანი ემიგრაციაში წავიდა.

საზოგადოებისთვის „რუსული კანონის“ სახელით ცნობილი დოკუმენტი საქართველოს პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე 83 ხმით, უკვე მეორე მოსმენითაც მიიღო პირველ მაისს. ამის შემდეგ პროცედურით გათვალისწინებულია იურიდიულ კომიტეტზე მესამე მოსმენით კენჭისყრა, შემდეგ კი კვლავ სესიაზე — მესამე მოსმენით. აღნიშნულის შემდეგ კანონის ძალაში შესასვლელად საჭიროა პრეზიდენტის ხელმოწერა, რომელმაც თქვა, რომ კანონს ვეტოს დაადებს. ამის შემდეგ, დიდი ალბათობით, „ოცნების“ უმრავლესობა ვეტოს დაძლევას შეეცდება, რის შემდეგაც საბოლოოდ შევა ძალაში.

“საქართველოს კანდიდატის სტატუსი უნდა შეუჩერდეს” – 31 ევროპარლამენტარი ბორელს მიმართავს

მასალების გადაბეჭდვის წესი