ახალი ამბები

უკონტროლო მიგრაცია უდიდესი საფრთხეა ევროპული ქვეყნების ეროვნულ იდენტობისთვის — კობახიძე

25 აპრილი, 2024 • 780
უკონტროლო მიგრაცია უდიდესი საფრთხეა ევროპული ქვეყნების ეროვნულ იდენტობისთვის — კობახიძე

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, უკონტროლო მიგრაცია უდიდეს საფრთხეს უქმნის ევროპული ქვეყნების ეროვნულ იდენტობას.

ამის შესახებ მან დღეს, 25 აპრილს, უნგრეთში კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების ყოველწლიურ კონფერენციაზე (CPAC) სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

კობახიძის თქმით, თუ პროცესები არსებული ტემპით გაგრძელდება, არაერთ ევროპულ ქვეყანაში ადგილობრივი მოსახლეობა ძალიან მალე უმცირესობით იქნება წარმოდგენილი.

კობახიძემ სიტყვით გამოსვლის ძირითადი ნაწილი ჰომოფობიურ განცხადებებსა და ლიბერალიზმის კრიტიკას დაუთმო.

როგორც მან აღნიშნა, ყველასთვის მისაბაძია უნგრეთის პრინციპულობა ქვეყნისა და მისი მოსახლეობის ეროვნული ინტერესების დაცვის თვალსაზრისით.

„უნგრეთის ხელისუფლება, პირადად პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი, მტკიცედ დგანან უნგრეთის ეროვნული და რელიგიური იდენტობისა და ტრადიციული ღირებულებების სადარაჯოზე. მიუხედავად ურთულესი გამოწვევებისა, თქვენ არ დაუშვით უნგრეთში მიგრანტების უკონტროლო შემოსვლა, რითაც ქვეყანას შეუნარჩუნეთ მყარი ეროვნული იდენტობა. თქვენ მტკიცედ დგახართ უნგრეთში ქრისტიანობისა და ქრისტიანული ფასეულობების სადარაჯოზე. თქვენ მტკიცედ უპირისპირდებით ე.წ. ლიბერალურ პროპაგანდას, რათა არ დაუშვათ ბავშვებზე და ახალგაზრდებზე მავნე ზემოქმედება და მათი მორალური ღირებულებების შერყევა. თქვენ მყარად იცავთ უნგრეთის სახელმწიფო სუვერენიტეტს, რაც ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვისა და რეალიზების აუცილებელი პირობაა.

უნგრეთი და მისი ხელისუფლება, პირადად პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი, არიან მისაბაძი მაგალითი ყველასთვის, ვისთვისაც სიტყვა სამშობლოს და პატრიოტიზმს განსაკუთრებული ფასი აქვს. შესაბამისად, ჩემთვის განსაკუთრებული პატივია, რომ დღეს ვარ თქვენი სტუმარი და თქვენთან ერთად ჩვენს საერთო ღირებულებებზე მსჯელობის შესაძლებლობა მაქვს“, — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ოპონენტები სწორედ ემიგრაციის მაღალი მაჩვენებლის გამო აკრიტიკებენ. ბოლო წლებში საქართველოს ემიგრაციის მაჩვენებლები შემდეგია: 2018 წელს საქართველო 98 935-მა ადამიანმა დატოვა, 2019 წელს — 105 107-მა, 2020 წელს — 74 264-მა, 2021 წელს — 99 974-მა, ხოლო 2022 წელს — 125 269-მა. ემიგრანტთა დიდი ნაწილი საცხოვრებლად სწორედ ევროპის ქვეყნებს ირჩევს.

ამასთან, 2019 წელს „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი  ბიძინა ივანიშვილი ქართველებს დასაქმებას არა საქართველოში, არამედ უცხოეთში ჰპირდებოდა.


კონსერვატიული პოლიტიკური სამოქმედო კონფერენცია (CPAC) არის 1974 წელს აშშ-ში დაფუძნებული კონსერვატორთა ყოველწლიური შეკრება. ევროპაში კი CPAC მეორე წელია უნგრეთში ტარდება. შარშან ბუდაპეშტში კონფერენციას უმასპინძლა „ფუნდამენტურ უფლებათა ცენტრმა“.

შარშან CPAC-ში მონაწილეობის გამო ირაკლი ღარიბაშვილს აკრიტიკებდა ევროპაში „ქართული ოცნების“ იმჟამინდელი პარტნიორი ევროპის სოციალისტური პარტია (PES) და ამის გამო „ოცნებასთან“ პარტნიორობის გადახედვაც განიხილეს. თუმცა საბოლოოდ, „ქართულმა ოცნებამ“ ევროპის სოციალისტური პარტიას გადაწყვეტილების მიღება თავად დაასწრო და მათთან პარტნიორობა შეწყვიტა.

მასალების გადაბეჭდვის წესი