ახალი ამბები

ივანიშვილი ქართველებს დასაქმებას არა საქართველოში, არამედ უცხოეთში ჰპირდება

28 ნოემბერი, 2019 • 5213
ივანიშვილი ქართველებს დასაქმებას არა საქართველოში, არამედ უცხოეთში ჰპირდება

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე და ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ 2 მილიონ სამუშო ადგილს უახლოეს 20 წელიწადში საქართველოში ვერც ერთი ეკონომიკა ვერ შექმნის და მიაჩნია, რომ გამოსავალი ევროპის განვითარებულ ქვეყნებში ლეგალურად დასაქმების შესაძლებლობის შექმნაა.

ივანიშვილის თქმით, ხელისუფლება ამაზე აქტიურად მუშაობს და ვარაუდობს, რომ 2-3 წელიწადში ეს შესაძლებელი იქნება:

“ჩვენ შეგვიძლია და უკვე აქტიურად ვმუშაობთ ამაზე ევროპის განვითარებულ ქვეყნებთან. როგორც სახელმწიფო, ვაფორმებთ კონტრაქტებს და მივდივართ ამაზე, რომ შევავსოთ ის დეფიციტი, რა დეფიციტიც ევროპელებს აქვთ. მათ აქვთ სამუშო ადგილები, აკლიათ სამუშაო ძალა. ჩვენ არ გვაქვს სამუშაო ადგილები, ესაა ჩვენი ძირითადი პრობლემა. გაიხსენეთ პოლონეთი, ბალტიისპირეთის სამი ქვეყანა, ბულგარეთი – ასეთივე გაცლილია, როგორც საქართველო.

სხვაობა ეკონომიკური ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორისაც არის. შესაბამისად, სადაც მაღალია ხელფასები, იქ გადაედინება მუშახელი. მაგრამ ცივილიზებულად ხდება ეს, ისინი არ არიან ღირსებაშელახულები. ლიტველი რომ მიდის გერმანიაში სამუშაოდ, ჯდება ტრანსპორტზე და ბრუნდება, როცა უნდა უკან”, – ამბობს ივანიშვილი.

მისი თქმით, ქართველი ემიგრანტები, რომლებიც საზღვარგარეთ არალეგალურად არიან დასაქმებულნი და ამის გამო სამშობლოში დაბრნებას და ოჯახთან კომუნიკაციას ვერ ახერხებენ, შესაძლოა ამ გზით დაბრუნდნენ და უფრო მაღალანაზღაურებად სამუშაოზე ევროპაში ლეგალურად წავიდნენ:

“პრობლემა იმაშია, რომ [ქართველები] არალეგალურად არიან დასაქმებული აბსოლუტური უმრავლესობა. შესაბამისად, სამშობლოში დაბრუნებას ვერ ახერხებენ და არიან ღირსებაშელახულები. ჩვენ დავიწყეთ აქტიურად, გერმანიასთან შეიძლება რამდენიმე ასეული უკვე შემდეგ გაზაფხულზე მოვახერხოთ და გავუშვათ სეზონურ სამუშაოზე. 2-3 წელიწადში, პრინციპში, ეს არის დალაგებადი, რომ ჩვენ ხელშეკრულებები გავაფორმოთ.

თუ ჩვენ მოვახერხებთ, რომ ქვეყნებთან, გერმანია, საფრანგეთი და სხვა განვითარებული ქვეყნები, გადავამზადებთ პროფესიებს აქ, ჩვენს სასწავლებლებში უფასოდ და რაც სჭირდებათ ზუსტად, მინიმალური ენის კომპეტენცია, რაც სჭირდებათ და ა.შ. მივავლენთ სამუშაოდ”, – ამბობს ივანიშვილი.

ექსპრემიერი ფიქრობს, რომ 2-3 წელიწადში შესაძლებელი იქნება, ყველამ იპოვოს სამსახური, ვისაც ამის სურვილი ექნება და მისი თქმით, ზოგი მიუნხენში იმუშავებს, ზოგი – ქუთაისში:

“2 მილიონ სამუშო ადგილს ვერც 10 და 20 წელიწდში ვერც ერთი ეკონომიკა საქართველოში ვერ შექმნის, რეალური გამოსავალი ეს არის. ჩვენ თუ ამას მოვახერხებთ, ღარიბ ქვეყნებში გახიზნული ჩვენი თანამოქალაქეები შეიძლება დაბრუნდნენ და უფრო მაღალანაზღაურებად სამუშოზე წავიდნენ. მე ვფიქრობ, 2-3 წელიწადში, გარანტიებს ვერ ვიძლევი ამაზე, მაგრამ აბსოლუტურად რეალურია ჩვენ ძირითადად მივიღოთ ბალანსი.

დაახლოებით ისე, როგორც ზემო იმერლები, ჩვენ ღარიბი მიწები გვქონდა, ზამთარში მივდიოდით და გურიაში და სამეგრელოში ვმუშაობდით. იცით, რაჭველები და სხვანები ჩამოდიოდნენ, მაგრამ ისინი არ იყვნენ თავმოყვარეობაშელახული ხალხი. 2-3 წელიწადში ყველა ჩვენი მოქალაქე, ვისაც უნდა მუშაობა, შეგვიძლია, რომ დასაქმდეს ღირსეულად. ზოგი მიუნხენში იმუშავებს, ზოგი – ქუთაისში” ,- ამბობს ივანიშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი